მამა შალვა: ძალიან ვნერვიულობ

358

მამა შალვა კეკელია აცხადებს, რომ მისი საკვირაო ქადაგება საზოგადოებამ არასწორად გაიგო და ქადაგებისას შშმ პირები არ უგულისხმია.

დეკანოზი “facebook live-ის” დროს ამბობს, რომ საზოგადოების რეაქციის გამო ძალიან ნერვიულობს და ყველა იმ ადამიანს, ვინც მისმა საუბარმა დააბრკოლა, ბოდიშს უხდის.

დეკანოზმა მისი ქადაგება დეტალურად განმარტა და განაცხადა, რომ ხშირად წინაპრის ცოდვებს მომავალი თაობაც იმეორებს და ქადაგებაში ამას გულისხმობდა.

“როცა შვილიც აგრძელებს ასე ცხოვრებას, როცა მშობელს უყურებს და იგივეს აკეთებს. ზუსტად ამაზე მქონდა გუშინდელ ქადაგებაში საუბარი. ნახეს ამ ადამიანებმა რომ ჩვენმა ბაბუებმა, ბაბუის მამებმა ანგრიეს ეკლესიები. ეს თაობა ექცეოდა ეკლესიას საშინლად და დღეს იგივე შვილები და შვილიშვილები, თქვენცო, ზუსტად ეს ვუთხარი ამ გვარამიებს და თქვენც იგივეს აგრძელებთ-მეთქი, ძაან ცუდი შედეგი გექნებათ ამის გამო და შეიძლება ძალიან დაისაჯოთ ამ საქციელის გამო-მეთქი, ამაზე მქონდა გამახვილებული ყურადღება”, – თქვა მამა შალვამ.

შეგახსენებთ, რომ მამა შალვა კეკელიას საკვირაო ქადაგება, 6 დეკემბერს სკანდალური აღმოჩნდა და საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია.

დეკანოზი ამბობდა, რომ ადამიანებს, რომლებიც დღეს ეკლესიას ებრძვიან და მათ ოჯახებს, ამ ცოდვის გამო განსაცდელი და სასჯელი ელით.

„ოჯახებში იბადებიან ინვალიდი ბავშვები, ძალიან მძიმე მდგომარეობაში. მერე ამბობენ, რატომ გვემართება ეს, სულ ახალგაზრდები კვდებიან, ჩვენ გვარში კაცი არ დარჩა. გამოიკვლიე კარგად და მიხვდები, შენმა წინაპრებმა რა გააკეთეს – როგორც ახლა ამ ბიჭმა გააკეთა, როგორც ეს გვარამიები აკეთებენ გადაცემებს, როგორ შეიძლება ამათმა გვარმა გაიხაროს. კი არ ვწყევლი, საკუთარ თავს თვითონ იწყევლიან ამ საქციელებით“, – განაცხადა მამა შალვამ.