სამუშაო დღე, რომელიც ღამის თორმეტის ნახევარზე სრულდება. იქნებ არც სრულდება, რადგან იოსებ ბაბუს გადასხმა უდგას…
რუსო ბერიძის მოხუცებულთა თავშესაფრის პანდემიური ისტორიები გრძელდება. ამჯერად მდგომარეობა დამძიმდა.
“მეორე საათია ვიბრძვით, იოსებ ბაბუს გადასაყვანად. სიცხე – 39.5, სატურაცია – 50. გადავეცი ადრეც და ახლაც ყველგან, სადაც შეიძლებოდა. მეხმარებიან ჩვენი ეპიდემიოლოგები, უკარგესი ქალბატონი, ცისნამი დიდებაშვილი. ამ კოვიდებზე თითქმის ოჯახის წევრია უკვე ჩვენი. ჯერ პროცესში ვართ, არ ვიცით გაგვიმართლებს თუ არა და შევძლებთ გადაყვანას”.
რუსო, მოხუცებულთა თავშესაფარში კორონავირუსს თითქმის დამოუკიდებლად ებრძვის. თუმცა, პერიოდულად ხან ნაცნობი ხან კი უცნობი ადამიანები ეხმარებიან.
“კარანტინის მეთერთმეტე დღეა და რაღაც წასვლას არ აპირებს ეს ”საზიზღარი ვირუსი”. დღესაც სიცხეები ჰქონდა რამდენიმეს. ოთახები პალატებს ჰგავს. წამლები, ნემსები, გადასხმის სისტემები სახელდახელოდ მოწყობილ შტატივებზე, სატურაციის აპარატი, თერმომეტრები. გარეთ კი შემოდგომაა, რომელიც უჩვენოდ გადის”.
წინა სიახლე