“დილით ერთს მოეფერები, საღამოს მეორის საფლავზე წახვალ” – მოძღვარი, რომელსაც ტრაგედიიდან 17 წლის შემდეგ შვილი მიეცა
გადაცემაში – “რელიგიური საკითხები გიორგი დარასელიასთან ერთად” – სტუმრად მყოფმა მამა დავით წულეისკირმა საკუთარ განსაცდელზე ისაუბრა. მოძღვარს 18 წლის წინ, 16 იანვარს, ვაჟი გარდაცვლია, 17 წლის შემდეგ კი, შეეძინა ქალიშვილი. აი, როგორ ანუგეშებს ის დიდი მწუხარების მქონე ადამიანებს.
მამა დავით წულეისკირი: დღევანდელ დღეს ჩემი შვილის გარდაცვალების დღეა… ეს იყო 18 წლის წინ. გიორგი 2007 წლის შობა დღეს დაიბადა და გიორგობას მოვნათლე. მაშინ ერისკაცი ვიყავი. როდესაც 16 იანვარს აღესრულა, მაშინ სასულიერო პირმა მითხრა: შენ მის შეწევნას იგრძნობ ღვთის წინაშეო. მისი გარდაცვალების გამო არ იტირო, შენ შენი ცოდვების გამო იტირეო.
რამდენიმე თვეში მოძღვრის კურთხევით გავხდი სტიქაროსანი. იმ წელს ჩავაბარე სასულიერო სემინარიაში. მას შემდეგ, 17 წელი არ მყავდა შვილი. თვე ნახევრის წინ შემეძინა პატარა დედოფალი. 17 წელი ამ მოლოდინში ვიყავი. და მთელი ეს პერიოდი, 16 იანვარი, ჩემი უფროსი შვილის გარდაცვალების დღე, ჩემთვის იყო უმძიმესი, მაგრამ წლევანდელ წელს, ამ სიმძიმეს სხვა ნუგეშით შევხვდი. დღევანდელ დღეს რომ გავიღვიძე და პატარა დედოფალს დავხდე, ჩემი მდგომარეობა ცოტათი შემსუბუქდა.
ღმერთს მადლობა ვუთხარი ყველაფრისთვის. როგორი რთულია ამ დროს მადლობა, ხო? დილით ერთს მოეფერები, საღამოს მეორის საფლავზე წახვალ. მაგრამ გიორგის დანახვის სურვილი მაძლევს იმის საშუალებას, ვიბრძოლო ბოლომდე, რომ მივიდე იქ, სადაც ის გველოდება… ყველას ასე ვანუგეშებ – ღმერთმა ყველა ისე გვაცხოვროს, სადაც ჩვენი მიცვალებულები გვეგულებიან, იქ მივიდეთ ჩვენი ცხოვრების წესით. განსაცდელები დაჯილდოვდება. მიენდე უფალს. მთავარი ესაა.
ჩემი ცხოვრების სიმძიმეს იტანდა ჩემი მეგობრები, მამები, ძმები, ნაცნობები. მათმა ლოცვამ და შეწევნამ წლების შემდეგ ნაყოფი გამოიღო. მადლობა ყველას.
ვფიქრობდი, ახლა ეს მეთქვა თუ არა. მაგრამ იქნებ ნუგეში იყოს ვინმესთვის…
ყველას სიხარულს, გაბევრებას და გამრავლებას ვუსურვებ. გულში გეფერებით სულ ყველას. გაბევრდეს ქართველი ერი მადლითა და წყალობით… მშვიდობიანი წელი, ქრისტეშობა და ნათლისღება მრავალჟამიერ.