ლელა წურწუმიას ორი ძაღლი ჰყავს და თავის ოთხფეხა მეგობრებთან ერთად გადაღებულ ვიდეოებს, სოციალურ ქსელში ხშირად აზიარებს. მომღერალმა “ნიკოლოზის კითხვებში” სევდიანი ისტორია მოჰყვა, თუ როგორ მოუკლა მანქანამ საყვარელი მალტეზე, მას შემდეგ კი, 2021 წლამდე, ძაღლის აყვანის სურვილი არც გაჩენია.
ლელა წურწუმია: ექვსი წლის ტოშა 1999 წელს მანქანამ მომიკლა. მოსკვიჩს ვერ გადაასწრო…
უჭკვიანესი ძაღლი იყო. ბალონკას რომ ვეძახდით, ის ჯიში იყო, მალტეზე…
ჩემმა დამ ჩემს მეგობარს, მზია ბალავაძეს დაურეკა, გამოჰყევი სამსახურიდან, ძაღლი მოკლა მანქანამ და მარტო არ წამოვიდესო. მზიამ რომ მითხრა, შენთან წამოვალო, გამიხარდა. სახლში მივედით და გარეთ იყვნენ – დედა, მამა, ჩემი და. მაინცდამაინც არ გამკვირვებია. ჩემი და მეუბნება, დედიკო და მამიკო მანქანას ბეწვზე გადაურჩნენ, მაგრამ ტოშა მოკლა მანქანამო!
სრული ისტერიკა დამემართა.
მანქანა დავლეწე…
ბოლოს მეზობელმა წყალი შემომასხა სახეზე, აზრზე ვერ მოვდიოდი. საშინელი სტრესი მივიღე. ორი დღე ვერ წავედი სამსახურში. მაშინ “ევროპაში” ვმღეროდი. ყველა გავაფრთხილე, არავინ გაბედოს ამ თემაზე გახუმრება – რატომ არის ლელა ცუდად, ძაღლი მანქანამ მოუკლაო; გაიხუმროს კი არა, გაღიმებაც არ გაბედონ-მეთქი.
მოკლედ, მაშინ ვთქვი, არასოდეს ძაღლს არ მოვიყვან სახლში-მეთქი. არც მომიყვანია.
და 2021 წელს, კოვიდით დაინფიცირებისას, რთულად ვიყავი, ანაფილაქსია გამოიწვია. დამივარდა D ვიტამინი. მქონდა დეპრესია. მერე საკვებზე უარი ვთქვი, 15 კილო დავიკელი. და ერთხელაც თორნიკე ჯგერენაიამ მითხრა, ლელუ, ძაღლი ხომ აგეყვანაო? მეორე დღეს ძაღლი მყავდა სახლში.
იაპონური აკიტა მეგონა ვიყიდე, ამ დროს ამერიკული აკიტა აღმოჩნდა.
ამ ძაღლმა თავიდან დამბადა.