„გლდანი მოლში“ გარდაცვლილი ახალგაზრდა კაცი ვეტერანი ხელბურთელი, საქართველოს ნაკრების გამორჩეული მოთამაშე რატი მსხვილიძეა.
არსებული ინფორმაციით, მან თავი შეუძლოდ იგრძნო და მოლში მდებარე აფთიაქში დასახმარებლად შევიდა, თუმცა, მოულოდნელად გარდაიცვალა.
გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა სახელდება.
თვითმხილველების ცნობით, აფთიაქის თანამშრომლებიც ეცადნენ მის გადარჩენას, თუმცა უშედეგოდ…
სასწრაფო დახმარების ბრიგადას რატი მსხვილიძე გარდაცვლილი დახვდა.
რატი მსხვილიძემ, ნაკრების მაისურით 30-მდე შეხვედრა ჩაატარა და მეტოქის კარი 112-ჯერ აიღო.
მისი კარიერა საქართველოს ნაკრების გარდა, უკავშირდება ისლანდიურ, სერბულ და ჩრდილო მაკედონიურ გუნდებს.
„როგორ ვერ გიშველეთ…“
„მე პირადად არ ვიცნობდი ამ ბიჭს, არც ხელბურთის ხშირი მაყურებელი ვარ, თუმცა ის ერთი საჯარიმო დარტყმა სამუდამოდ დარჩა ჩემს მეხსიერებაში: უკვე ამოწურული სათამაშო დროის და უზარმაზარი მანძილის მიუხედავად პირდაპირ კარში რომ გაუშვა და გამარჯვება მოგვიტანა… ვუსამძიმრებ რატის ოჯახს და ახლობლებს“,- წერენ სოციალურ ქსელში.