თანამედროვე ქართველი მწერალი, რამდენიმე ბესტსელერის ავტორი თათული ღვინიანიძე, ამჯერად საზოგადოების ყურადღების ცენტრში, გადაცემაში “VERSUS ირინა ტორონჯაძესთან ერთად” მონაწილეობის გამო მოხვდა.
გადაცემაში, რომლის მთავარი თემაც “ქალი და პატრიარქატი” იყო, ახალგაზრდა მწერალი, ფსიქოლოგ ნიკოლას ლორენცო ლორიას დაუპირისპირდა.

გადაცემა, როგორც მოსალოდნელი იყო, საკმაოდ ხმაურიანი გამოვიდა და საზოგადოების არაერთგვაროვანი გამოხმაურებებიც გამოიწვია.
განსაკუთრებით კრიტიკულებს, თათული ღვინიანიძემ საკუთარი ფეისბუქ გვერდის საშუალებით უპასუხა.
“თურმე, სტრეს რეზისტენტულობა და მედეგობა არ გვაქვს ქალებს… ქალებს, რომლებიც სიცოცხლეს ქმნიან, ზრდიან საკუთარ სხეულში, თავისი ბიოლოგიური რესურსების ხარჯზე, და შობენ სამყაროში, ფაქტობრივად, შუაზე გადახსნის გზით. მერე კი ლაქტაციის გზით კვებავენ თავის შთამომავალს. აბა. რა…. ეს რა სტრეს რეზისტენტულობაა…
ეს ვიდეოები, ხომ მთელმა ერმა ნახა… ამ ვიდეოების კომენტარებში რაც ხდება, კი ხედავთ. ჩემი საყვარელი კომენტარის სახეობაა, კაცები რომ იჭაჭებიან და სახეს იხოკავენ, ამას ცოლად არ მოვიყვანო. ნეტავ, რომელს ჩამოგახიეთ კალთა, ან სადარბაზოსთან დაგხვდით, დროზე შემირთეთ-მეთქი? რომელი წაგათრიეთ იუსტიციის სახლში?
ქართველების 1/3 ჩემს დეკოლტეს რომ განიხილავს პირგაქაფული, რომელი შთამბეჭდავი გაბარიტების მქონე მე მნახეთ?
გმადლობთ კომპლიმენტისთვის, სხვა რა გითხრათ? პოზიტიურად გადავაფასე საკუთარი ფიზიონომია და მონაცემები. აქვე, არა ჯიპზე არ ვზივარ (ყოველ შემთხვევაში, ჯერ მაინც). არა, ტუჩები დაბერილი არ მაქვს. ნეტავ, გვაქვს კიდევ შეკითხვები ამ მიმართულებით?
რომ ვუფიქრდები, რა ლანძღვაც სპექტაკლ “ვეფხისტყაოსნის” რევიუზე დამაკელით, ახლა ძირფესვიანად ამინაზღაურეთ ქალების შრომის, ღირსებისა და თავისუფლების დაცვის გამო. თქვენი მოსაწონი ხომ ვერასდროს ვერაფერი ვთქვი… ნეტავ, რა იქნება შემდეგი?” – წერს თათული ღვინიანიძე.