“მადლობელი ვარ იმ საუკეთესო 10 წლისთვის, რაც მასთან ერთად გავატარე და მადლობა ჩვენი ლუკასთვის“

12
ბიზნესმენ თემურ უგულავას გარდაცვალებას სოციალურ ქსელში მისი ყოფილი მეუღლე, ბაია დავითაია, ემოციური პოსტით გამოეხმაურა.
ბაია დავითაია წერს, რომ თუ რომელიმე ქალაქს თემურ უგულავას შინაგან სამყაროს შეადარებდა, ეს ნიუ-იორკი იქნებოდა. ქალაქი, რომელიც მუდმივ მოძრაობაშია, თავისუფალი, მრავალფეროვანი, გაბედული და მომავლისკენ მიმართული… სწორედ ამიტომ უყვარდა თემურს ეს ქალაქი, არა მხოლოდ როგორც ადგილი, არამედ როგორც უსაზღვრო შესაძლებლობებისა და თავისუფალი აზროვნების სიმბოლო. დავითაია აღნიშნავს, განსაკუთრებით მტკივნეულია ის ფაქტი, რომ სწორედ იქ მოუწიათ მისთვის საბოლოოდ დამშვიდობება.
ყოფილი მეუღლის შეფასებით, თემურ უგულავა არასდროს ირჩევდა უკვე გაკვალულ გზას, თავად ქმნიდა საკუთარ გზას და მის კვალს ტოვებდა. ბაია დავითაიას თქმით, მან ბევრი ადამიანის გაერთიანება პროგრესის იდეის გარშემო შეძლო და ყველას ასწავლა, რომ მომავალი ეკუთვნის მათ, ვისაც ახალი გზებისა და გამოწვევების არ ეშინია.
“დღეს, როცა ის აღარ არის ჩვენთან, ისევ გვაერთიანებს, ამჯერად მის მიმართ სიყვარული, მადლიერება და ის ღირებულებები, რაც თითოეულ ჩვენგანს დაუტოვა… მადლობელი ვარ იმ საუკეთესო 10 წლისთვის, რაც მასთან ერთად გავატარე. და მადლობა ჩვენი ლუკასთვის“, – წერს ბაია დავითაია.
თემურ უგულავას სამოქალაქო პანაშვიდი 27 ივნისს ქაშვეთის ტაძარში გაიმართება, ხოლო დაკრძალვა 28 ივნისს არის დაგეგმილი. თემურ უგულავა 22 ივნისს, 56 წლის ასაკში გარდაიცვალა.