“ყოველთვის მივდივარ დასახულ მიზნამდე დიდი შრომითა და პასუხისმგებლობით, წარმატების ფორმულა ამის გარეშე არ გამოდის”

111

„მე მიყვარს ადამიანები, ეს არის მთელი ჩემი ცხოვრების კრედო, რაც ძალიან მეხმარება საქმეშიც და პირად ურთიერთობებშიც“, – ასე დაიწყო ჩვენთან საუბარი ქალბატონმა ნანა სარიშვილმა, რომელიც იმ წარმატებულ ქალთა შორისაა, ვისი ცხოვრების გზაც, ბევრ სირთულესთან ერთად, დიდ გამარჯვებებსაც მოიცავს. ბოლო რამდენიმე წელია, ქალბატონი ნანა ჩართულია სამედიცინო ტურიზმში, თუმცა იქამდე მის ცხოვრებაში ბევრი სხვადასხვა ეტაპი იყო. მისი „შრომის წიგნაკი“ საკმაოდ მრავალმხრივი და მრავალპროფილურია, ალბათ, ამიტომაც ქალბატონ ნანას ბათუმში, აჭარაში და მთელ საქართველოში თითქმის ყველა იცნობს, რასაც თავად ლიდერული თვისებებითა და კომუნიკაბელურობით ხსნის. როგორ დაიწყო პროფესიით ფსიქოლოგი ქალბატონის გზა და რა არის მისი წარმატების ფორმულა, ამის შესახებ ქალბატონი ნანა თავად გიამბობთ.

ნანა სარიშვილი: პროფესიით ფსიქოლოგი ვარ, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სკოლაში დავიწყე მუშაობა. საკმაოდ წარმატებული პედაგოგიური კარიერა მქონდა, ჩემი ხასიათის წყალობით აქტიურად ვიყავი ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაშიც. პარალელურად, ძალები ტურიზმშიც მოვსინჯე, რაც მაშინ ახალი ხილი იყო. ჩემს შრომით ბიოგრაფიაში არის პერიოდი, რომელიც ბათუმის საბაჟო ტერმინალზე გავატარე. გარკვეული პერიოდი, ასევე, ვიმუშავე ტრანსპორტის სფეროში – ვიყავი სატრანსპორტო კომპანია „ტრანსავტოს“ დირექტორი. ამის შემდეგ სამმა ადამიანმა დავაფუძნეთ საქველმოქმედო ფონდი „კეთილსოფელი“, რომლის ფარგლებშიც, უკვე 13 წელია, სხვადასხვა საინტერესო პროექტს ვახორციელებთ. დღეს მე წარმოვადგენ კომპანია „მეტროს“, რომლის დამფუძნებელია გალიფ ოზ თურქი. ეს კომპანია წლებია, აქტიურად ფუნქციონირებს.

– მრავალფეროვანი და მრავალპროფილური შრომითი ბიოგრაფია გაქვთ. არის საქმიანობა თქვენს „შრომის წიგნაკში“, რომლის მიმართაც განსაკუთრებულად ხართ განწყობილი?

– ჩემთვის არასდროს ყოფილა პრობლემა ახალი საქმეების წამოწყება. ვფიქრობ, რომ ადამიანის შესაძლებლობები ამოუწურავია, მთავარია სურვილი და ნება – აკეთო საქმე. ყველა იმ საქმეში, რომელიც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ვაკეთე, სულსა და გულს ვდებდი. მაგალითად, ძალიან დიდ ენერგიას ვდებ საქმეში, რომელსაც ბოლო რამდენიმე წელია, ვუძღვები. ეს არის სამედიცინო ტურიზმი. ვარ სადაზღვევო კომპანია „გრინჯორჯიას“ წარმომადგენელი აჭარაში. უკვე სამი წელია, ვმუშაობ საერთაშორისო ასოციაციაში – „ერთმანეთისთვის“, რომლის ხელმძღვანელია პროფესორი მარიამ ბეზარაშვილი. ასოციაციას წარმომადგენლობები ჰყავს სხვადასხვა ქვეყნებში: გერმანიაში, ავსტრიაში, ისრაელში. მე ვარ ამ ასოციაციის ერთადერთი და ექსკლუზიური წარმომადგენელი თურქეთის წამყვან კლინიკათა ქსელებში. ჩვენ არ ვთანამშრომლობთ ყველასთან, არ ვთანამშრომლობ რიგით ექიმებთან, მხოლოდ სტამბოლისა და სამსუნის წამყვან კლინიკებთან და თურქეთში ცნობილ, მაღალი კლასის პროფესორებთან გვაქვს კავშირი.

– როგორია თქვენი მუშაობის მექანიზმი?

– რაც შეეხება ჩვენი მუშაობის მექანიზმს, ჩვენთან მომართვის შემდეგ, პირველ რიგში, დგება პაციენტის სწორი ანამნეზი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სწორი ანამნეზით პაციენტი ზოგავს თანხებს და დროს თურქეთში. ჩვენთან სწორი ანამნეზის მომზადებაში ჩართული არიან სხვადასხვა პროფილის ცნობილი ქართველი ექიმები. ჩვენი კატეგორიული მიდგომაა, რომ პაციენტი თურქეთის კლინიკაში მოხვდეს არა check up-ის პრინციპით, არამედ დაზუსტებული, კვალიფიციური ანალიზი გაიგზავნოს თურქეთში და წინასწარ სწორად იყოს განსაზღვრული კლინიკა, კონკრეტული პროფესორი და ასე შემდეგ. ჩემი მთავარი მიზანია, პაციენტი აღმოჩნდეს სწორედ იმ კლინიკაში, რომელიც მისთვის საჭიროა. ეს დამზოგავია პაციენტისთვის, რადგან მას არ უწევს წასვლა გაურკვეველ ვითარებაში. ძალიან დიდი დრო დამჭირდა იმისთვის, რომ შემესწავლა სამედიცინო ტურიზმი.

– ემოციურად იოლი არ იქნება ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებთან და მათ ახლობლებთან საქმიანი კომუნიკაცია.

– ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ეს არის ურთულესი გზა, რომელსაც პაციენტებთან და მათ ახლობლებთან ერთად გავდივართ. ემოციურად არ არის მარტივი ის, რასაც დღეს ვაკეთებ, ამიტომაც განსაკუთრებით მიხარია, რომ ამ წლებში საკმაოდ ბევრი წარმატება მოვიპოვეთ. ამაზე მეტყველებს იმ პაციენტთა გაზრდილი ნაკადი, ვინც ჩვენ მოგვმართავს, თუმცა ჩვენი მთავარი წარმატება მაინც თითოეული გადარჩენილი სიცოცხლეა.

ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ პაციენტებს შევუქმნათ სრული კომფორტი, საქართველოს ან უცხოეთის რომელ წერტილშიც არ უნდა იყოს, თუ პაციენტს დახმარება სჭირდება, ამას ჩვენი რეანიმაციული ბრიგადით უზრუნველვყოფთ. ამისთვის ვთანამშრომლობდით ორგანიზაციასთან, რომელსაც ჰყავს რეანიმობილები როგორც სახმელეთო, ასევე, საავიაციო. მათთან ჩვენ გვაქვს ექსკლუზიური პირობები. გვაქვს პალიატიური გუნდიც, რომელიც ემსახურება პაციენტს სახლის პირობებშიც კი.

– ასეთი აქტიური საქმიანი რეჟიმის მიღმა როგორია თქვენი ცხოვრება?

– ჩემი დატვირთული, საქმიანი რეჟიმის ფონზე ისეთი აქტიური და საინტერესო ცხოვრება მაქვს, ყველას უკვირს, ამას როგორ ახერხებო? (იცინის) ვარ ორი ვაჟკაცის დედა და ხუთი შვილიშვილის ბებია, რაც არ უნდა ხდებოდეს, ყოველთვის ვიცი, სად და როგორ არიან ჩემი შვილები და შვილიშვილები. ოჯახი ჩემი ცხოვრების მთავარი არსია. ძალიან მიყვარს ჩემი მეგობრები, ვამაყობ, რომ მყავს საოცარი სამეგობრო. მიყვარს მათთან ერთად მოგზაურობა. ხასიათით ვარ ლიდერი და ეს ყველაფერზე აისახება. მე ასეთი ვარ. ყოველთვის მინდოდა აქტიური ცხოვრება. ყოველთვის მივდივარ დასახულ მიზნამდე დიდი შრომითა და პასუხისმგებლობით. წარმატების ფორმულა ამის გარეშე არ გამოდის.