“ბოლო თვეებში ვიღებდი მუქარას, რომ ფინანსური მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში გავრცელდებოდა ოჯახური ძალადობის შესახებ ცრუ ბრალდებები“
UFC-ის ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია მისი პირადი ცხოვრების შესახებ საჯარო განცხადებას პირველად ავრცელებს.
თოფურიას პირად ცხოვრებაში დრამატული ცვლილებებია – ესპანურ და საერთაშორისო მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ილიას მეუღლე, ჯორჯინა უზტუგაიტი ბადელი განქორწინებაზე სარჩელით მიმართავს სასამართლოს და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თოფურიას ქონების 50%-ის დაუფლებას აპირებს.
ამასთან დაკავშირებით “მატადორი“ “ინსტაგრამზე“ საჯარო მიმართვას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნავს, რომ მის წინააღმდეგ გავრცელებული ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება და ამის დასამტკიცებლად სასამართლოს მიმართავს.
“ბოლო რამდენიმე კვირაა მივიღე რთული გადაწყვეტილება, დროებით გადავდო ჩემი ტიტულის დაცვა. ეს გადაწყვეტილება მარტივად არ მიმიღია. თუმცა, როდესაც ჩნდება გარემოებები, რომლებიც საფრთხის ქვეშ აყენებს შენს ღირსებას, ოჯახს და რეპუტაციას, დგება მომენტი, როდესაც ამას პირადად უნდა გაუმკლავდე.
ბოლო თვეებში ვიღებდი მძიმე და მიუღებელ ზეწოლას, მათ შორის მუქარას, რომ ფინანსური მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, გავრცელდებოდა ოჯახური ძალადობის შესახებ ცრუ ბრალდებები. ეს ბრალდებები სრულიად უსაფუძვლოა.
ყველა შესაბამისი მტკიცებულება საგულდაგულოდ არის შენახული და დოკუმენტირებული, მათ შორის აუდიოჩანაწერები, წერილობითი კომუნიკაცია, მოწმეების ჩვენებები და ვიდეომასალა. ეს მტკიცებულებები გადაეცა შესაბამის სამართლებრივ ორგანოებს, რათა დაიწყოს სამართლებრივი პროცესი გამოძალვის მცდელობის, მტკიცებულებების გაყალბების, ფინანსური და პირადი ქონების მითვისებისა და მრავალჯერადი მუქარის ფაქტებზე.
ჩემი თავდაპირველი გადაწყვეტილება დუმილის შენარჩუნების შესახებ მიღებული იყო მხოლოდ ჩემი შვილების დასაცავად, რომლებიც ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. თუმცა გავაცნობიერე, რომ ასეთ პირობებში დუმილი სიმართლეს არ იცავს – ეს ცრუ ნარატივების გავრცელების საშუალებას იძლევა.
ბევრ ადამიანს გამოუცდია მსგავსი სიტუაციები და სამართლებრივმა სისტემამ არაერთხელ ნათელი მოჰფინა ფაქტებს. დღეს ვდგავარ არა მხოლოდ ჩემი და ჩემი ოჯახის გამო, არამედ იმის საჩვენებლადაც, რომ დაშინების ან მანიპულაციის გამო იძულებით არავის უნდა დაემორჩილო.
ვინც მიცნობს, შეუძლია დაადასტუროს, რომ არასდროს მიმიმართავს რაიმე სახის ძალადობისთვის და რომ ჩემი ცხოვრება და კარიერა ყოველთვის დისციპლინით, პატივისცემითა და ღირსებით იყო წარმართული.
სრულ ნდობას ვუცხადებ სამართლებრივ პროცესს და საშუალებას მივცემ სამართლებრივ სისტემას, მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაადგინოს ფაქტები.
ჩემი შვილებისა და მიმდინარე სამართლებრივი პროცესების პატივისცემის გამო, აღარ გავაკეთებ დამატებით საჯარო განცხადებებს. გთხოვთ, თავი შეიკავოთ სპეკულაციებისგან და პატივი სცეთ ჩემი ოჯახის პირად სივრცეს.
სიმართლეს ხმამაღლა ყვირილი კი არა, ფაქტები სჭირდება”, – აღნიშნულია განცხადებაში.
ვრცელდება ხმები, რომ “მატადორის” დაბრუნება ოქტაგონზე 2026 წლის მარტ-აპრილშია მოსალოდნელი. სპორტული ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ განქორწინების და ქონებრივი დავის პროცესი ილიასთვის სერიოზული გამოწვევა იქნება, რადგან ასეთ დროს ფოკუსირება მომზადებაზე რთულია.
ილია თოფურიასა და ჯორჯინა უზტუგაიტი ბადელს ერთი საერთო შვილი ჰყავთ, რომლის მეურვეობის საკითხიც ასევე განქორწინების პროცესში უნდა გადაწყდეს.