“მამაჩემმა გამომიცხადა, ერთი ბალერინაც საკმარისია ოჯახშიო”

40

ქართველი პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილი ეკა ხოფერიას გადაცემას ქალიშვილთან, ელენე ვაშაძესთან ერთად სტუმრობდა. დედა-შვილმა ურთიერთობაზე, ოჯახსა და პროფესიაზე ისაუბრა. ნინო ანანიაშვილმა გაიხსენა მამის სიტყვები, რომლებიც მისი ცხოვრების კრედოდ იქცა – გული არ ბერდება, გული ჩერდებაო. სწორედ ამიტომაა, რომ ნინო ყველა ასაკში ერთნაირი შემართებით, ენერგიითა და მონდომებით აკეთებს საყვარელ საქმეს და, ამასთან, არაჩვეულებრივად გამოიყურება.

ნინო ანანიაშვილს ერთი შვილი, ელენე ვაშაძე ჰყავს. ელენემ ეკა ხოფერიასთან ინტერვიუში ბავშვობის წლები გაიხსენა, თქვა, რომ ბალერინობა სურდა, თუმცა შემდეგ სხვა გადაწყვეტილება მიიღო:

“დედა ძალიან მენდობა. ბავშვობიდან სულ ჩართული ვარ მის საქმეებში, სულ მაინტერესებს შიდა სამზარეულო, ყველა დასის წევრის სახელი ვიცი, რას ცეკვავენ, როგორ ცეკვავენ. რაღაც ტექსტებს ვუწერ, ან თვითონ თუ წერს, ჩემს ხედვას ყოველთვის ვუზიარებ. 

ბავშვობაში მინდოდა ვყოფილიყავი ბალერინა და ამას ოჯახშიც ვამბობდი, მაგრამ მამაჩემმა გამომიცხადა, ერთი ბალერინაც საკმარისია ოჯახშიო. რაღაცნაირად ეს ოცნება დამრჩა ჩემში და შეიძლება აქედანაც არის გამოწვეული, რომ ძალიან ვარ ჩართული ამ საქმეში, თან დიდად ფიგურაც არ მიწყობდა ხელს. 
9 წელი ვისწავლე მანანა დოიჯაშვილის მუსიკალურ სემინარიაში. არ მეგონა, თუ მომინდებოდა და რაღაც მომენტში დავუკრავდი ჩემით,” – ამბობს ელენე.