რომიკ აგეკიანი მოხალისე ჯარისკაცი იყო ყარაბაღში, ახლა კი ერევნის ერთ-ერთ საავადმყოფოში მკურნალობს. ყველაზე მეტად, ვინც ახლა მასზე ნერვიულობს, საავადმყოფოსთან მყოფი ძაღლი, სახელად ჯონია.
ერთგულ ოთხფეხა მეგობარს, რომელიც სომხურ ინტერნეტსივრცეში ვარსკვლავად იქცა, უნივერსიტეტის საავადმყოფოს მისაღების შემოგარენი 20 დღეა, არ დაუტოვებია. სწორედ აქედან შეიყვანეს მისი პატრონი საავადმყოფოში. მოსიყვარულე ცუგა დროს უქმად არ კარგავს — ყოველ გამომსვლელს ყნოსავს და ცდილობს, გაიგოს, თავისი პატრონის სტუმარი ხომ არ იყო იგი. სწორედ ყნოსვით მიაკვლია მეგობარს და შორი გზა გამოიარა ყარაბაღიდან გორისამდე, გორისიდან ბაგრატაშენამდე, ბოლოს კი — ბაგრატაშენიდან ერევნამდე. ძაღლს თავი არ დაუზოგავს და ყველა შესაძლო გზით ისარგებლა — ფეხით, მანქანით და იმ ხალხით, ვისთანაც პატრონის სუნს იყნოსავდა.
რაც უნდა გასაკვირი იყოს, რომიკმა და ჯონიმ ერთმანეთი მხოლოდ ერთი თვის წინ გაიცნეს, თუმცა მეგობრები მალევე დაშორდნენ — მოხალისე ჯარისკაცს ოთხი ოპერაცია გაუკეთდა, ერთ ფეხზე კი ამპუტაცია. რომიკმა ძაღლი აღდარას სოფელში, დაბომბილი სახლის ნანგრევების ქვეშ იპოვა, სადაც ჯონიმ რამდენიმე დღე გაატარა.
“არსად მიდიოდა, წყალიც მივეცით, საჭმელიც გავუყავით, თუმცა 10 დღე ჩვენთან ერთად იყო და არ მოგვცილებია”, — ამბობს რომიკი, — “ძალიან მოსიყვარულე და ჭკვიანი ძაღლია”.
რომიკის თქმით, ძაღლმა მებრძოლები 10-ჯერ მაინც გადაარჩინა, რადგან, როცა სახიფათო სიტუაცია იქმნებოდა, იგი გარბოდა და განგაშს ყეფით ტეხდა.
როცა ჯარისკაცი დაიჭრა, ძაღლი იმ მანქანას გაეკიდა, რომელსაც რომიკი გადაჰყავდა, თუმცა ვერ დაეწია. მოგვიანებით, როდესაც სხვა ჯარისკაცებმა მანქანით დააპირეს წასვლა, რომიკის დაპირებისამებრ, ძაღლის მშობლიურ ბაგრატაშენში დატოვება გადაწყვიტეს. თუმცა ჯონი ამას არ შეეპუა, როცა თანამებრძოლები რომიკის სანახავად გაემგზავრნენ, ისიც მათთან ერთად გაეშურა ერევნისაკენ და დღემდე არ დაუტოვებია საავადმყოფოს შესასვლელი.
ამ დროის განმავლობაში, ერთგულ მეგობრებს ერთმანეთის ხილვის საშუალება მხოლოდ ერთხელ მიეცათ — ეტლში მყოფი რომიკი ძაღლის სანახავად გაიყვანეს.