“მიხეილ სააკაშვილს ჩემს ცხოვრებაში ოჯახის წევრის სტატუსი აქვს… რომ დამთავრდება პატიმრობა, მისთვის იქნება ყველაზე საინტერესო ეტაპი ცხოვრებაში, ჩემთვისაც”

84

მომღერალმა სოფო ნიჟარაძემ ჟურნალისტ ვიკა ბუკიასთან გულახდილად ისაუბრობს პირად ამბებზე, რომელსაც აქამდე მალავდა:

“მე ასეთი მიშა სხვა დროს არ მინახავს, სულ სხვანაირია ალისასთან… ალბათ, ამ ასაკში რომ გაუჩნდა, თან გოგოა… მეც კი ვერ წარმომედგინა, რომ მიშა შეიძლება ასე იჯდეს, ალისამ თავზე ბაფთები გაუკეთოს და ეს რაღაც სისულელეებზე ელაპარაკოს დაწვრილებული ხმით. კისერზე შემოისვას და ცხენობანა ეთამაშოს. მე უფრო მაყურებელი ვარ მათთან, რადგან მთელი დრო ის ბავშვთან ურთიერთობს. და ძალიან სიამოვნებს.

სულ ჩართულია, სულ კითხულობს წერილებში ალისას ამბებს. სულ მთხოვს, ჩავრთო რაღაც აქტივობებში, დავაკავო მეტად. უნდა, რომ ცურვაზე იაროს, ციგურებზე, ახალი ენა დაიწყოს…

ძმებთან აქვს ურთიერთობა, ძირითადად უფროს ძმასთან. ნიკუშა სულ წასულია და მოგზაურობს. ედუარდი როდესაც ჩამოდის, ყოფილა ჩვენთან რამდენჯერმე და ძალიან თბილი და კარგი ადამიანია.

ბებიასთანაც ძალიან მეგობრული ურთიერთობა აქვს და სულ უნდა, გაუზიაროს თავისი სიახლეები და მიღწევები, გადაყოლილი ბებიაა.

ალისას მიშას სულსწრაფობა აქვს და მაგას ამოვიღებდი მისი თვისებებიდან, და ჩემგან დავუმატებდი თავშეკავებულობას და თმენის უნარს. იმიტომ, რომ სულსწრაფობის გამო ბევრი შეცდომა მოსდის მიშას. სიფიცხე აქვს კიდევ მიშასი და ამასაც ამოვიღებდი. კარგი აქვს მიშას მსგავსი თვისება, გაწყენინოს და მერე უცებ არ ახსოვს და მოგიბოდიშებს…

საქართველოში ჩამოსვლაც მიშას შეცდომა იყო ამ გადმოსახედიდან, მაგრამ ძალიან უნდოდა. სულ ამბობდა, რომ ესიზმრებოდა პეკინის სახლი, სადაც დაიბადა და გაიზარდა, რომ საოცრად ენატრებოდა აქაური ყველაფერი და მიიღო ეს გადაწყვეტილება… ახლა აღარ მინდა ამაზე ბევრი ლაპარაკი, რომ გამოვა, მერე შემიძლია ვუთხრა რა იყო შეცდომა. ახლა უფრო გამხნევებაა საჭირო ჩვენი მხრიდან.

მე ბედნიერი ვარ, რომ მყავს ალისა. მიუხედავად ბევრი სირთულისა, რაც გარშემო დღესაც მაქვს. მთავარი ბედნიერება მყავს და ეს იმ ყველაფრის, გავლილი ცხოვრების და ტკივილების დამსახურებაა, ამიტომ არაფერს არ შევცვლიდი… ნაწყენი ძალიან ბევრ ადამიანზე ვარ, რა თქმა უნდა, წყენა მიშასთანაც მქონია, მაგრამ მე უფრო ბევრი კარგი მახსოვს, ამიტომ ეს ის მომენტია, რომელზეც მხოლოდ მასთან ვილაპარაკებ, როცა მოვა ამის დრო, მე მჯერა. ან შეიძლება, რაღაც ასაკში მემუარები დავწერო. იქ აუცილებლად დავწერ ჩემს განწყობებზე და გრძნობებზე. და ხალხს რომ გონია, რომ ყველაფერი იცის და სინამდვილეში არაფერი იცის, აი აქ დაიბადება ბესტსელერი.

მიხეილ სააკაშვილს ჩემს ცხოვრებაში ოჯახის წევრის სტატუსი აქვს… რომ დამთავრდება პატიმრობა, მისთვის იქნება ყველაზე საინტერესო ეტაპი ცხოვრებაში. ჩემთვისაც“, – განაცხადა სოფო ნიჟარაძემ.