“როცა ჩემი შვილი ცოცხალი იყო და გვერდით მყავდა ჩემი ცხოვრების მთავარი სიყვარული, ძალიან ბედნიერი ვიყავი… მაგრამ არ შემარგეს ეს ყველაფერი…”
ცნობილი ჟურნალისტი მაია ასათიანი “მეხუთე ელემენტს” სტუმრობდა. ტელევიზიასთან მუშაობის მრავალწლიან გამოცდილებასთან ერთად, ისაუბრა პირად და საქმიან ტკივილებზე, ურთიერთობებზე, ახლანდელ საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე.
– მე ყოველთვის მჯერა, რომ ჩემს სფეროში გულწრფელი მეგობრობა არ არსებობს. მე ასე მგონია და ასე მაქვს გამოცდილი. დეტალები არ მინდა, იმიტომ, რომ მშვიდობისმოყვარე ადამიანი ვარ და ყველასთან მაქვს ძალიან კარგი, მაგრამ ფასადური ურთიერთობა.როცა საერთო პროფესიული კრიზისი დგება ხოლმე, ჩვენ უცნაურად ვიცით გაერთიანება, ისევე, როგორც თქვენ გაერთიანდით ბოლო პერიოდში… მსახიობებსა და ჟურნალისტებს ეს ახასიათებთ.
მაგრამ ასე ჩავუჯდე და წარმატების შესახებ ვესაუბრო, ცოტა საშიშიცაა… შენი ნამდვილი გულშემატკივარი ისაა, ვინც წარმატებაში გიდგას გვერდით.მახსოვს, ტელევიზიიდან რომ წამოვედი, რამდენი ჩემი კოლეგა იყო გახარებული… ცოტა ჩემთვისაც სასიამოვნო იყო, იმიტომ, რომ ყველას ვუყვარდი…
სულ ვამბობდი ხოლმე, რომ იმ წლებში, როცა ჩემი შვილი ცოცხალი იყო, გვერდით მყავდა ჩემი ცხოვრების მთავარი სიყვარული, უმაღლეს რეიტინგს ვწერდით, ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი ეთერები მქონდა… სოციალურმა ქსელმა, ხანდახან შეკვეთილმა ბულინგმა — მაშინ რა ვიცოდი, ტროლები რა იყო — ტროლებმა და დაინტერესებულმა მოქალაქეებმა არ შემარგეს ეს ყველაფერი.
ამას წინათ ჩემი ერთი ძალიან ცნობილი და მაღალპროფესიონალი კოლეგა შემხვდა, ისიც არ მუშაობს ჩემსავით, და მითხრა: „მაია, იცი, რაზე დავფიქრდი? , რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ, იმიტომ რომ ძალიან ბევრს ვმუშაობდი“.
და მე აი ეს განცდა მქონდა — როცა მართლა ძალიან ბედნიერი ვიყავი, არ შემერგო. თან ეს ინტერნეტბულინგი მაშინ ახალი ხილი იყო. არც იცოდი, როგორ ჩაგეკეტა ფსიქოლოგიურად შენი თავი, რომ ასე არ დაეგრიე… მაშინ ძალას შვილი მაძლევდა. ჩემი საყვარელი მამაკაცი მაძლევდა, მაგრამ ძალა საკუთარ თავში უნდა მონახო ყოველთვის, თორემ არაფერი არ გამოგივა. შენ უნდა იყო შენი თავის დასაყრდენი, თორემ არაფერი არ გამოვა — იმიტომ, რომ ჩამოიშლები, დაკარგავ იმ სიყვარულს…
…მე და დედას ძალიან პატარა სხვაობა გვაქვს ასაკში და ისე გამოვიდა, რომ დებივით გავიზარდეთ. მე ამას ძალიან განვიცდი, იმიტომ, რომ დას დედა ვერ შეგიცვლის…პირიქით, დედა გახდა დედა მას შემდეგ, რაც ჩემი შვილი გარდაიცვალა. და ალბათ, მთავარი საყრდენი დედაჩემია ახლა.
იმიტომ, რომ მე დედაჩემმა გადამარჩინა. ძლიერი ვარ, შევდექი, ფეხზე ავდექი და ასე შემდეგ, მაგრამ ძალიან დიდი წვლილი აქვს, მართლა, ჩემს გაცოცხლებაში.მეგობრებიც ვართ, ახლობლებიც, დედა-შვილიც — ყველაფერი ვართ ერთმანეთის.ხანდახან ჩემი დები ეჭვიანობენ ხოლმე, რომ „ტოქსიკური ურთიერთობა გაქვთ, ისეთი დიდი დოზით ელაპარაკებით ერთმანეთსო“. გრძნობს, როდის მჭირდება. და ეს არ არის ასე, რომ: „აი, მაია ძალიან ძლიერია, ფეხზე წამოდგა“ და ასე შემდეგ. მაქვს ხოლმე მომენტები და საკმაოდ ხშირადაც, როცა სახლიდან გასვლა არ მინდა. როცა დეპრესიული ვარ… დეპრესია არ არის მხოლოდ: „ვაიმე, ცუდ ხასიათზე ვარ და მოდი, ყურადღება არ მომაქციო“.მაქვს ხოლმე დეპრესიული მომენტებიც, ამდენი ტრავმის მერე. და საყრდენი არის დედა.
…იმდენი ვილაპარაკეთ ტელევიზიაზე. ასე იმიტომ განვიცდი ტელევიზიის დატოვებას, რომ მე, თავის დროზე, ნუცას სიკვდილის შემდეგ ტელევიზიაში დაბრუნებამ გადამარჩინა.ახლა სულ ვურჩევ ხოლმე ჩემნაირ ქალებს: „აკეთეთ ბევრი საქმე“.
დაკრძალვიდან ერთი კვირის შემდეგ გავედი სამსახურში. ჩემს პროდიუსერს ხელით მივყავდი და მოვყავდი.ამ დროს „რუსთავი 2“-ში რაღაცა ქაოსი იყო და უნდა დავსწრებოდი, ანუ ყველა ვარიანტში ტვინი უნდა ჩამერთო. და როგორ ვიყავი, იცი? აი, მეხსიერება დაკარგული მქონდა, გული ხშირად მიმდიოდა. ძალიან ბურუსში ვიყავი ხშირად, მაგრამ ნელ-ნელა, ნელ-ნელა, ნელ-ნელა საქმის კეთებამ თავისი გაიტანა. რეალურად ტელევიზიას, ანუ საქმეს, რომელიც მიყვარს, ძალიან დიდი როლი ჰქონდა ჩემს გადარჩენაში.და როცა ეს კარი დაიხურა, ჩემთვის თავიდან დაიწყო მერე ეს ყველაფერი — გლოვაც და უკვე ტელევიზიის გარეშე ყოფნაც. იმიტომ, რომ ჩვენ ხშირად ვამბობთ ხოლმე, ტელეჟურნალისტები, ძველები, რომ სხვა არაფრის კეთება არ ვიცით. ვიცი, როგორ გავაკეთო რეპორტაჟი, როგორ გავაკეთო მხატვრული რეპორტაჟი, როგორ გავაკეთო გადაცემა, როგორ გავაკეთო არხი, მაგრამ არ ვიცი ბუღალტერია.ახლა ვსწავლობ, სხვათა შორის, იმიტომ, რომ ახალმა საქმიანობამ მოიტანა. იმიტომ, რომ მინდა, ვიცოდე. და ბევრი რამე ვისწავლე. სანამ დავიწყებდი ახალ საქმიანობას, მანამდეც ვისწავლე რაღაცები, როცა ვუთხარი ჩემ თავს: „მორჩა, დამთავრდა, ახალი ცხოვრება უნდა დაიწყო“.