კესარია აბრამიძის დედა, გულისა სირბილაძე, შვილის ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ ნანახ სიზმარს იხსენებს.
როგორც ის ჰყვება, სიზმარში კესარია ნახა, რომელმაც ჰკითხა, რატომ დადიოდა დედა ხშირად აფთიაქებში. დედამ შვილს უთხრა, რომ კარგად იყო, შემდეგ კი ჰკითხა, თავად როგორ გრძნობდა თავს.
„მეც კარგად ვარო. კარგი, ახლა წავედი, ხვალ თბილისში მივდივარო. მეც მინდა შენთან წამოსვლა-მეთქი და არაო, შენ ვერ წამოხვალო“, – იხსენებს გულისა სირბილაძე.
მისი თქმით, ამ სიზმარმა მასზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინა და სიცოცხლის გაგრძელების ძალა მისცა.
„ამან ძალიან იმოქმედა ჩემზე, ვიფიქრე, ალბათ ღირს სიცოცხლე-მეთქი“, – ამბობს კესარია აბრამიძის დედა.
შეგახსენებთ, კესარია აბრამიძე 2024 წლის 18 სექტემბერს თბილისში მოკლეს. მის მკვლელობაში მსჯავრდებულ ბექა ჯაიანს სასამართლომ უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.