„საღამოს 8 საათზე სახლი უფრო ხმაურიანი ხდება, მაგრამ უფრო ბედნიერიც…“

32

ნანიკო კლდიაშვილი ფართო საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც მან მაკა ასათიანის ვაჟზე, კახი ჟორდანიაზე იქორწინა. თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ ნანიკოს თავად ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება აქვს – არის ანტერპრენერი, მარკეტერი, ჰყავს ორი შვილი და მისთვის მთავარი სწორედ ცხოვრების ამ ორ მხარეს შორის ბალანსია.

ნანიკო კლდიაშვილი თითქმის არასდროს ჩნდება კამერებთან, იშვიათია მისი ინტერვიუებიც – ამჯერად გამონაკლისია, მან unbalanced.-თან ბლიც ინტერვიუს ფორმატში საინტერესო საკითხებზე ისაუბრა:

–         ვინ ხარ მაშინ, როცა არავინ გიყურებს?

–         დაუსრულებელი მეოცნებე, რომელსაც გამორთვის ღილაკი არ აქვს.

–         რა განიჭებს სავსეობის განცდას?

–         არაფერი. ეკონომიკა ხომ ზუსტად იმაზეა აწყობილი, რომ მუდმივად რაღაც გვაკლდეს.

–         რას ნიშნავს შენთვის თავისუფლება დღეს?

–         30 წუთი სრული სიჩუმე. არანაირი კითხვა, არანაირი საქმის გარჩევა და… არავინ ეძებს დაკარგულ ფეხსაცმელს.

–         დღის რომელ მონაკვეთს ელი ყველაზე მეტად?

–         საღამოს 8 საათს. სახლი უფრო ხმაურიანი ხდება, მაგრამ უფრო ბედნიერიც. ეს ის სიმყუდროვეა, რასაც ყველაზე მეტად ველოდები ხოლმე.

–         რა არის პირველი, რაც თავში მოგდის ფრაზაზე – „ჯანსაღი ცხოვრების წესი“?

–         ბალანსი.

–         რას უყურებ ცხოვრების ამ ეტაპზე უფრო მსუბუქად?

–         თავად ცხოვრებას და იმ კადრებს შორის გაპარულ მომენტებს.

–         რა გინარჩუნებთ ერთიანობას ამჟამად?

–         ჩემი შვილები და ბრმა ოპტიმიზმი.

–         როგორია შენი წარმოდგენა დაბალანსებულ ცხოვრებაზე დღეს?

–         ცხოვრება ზუსტად საჭირო დოზით მიწოდებული სიურპრიზებითა და მოულოდნელი შემობრუნებებით.