მია მაჩაბელი მომღერალ გიორგი ძოწენიძის მეუღლე გახლავთ. მია აქამდე ნაკლებად ჩანდა, თუმცა ბოლო პერიოდში შედარებით გააქტიურდა და სოციალურ ქსელებში გამომწერებს არაერთ საინტერესო ვიდეოს უზიარებს.
– აქამდე, საზოგადოება შორიდან გიცნობდა, როგორც გიორგის მეუღლეს. ბოლო პერიოდში კი სოციალურ ქსელში თავადაც გააქტიურდი. როგორ მოხდა ეს ამბავი?
მია მაჩაბელი: ვითომ გავაქტიურდი? მგონი, პირიქით, ნაკლებად ვაქტიურობ. ჩემი მეგობრები მეუბნებიან, ხალხი გიყურებს და მათ პატივი უნდა სცე, ამიტომ უნდა გააქტიურდეო, მაგრამ დროის ნაკლებობის გამო საკმარისად აქტიურობას ვერ ვახერხებ. ძალიან დატვირთული რეჟიმი მაქვს, სწავლა დავიწყე. პროფესია შევიცვალე და ჟურნალისტიკის შემდეგ ფსიქოლოგიის შეასწავლა გადავწყვიტე. ძირითადად, სწავლასა და ოჯახზე ზრუნვაზე ვარ ორიენტირებული და სხვა რამისთვის დრო აღარ მრჩება. თუ თავისუფალი დრო გამომიჩნდება ხოლმე, მას დიდი სიამოვნებით ვუთმობ სოციალურ ქსელს. ვკითხულობ შეტყობინებებს თუ კომენტარებს, რომლებიც განსაკუთრებული სითბოთი გამოირჩევა. კომუნიკაცია მაქვს გიორგის თაყვანისმცემლებთან და ახლა, როგორც ჩანს, მეც გამომიჩნდნენ ასეთები. სიმართლე გითხრათ, ცოტა უხერხულად ვგრძნობ თავს, ვერ ვხვდები, რით დავიმსახურე ამ ადამიანების სითბო და სიყვარული, მაგრამ თან, ეს ყველაფერი ძალიან სასიამოვნოა.
– რამდენად მოგწონს ყურადღების ცენტრში ყოფნა?
– როცა ჩემდა უნებურად გავხდი ცნობილი, საკუთარ ხასიათში ერთი აღმოჩენა გავაკეთე – თურმე, ეს ამპლუა ჩემი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ხალხისგან ძალიან დიდ სითბოსა და სიყვარულს ვიღებ, როცა გარეთ გავდივარ და ყურადღების ცენტრში ვექცევი, თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობ. თურმე, ეს დისკომფორტს მიქმნის. ამიტომაც შევიცვალე პროფესია. დავაფიქსირე, რომ ჩემს ნაჭუჭში, ჩემს ოჯახში ბევრად უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს.
– არადა, ჟურნალისტიკა, დიდი ალბათობით, მოიცავს ყურადღების ცენტრში ყოფნას და მეუღლეც ცნობილი გყავს.
– მთელი ცხოვრება მინდოდა, ცნობილი ვყოფილიყავი, მაგრამ როცა ეს ჩემდა უნებურად მოხდა, დისკომფორტი აღმოჩნდა. ხალხის სითბოსა და სიყვარულის დანახვა ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ როგორც ჩანს, ყურადღების ცენტრში ყოფნისთვის მე მზად არ ვიყავი. უხერხულად ვგრძნობ თავს, თითქოს, ამდენ სითბოსა და სიყვარულს არ ვიმსახურებ. გიორგის შემთხვევაში – კი ბატონო, ის ძალიან დიდ დროს ატარებს საკუთარ გულშემატკივრებთან, სრულ ჰარმონიაშია ამ მდგომარეობასთან. მე გიორგის მეუღლე ვარ, სამწუხაროდ, კონცერტებზე ხშირად ვერ დავდივარ და ასეთ გარემოში რომ აღმოვჩნდები ხოლმე, თავს ჰარმონიულად ვერ ვგრძნობ. როგორც ჩანს იმიტომ, რომ ეს ჩემს პროფესიას არ მოუტანია.
– არ არის მარტივი პროფესიის შეცვლა, როცა ორი შვილი გყავს და ბევრი პასუხისმგებლობა გაკისრია. როგორ მიიღე ეს გადაწყვეტილება?
– როცა მივხვდი, რომ ჟურალისტიკა ჩემი არ იყო და ამ პროფესიით ვერ ვიმუშავებდი, ამ მხრივ დავიწყე საკუთარი თავის ძიება. ბავშვების აღზრდის პროცესში დედას ისედაც გიწევს ფსიქოლოგიურ მიდგომებზე მუშაობა და მეც, მას შემდეგ, რაც დედა გავხდი, ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი წავიკითხო ბავშვებთან ჯანსაღი კომუნიკაციის დამყარების შესახებ. ამ პროცესში ვიპოვე ჩემი თავი და ამიტომაც ჩავაბარე ფსიქოლგიაზე. გიორგიმაც დიდი სიხარულით მიიღო ჩემი გადაწყვეტილება. ახლა ბაკალავრიატზე ვსწავლობ და ამ პროცესშიც ვრწმუნდები, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე. საკმაოდ დატვირთული, თუმცა ძალიან პროდუქტიული წლები მაქვს.
– სხვათა შორის, საერთო ვიდეოებში, შენც ისე გულიანად მღერი ხოლმე, როგორია შენი დამოკიდებულება სიმღერისადმი?
– ხომ იცით, წყვილები ერთმანეთს ემსგავსებიან და რაღაც მომენტებში, ჩემში გიორგის მოძრაობებს ვიჭერ ხოლმე (იცინის). რეალურად, ყველა ეს სიმღერა ჩემ თვალწინ იქმნება და ძალიან მიყვარს.
რაც შეეხება ჩემს მუსიკალურ მონაცემებს, აქ არ გვაქვს კარგი მდგომარეობა (იცინის). მთელი ცხოვრებაა ვიცი, რომ სიმღერა ჩემი არ არის და კომპლექსიც მაქვს, თუმცა, ჩემს მეუღლესთან ამას ვერასდროს ვგრძნობ და ამიტომ მაქსიმალურად ემოციური ვარ ხოლმე ვიდეოების გადაღებისას (იცინის).
ისე, გიორგის სიმღერების მოსმენა ძალიან მომწონს და რასაც არ უნდა ვაკეთებდე, ყოველთვის ჩართული მაქვს.
– თქვენს პატარებს როგორ მოსწონთ მამის სიმღერა?
– ანიტა ძალიან ამაყობს მამიკოს კარიერით და მეგობრებთან ხშირად იწონებს თავს. ძალიან უყვარს მამიკოს სიმღერები. რაც შეეხება ანდრიას, ერთი წლის არის და გიორგის სიმღერას რომ გაიგონებს, მაშინვე გამორბის და ბოლომდე უსმენს (იცინის).
– როგორი მეოჯახეა გიორგი, აქტიური კარიერის გათვალისწინებით?
– გიორგის ძალიან დატვირთული რეჟიმი აქვს, მაგრამ როგორც კი დრო გაუთავისუფლდება, მთელი დღე ჩვენთანაა. ასეთ დღეებში ბავშვი ბაღშიც არ მიგვყავს და დროს ოჯახურ გარემოში ვატარებთ. ოჯახური იდილიით ტკბობა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ძალებით შეივსოს. თან შვილებთან ძალიან მჭიდრო კავშირი აქვს. ძალიან გვიყვარს ერთად თამაში, ხატვა, მუსიკის მოსმენა, ცეკვა. გიორგი და ანიტა ერთად აკეთებენ ხოლმე საჭმელს.
– ამ წლების განმავლობაში თქვენი სიყვარული შეიცვალა?
– მეშვიდე წელი დაიწყო ჩემი და გიორგის ოჯახური ცხოვრების დაწყებიდან. შეიცვალა ის, რომ ჩვენს ცხოვრებაში ორი უსაყვარლესი ანგელოზი გაჩნდა. მათ ძალიან დიდი სითბო, სიყვარული და პოზიტივი შემოიტანეს ჩვენს ცხოვრებაში. უფრო შეგვიყვარდა ერთმანეთი, კიდევ უფრო მეტად დავმეგობრიდით და გავერთიანდით.
კრიზისი ყველა წყვილს შორის არის. მთავარია, ორივე პარტნიორს უნდოდეს კრიზისის გადალახვა. თუ რამე პრობლემა არის, ჩემი ან მისი მხრიდან, ერთმანეთის გვერდით ვდგებით და ყველა კრიზისი ერთად გადაგვაქვს.
– ალბათ, როგორც ყველგან, თქვენს ოჯახშიც განსაკუთრებულად გიყვართ ახალი წელი.
– ნეტა იცოდეთ, როგორ მიყვარს ეს დღესასწაული. მე მრავალშვილიან ოჯახში გავიზარდე. ჩვენი ახალი წელი ყოველთვის დიდი ჟრიამულით იწყებოდა. ყველანი ერთად ვხვდებოდით. რაც მე და გიორგი დავოჯახდით, მას შემდეგ ახალ წელს სახლში აღარ შევხვედრივარ (იცინის). პირველი ორი წელი ეს ჩემთვის შოკი იყო. ვერ ვხვდებოდი, როგორ შეიძლებოდა, ახალ წელს ოჯახი სახლში არ შეხვედროდა და სტუმრები არ მიგვეღო. ერთადერთი, რაც შევინარჩუნეთ და რაც უკვე ჩვენი ტრადიციაა, 25 დეკემბერს, შობის ღამეს ყველანი ერთად ვდგამთ ნაძვისხეს, ვჟრიამულობთ და ვტკბებით ამ წუთებით. ამის შემდეგ იწყება გიორგის კონცერტები და ჩვენც მასთან ერთად ვართ, სახლში ვეღარ ვხვდებით, მაგრამ დაბრუნებულები ჩვენი ოჯახის მეკვლეები ვართ.
– 2025 წელი რით დაგამახსოვრდებათ?
– 2025 წელი ჩვენი ოჯახისთვის ანდრიას მოვლენის საოცარი წელი იყო. ჩვენს ოჯახს უსაყვარლესი ადამიანი შემოემატა. ძალიან სასიამოვნო და სიყვარულით სავსე წელი იყო, რომლისთვისაც უფლის მადლიერები ვართ. მინდა, ყველას მივულოცო ახალი წელი და ბედნიერება და სიხარული ვუსურვო.