“ცოდოები ისინი არიან, ვინც ექიმებს აფერისტებს და მატყუარებს გვეძახდა და კორონას არსებობასაც ჩვენ გვაბრალებდა”
დიახ, ეს რეალობაა სასწრაფო ვერ მოდის ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ზოგჯერ თითო ექიმი ვზივართ მანქანაში, რადგან მეწყვილეც ინფიცირდება და მკურნალობს, ვერ მოდის იმიტომ, რომ ვცდილობთ ყველაზე მეტად ვისაც უჭირს, მათთან გავიქცეთ – ამის შესახებ სასწრაფოს ექიმი ფიქრია შიომღვდლიშვილი წერს.
„იმიტომ ვერ მოდის, რომ კოვიდ ინფიცირებულ პაციენტებთანაც ჩვენ მივდივართ და სხვა ყველა გადაუდებელ შემთხვევაზეც, იმიტომ რომ კოვიდ დადასტურებული პაციენტების გადაყვანის შემდგომ, მანქანას ქიმიურად ჩვენვე ვამუშავებთ გულდასმით, რათა სხვა პაციენტს საფრთხე არ შევუქმნათ, იმიტომ რომ ველოდებით კლინიკაში ადგილის გამოჩენას, იმიტომ რომ პაციენტებს ვსინჯავთ და ვასტაბილურებთ.
უსაშველოდ გრძელი ჩამონათვალია, მაგრამ ცოდოები არ ვართ, რადგან ჩვენი პაციენტებისგან გულწრფელ მადლობას ვიღებთ, რადგან ისინი ხედავენ ჩვენს არაადამიანურ დაღლას.
ცოდოები ისინი არიან, ვინც ექიმებს აფერისტებს და მატყუარებს გვეძახდა და კორონას არსებობასაც ჩვენ გვაბრალებდა… ჩვენ მაინც გვიყვარხართ და მაქსიმალურად ვეცდებით თქვენთან ერთად ვიყოთ, როცა დაგჭირდებით“,– წერს სასწრაფოს ექიმი.