“14-15 წლისა პროფესორებთან წავიყვანე. მითხრეს, ქალის ჰორმონები აქვს ძალიან მოჭარბებული და ამისგან კაცს ნუ ელოდებიო…”

62

კესარია აბრამიძის დედა, ალისა სირბილაძე (კესო გულისას ეძახდა) გადაცემაში “სხვა ნანუკა” შვილის ბავშვობის შესახებ საუბრობს და ჰყვება, როდის აღმოაჩინა, რომ მისი შვილი განსხვავებული იყო და როგორ მიიღო ეს ფაქტი. თავად კესო ყოველთვის აღნიშნავდა, რომ დედა მისი საუკეთესო მეგობარი იყო და მისი მხარდაჭერის იმედი სულ ჰქონდა.
– კესო იყო ფაქიზი, ნატიფი, სუფთა, კოხტა. ხალხთან ურთიერთობაში ძალიან თბილი. უფრო განსხვავებული და შესამჩნევი. მოწესრიგება მისი ჰობი იყო. ბაღში როცა მიმყავდა, მთხოვდა, რომ კაბა ჩამეცმია. ისე ვნერვიულობდი, რად უნდა კაბა-თქო. იძულებული გავხდი, ჩავაცვი კაბა და წავიყვანე. მიუხედავად იმისა, რომ ვინერვიულე, ბავშვს ასე უნდოდა, ბედნიერი იყო და მეც ასე მივყევი. ბაღში არაფერი უთქვამთ, ჩვეულებრივი რეაქცია ჰქონდათ… სკოლაში უფრო მეტი პრობლემა იყო, მასწავლებლებისგან, საზოგადოებისგან… თუმცა შემდეგ გაერიდა ამ ყველაფერს და 14-15 წლისა დედაქალაქში წავიდა…
თავად კესოც იხსენებდა, რომ მოზარდობის ასაკიდან მუშაობდა და თბილისში თავად მოახერხა საკუთარი თავის დამკვიდრება, ისწავლა მაკიაჟი, ვარცხნილობის გაკეთება. მერე კი ნელ-ნელა ცნობადი სახეც გახდა და როგორც დედამისი იხსენებს, მისთვის სასურველი ცხოვრებით ცხოვრობდა, ბედნიერი იყო. მიაღწია იმას, რაც ბავშვობიდან ჰქონდა გეგმაში…

– ამ ყველაფერს ყოველთვის ეჭვის თვალით ვუყურებდი. მიხაროდა, ძალიან თბილი რომ იყო. ყველას დეტალებში აკვირდებოდა. მამამისი მუშაობდა და იმდენს ვერ ხედავდა, რამდენსაც დედა. როგორც ასეთი, ისიც მიეჩვია, რა უნდა ექნა. ბავშვობიდან ნორმად ჩავუთვალეთ. საზოგადოებაში ზოგს არ მოსწონდა, მაგრამ ჩვენ გაჩერებული ვიყავით, ჩუმად ვიყავით… მას ასე უნდოდა. როცა ბედნიერია შენი შვილი, ამისთვის ყველაფერს აკეთებ. ასეთები ვართ შინაგანად – დამთმობი, თბილი, თავისუფალი…

ბავშვობიდან ძალიან ლამაზი იყო. აპრეხილი წამწამები, “კურნოსა” ცხვირი, ლამაზი ტუჩი, თეთრი სახე და ქერა თქმა – ძალიან ლამაზი იყო. 14-15 წლის ასაკში პროფესორებთან წავიყვანე. მითხრეს, რომ ქალის ჰორმონები აქვს ძალიან მოჭარბებული და ამისგან კაცს ნუ ელოდებიო.
იმ პერიოდში ასე 1000 ადამიანიდან შეიძლება, 2 ყოფილიყო. ძალიან ბევრი ვიფიქრე და მივყევი იმას, რაც მას უნდოდა. საზოგადოებას ამას არასდროს მიიღებდა. მე უნდა დავმდგარიყავი მის გვერდით. მან იცოდა, როგორ ემოქმედა. მე სტიმული უნდა მიმეცა და მეთქვა: “ნუ გეშინია, აგერ ვარ.” ოჯახის ყველა წევრს ეს ასე არ მიუღია, მაგრამ თანდათან ყველაფერს ეჩვევი. ძალიან ძნელი იყო. ძალიან ბევრი იბრძოლა. საზოგადოებაში ზოგმა მიიღო, ზოგმა ვერ მიიღო, ზოგმა დასცინა, მაგრამ საბოლოოდ მიაღწია იმას, რაც უნდოდა. ამას დრო დასჭირდა, სიმამაცე და გამბედაობა.