ლას-ვეგასში, კლუბ XS Nightclub-ში ჯასტინ ბიბერის ორეული გამოვიდა. როგორც TMZ იუწყება, მან ადგილობრივი დიჯეის, პერსონალისა და დარბაზში მყოფი მაყურებლების მოტყუება მოახერხა.
მომღერლის ორეული ბლოგერი დილან დესკლოსი აღმოჩნდა, რომელიც თავის სოციალურ ქსელებში აქვეყნებს ვიდეოებს, სადაც კანადელი მუსიკოსის სიმღერებზე მღერის და ცეკვავს. ის დაუკავშირდა დიჯეი გრიფინს, რომელიც იმ საღამოს კლუბში უკრავდა, თავი ბიბერად გააცნო და სცენაზე რამდენიმე ტრეკის შესრულება შესთავაზა.
შემდეგ ბიბერის ორეულმა და მისმა „გუნდმა“ კლუბის წარმომადგენლები დაარწმუნეს, რომ მათ წინ ნამდვილი მუსიკოსი იდგა. საბოლოოდ, დესკლოსი სცენაზე ავიდა და მომღერლის რამდენიმე ჰიტის შესრულებაც კი მოასწრო, სანამ თაღლითობა გამოაშკარავდებოდა. ბლოგერი დაწესებულებიდან გაიყვანეს და სამუდამოდ კლუბის შავ სიაში შეიყვანეს.