“ჩემი მეუღლე ჩემთვის გმირია – მხოლოდ მისი დამსახურებაა, რომ არ გახუნდა გრძნობა”

37

გიორგი გველესიანი ქართველი ფეხბურთელი, ისპაანის „სეპაჰანის“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველია. გიორგი იყო 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის მონაწილე საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. თბილისის „დინამოს“ საფეხბურთო სკოლის აღზრდილია. მისი დებიუტი თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში საქართველოს თასის გათამაშების ფარგლებში „გაგრას“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, 2010 წლის პირველ დეკემბერს შედგა. 

გიორგის მეუღლე ლინდა კიკოლაშვილია, რომელთანაც ფეხბურთელს ერთი შვილი ჰყავს. გიორგის ორი შვილი ჰყავს პირველი ქორწინებიდან. ლინდა კიკოლაშვილი ჰოლივუდის კინოაკადემიის საქართველოს ფილიალის პრეზიდენტია. დაკავებული ცხოვრების მიუხედავად კი, ახერხებს მეუღლის ყველაზე დიდი გულშემატკივარი იყოს.

ოჯახური ცხოვრებისა და ურთიერთობის შესახებ გიორგი გველესიანმა და ლინდა კიკოლაშვილმა მარიამ გაბედავას რუბრიკაში “სხვანაირი დილა” ისაუბრეს: 

– ვამბობ ხოლმე, რომ ფეხბურთმა რამდენიც მომცა, იმდენი წამართვა ცხოვრებაში – ვერ ვნახე ჩემი შვილების სკოლის პირველი დღე, მათი პირველი სიტყვები. ბევრი ისეთი მომენტი იყო, რომლებსაც უკან ვერ დავიბრუნებ. 

ახლა სულ ვცდილობ, დრო მათთან ერთად გავატარო და ჩართული ვიყო მათ ცხოვრებაში. ახლა ვცდილობ, ავინაზღაურო ის დრო, რომელიც მათთან ურთიერთობისთვის ვერ გამოვიყენე. 

ჩემთვის სახლიდან შორს ყოფნა რთული იყო, მაგრამ ჩემი მეუღლისთვის – კიდევ უფრო რთული. ჩემი მეუღლე ჩემთვის გმირია – მხოლოდ მისი დამსახურებაა, რომ ამდენი ხნის მანძილზე, დისტანციური ურთიერთობის დროს, არ გახუნდა გრძნობა, შევინარჩუნეთ ერთმანეთის ის პატივისცემა, რომელიც პირველივე დღიდან გვქონდა. 

ჩემს მეუღლეს ფანტასტიკური ხასიათი აქვს, ჩვენს ოჯახში ხმამაღალი სიტყვა არასდროს თქმულა. სწორედ ეს პატივისცემა და ურთიერთგაგება შემოიტანა მან და შევინარჩუნეთ.

– მნიშვნელოვანია გვერდი დგომა, რომ ადამიანს შეუქმნა ადამიანს კომფორტი, რომ აკეთოს თავის საქმე მშვიდად. ეს არის ყველაზე მინიმალური, რაც პარტნიორს შეუძლია.