“რასაც ახლა ვწერ, ბოლომდე არ მჯერა“ – მომხმარებელი კორონავირუსთან დაკავშირებით სკანდალურ პოსტს აქვეყნებს
სოციალურ ქსელში მომხმარებელი, რუსა მამასახლისი სკანდალურ პოსტს აქვეყნებს. როგორ ის ყვება, 4 ნოემბერს, ღამით 68 წლის დედას მაღალი სიცხე დაუფიქსირდა. მეორე დილით მიმართეს კომპანია Med 11-ს PCR ტესტის გასაკეთებლად, რის შემდეგაც ტესტი ჩაუტარეს და უთხრეს, რომ კოვიდტესტის პასუხი უარყოფითი იყო. ასევე მოხდა 9 ნოემბერს, განმეორებითი ტესტის დროს – პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა.
აღნიშნულ პაციენტს რამდენიმე დღის შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ იგი კოვიდ დადებითი იყო.
მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებულს პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
„რასაც ახლა ვწერ, ბოლომდე არ მჯერა, რომ ჩემს თავს ხდება. 4 ნოემბერს, ღამით დედაჩემს მისცა სიცხე და გახდა შეუძლოდ.
ცხადია, დილასვე გამოვიძახე კომპანია Med 11 PCR ტესტის გასაკეთებლად (სხვაგან ადგილი არ იყო). 5 ნოემბერს დამირეკეს და მითხრეს, რომ პასუხი კოვიდ 19-ზე უარყოფითია. მიუხედავად იმისა, რომ კორონა არ ჰქონდა დადასტურებული, დედაჩემის მდგომარეობა დღითიდღე უარესდებოდა, სიცხის დაწევა გვიჭირდა, დაეწყო ხველა. გადავუღეთ რენტგენი და აღმოაჩნდა ფილტების ანთება. რადგან დედაჩემი რისკ ჯგუფშია (არის 68 წლის, აქვს დიაბეტი და სხვა თანმხლები დაავადებები), ძალიან ვნერვიულობდით, ამიტომ, 9 ნოემბერს გავაკეთეთ განმეორებითი ტესტი, ისევ კომპანია Med 11-ში. 10 ნოემბერს დამიკავშირდნენ კომპანიიდან (med 11) და მითხრეს, რომ პასუხი კოვიდ -19 ზე ისევ უარყოფითი იყო.
რადგან უკვე დარწმუნებულები ვიყავით, რომ დედაჩემს კოვიდ-19 ნამდვილად არ ჰქონდა, დავიწყე სამსახურში სიარული, სადაც მქონდა კონტაქტი უამრავ ადამიანთან. ასევე, მივდიოდი ნათესავებსა და მეგობრებთან სხვადასხვა საჭიროებაზე. უამრავი ადამიანი მოვიარე ამ ხნის განმავლობაში. პარალელურად, ვრჩებოდი და ვუვლიდი დედაჩემს, ვუკეთებდი ანტიობიოტიკებს და ა.შ. რამდენჯერმე სხვა ადამიანის დახმარებაც დამჭირდა ნემსისა და გადასხმის გასაკეთებლად, რომელსაც ვუთხარი, რომ დედაჩემი კოვიდ უარყოფითი იყო და არ შეექმნებოდათ პრობლემა.
დღეს დამირეკეს ჯანდაცვის სამინისტროდან და მოიკითხეს დედაჩემი, მას მერე – რაც ძალიან გავიკვირვე, თუ რატომ ინტერესდებოდნენ, ამიხსნეს, რომ დედაჩემი იყო კოვიდ დადებითი (9 ნოემბერსვე დადასტურებულა) და აინტერესებდათ მისი მკურნალობის მიმდინარეობა. თავიდან შეცდომა მეგონა და გადამოწმება ვთხოვე.
საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ კომპანია MED 11- მა არასწორად მოგვაწოდა ინფორმაცია. კლინიკის დირექტორმა ოპერატორს დააბრალა შეცდომა, რომელმაც წარმოდგენა არ მინდა, რამდენი ადამიანი შეიძლება, დააინფიციროს. ცალკე ის საფრთხე, რაშიც ეხლა ვართ დედაჩემის გამო.
ამას იმიტომ ვწერ, რომ ჩემს მდგომარეობაში სხვა არ აღმოჩნდეს და ყველამ გაითვალისწინოს ეს გამოცდილება.
კლინიკის დირექტორმა ძალიან ცინიკურად მირჩია, რომ იურისტისთვის მიმემართა, ასეც მოვიქცევი, იმედი მაქვს – ისე დასრულდება, რომ ვეღარასდროს ვეღარ შეძლებენ ასეთი ზიანის მიყენებას სხვა ადამიანებისთვის.
ასევე, იმედი მაქვს, რომ რაიმე ფორმით დაარეგულირებენ და გააკონტროლებენ ასეთი კომპანიების სამუშაო პროცესს, რომელიც ვირუსის გამოვლენასა და თავის დაცვაში კი არ ეხმარება ადამიანებს, არამედ, პირიქით – ვირუსის გავრცელებას უწყობს ხელს”, – წერს რუსა მამასახლისი.