რა უთხრა 85 წლის ბებომ სასწრაფოს ექიმს

363

სასწრაფო დახმარების ექიმი, ფიქრია შიომღვდილიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. ის აღნიშნულ სტატუსს მადლიერ პაციენტებს უძღვნის:

„ბოლოდროინდელი მძიმე მორიგეობებიდან ყველაზე მეტად რაც მაძლიერებს, პაციენტების მხრიდან გამოხატული სითბოა. კოვიდ ინფიცირებულები, დაბალი ჟანგბადის შემცველობით თუ შედარებით მსუბუქი სიმპტომატიკის მქონენი, მოთმინებით გველიან და თეთრ ეკიპირებაში ჭუპრებივით გახვეულებს, ცხელ ჩაის ან ყავას გვთავაზობენ და განიცდიან, რომ ვერც ჩაის და ვერც ყავას ვერ დავლევთ.

„რა დაღლილი სახეები გაქვთ, თქვენც რა დღეში ხართ, შვილო” – გვეუბნებიან და მზე გვინათდება გულში, ჩვენზე რომ ზრუნავენ თავად შეუძლოდ მყოფნი.

„ღვთისმშობელი ფარავს ჩვენს ქვეყანას ბებო, არ მივუტოვებივართ, ალბათ აღარც ძველებურად ვლოცულობთ, აღარც ძველებურად გვწამს, მაგრამ მაინც ჩვენთანაა და არ დაგვტოვებს, ახლა მით უმეტეს, ამ გაჭირვების დროს” – 85 წლის ასთმიანმა, ინფიცირებულმა ბებომ დაგვამშვიდა მისგან წამოსვლისას…

სიბნელეში მყოფისთვის ანთებული თაფლის სანთელივითაა ასეთი მოხუცი და თანაც – პაციენტი. ყველაზე მეტად ახლა ვიგრძენი, რომ პროფესია ექიმი მხოლოდ ასობით ჩაბარებული გამოცდა და დამღლელი სამსახური არაა, ესაა მთელი შენი ადამიანური, უანგაროდ გაცემული ემოცია უცხო ადამიანების გასამხნევებლად და გადასარჩენად, ამას ვერ წარმოიდგენ, ეს უნდა იგრძნო…“ – წერს ფიქრია შიომღვდლიშვილი.