ცნობილი ქართველი მოცეკვავე ოთო ფოლადაშვილი გადაცემას „იმედის დღე“ ეწვია, სადაც მაყურებელს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და განსაკუთრებული სითბოთი ისაუბრა თავის მრავალწლიან პარტნიორზე, ჯულიანა ბარგ-ნარზე.
ოთომ გაიხსენა ის პერიოდი, როდესაც მათი საცეკვაო წყვილი ჩამოყალიბდა. მისი თქმით, ჰარმონიული თანამშრომლობა და წარმატება პირველივე ნაბიჯებიდანვე თვალსაჩინო იყო. მოცეკვავის განმარტებით, სცენასა თუ ცხოვრებაში პარტნიორული ურთიერთობის შენარჩუნებას დიდი გაფრთხილება და ძალისხმევა სჭირდება. სფეროში, სადაც წყვილები ხშირად იშლებიან, მათი სიმტკიცე სწორედ საერთო მიზნებსა და ურთიერთპატივისცემას ეფუძნება.
„16 წლის ასაკში ჯულიანასთან დავწყვილდი და მახსოვს, რა წამსაც დავდექით წყვილში, წლის ბოლოს უკვე აბსოლუტურ ჩემპიონებად დაგვაჯილდოვეს. ყველა კონკურსი მოვიგეთ პირველივე წელს. ხშირად წყვილები იცვლებიან და კარგია თუ ეს არ მოხდება. წყვილის შეცვლა რამდენიმე ნაბიჯით უკან დახევას ნიშნავს, რადგან სანამ ახალს გაუგებ, ეს მთელი პროცესია. პროფესიონალები წყვილების დაშორებას ვერიდებით ხოლმე.
ჯულიანა და მე უკვე ამდენი წელია წყვილში ვართ. პირველ რიგში ალბათ ამის მიზეზი ურთიერთგაგებაა. გვქონდა საერთო მიზანი და მისკენ მისასვლელი გზა. წყვილში მნიშვნელოვანია დათმობები, უნდა გაუფრთხილდე ურთიერთობას. ამ შემთხვევაში ჩვენ ორს თუ განვიხილათ, ჯული უფრო მეტად დამთმობია“, – ამბობს ოთო ფოლადაშვილი.