“შემზარავია ადამიანთა ნაწილის რეაქცია, სიკვდილ-სიცოცხლის სარეცელზე მყოფ ახალგაზრდა გოგოს მიმართ”

1,002

დეკანოზი თეიმურაზ ქორიძე ზუგდიდში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ეხმაურება და უარყოფითი კომენტარის ავტორებს მიმართავს:

„ეს შემზარავი კადრები ყველამ ნახეთ, მაგრამ არანაკლებად შემზარავი, ადამიანთა ნაწილის რეაქცია იყო, სიკვდილ-სიცოცხლის სარეცელზე მყოფ ახალგაზრდა გოგოს მიმართ, რაც ამ კადრების ქვეშ კომენტარებში იწერებოდა. რამ გაგვაბოროტა? რამ დაგვაკარგინა ასე ადამიანის სახე? ახლა ორიდე სიტყვით, სალომეზე გიამბობთ, ამ ავარიის ერთადერთ დაშავებულზე.

ეს არის საოცარი გოგო, საოცარი შრომისუნარიანობითა და ენთუზიაზმით. წმ. ბერი გაბრიელის ფონდი აქვს და უზარმაზარ ქველმოქმედებას ეწევა. უამრავ მოხუცებულს, უსახლკაროს, ლუკმაპურის არმქონეს ეხმარება. სულ დაკავებულია, სულ სადღაც მიეჩქარება, რადგან მისგან დახმარებას ელოდებიან. ამ დღესაც ასე იყო…

ახლა ამ უშლაგბაუმო გადასასვლელზე გეტყვით – მოგეხსენებათ, რას ნიშნავს „უშლაგბაუმო გადასასვლელი“ ე.ი. აქ მატარებელი არ მოძრაობს სისტემატიურად. ძალიან იშვიათად. (ეს ყველაზე უკეთ მან იცოდა, რადგან დღის მანძილზე მრავალგზის გადადიოდა ამ გზაზე) პანდემიის დროს კი, საერთოდ არ დადიოდნენ მატარებლები. ადამიანებიც მიეჩვივნენ ამ ყოფას და როდესაც სალოს ეჩქარებოდა, მისი გონება გაითიშა და მოხდა ის, რაც მოხდა. (გთხოვთ, უშეცდომონი და საუკეთესო მძღოლები ნუ გამოეხმაურებით ამ კომენტარს)

ისიც წავიკითხე: „აქ სად გადადიოდაო“ – სურათის მიხედვით გაკეთებული შეფასება. ჩემო ძვირფასებო, რასაკვირველია, მანდ არ გადადიოდა, უბრალოდ მატარებელი მყისიერად ხომ ვერ ახერხებს დამუხრუჭებას?… სურათიც ამ დამუხრუჭების შემდეგ არის გადაღებული.

სალომეზე მეტად ეტკინა ვინმეს? სალომეზე მეტად უნდოდა ვინმეს, რომ ეს არ მომხდარიყო? იმის მაგივრად, რომ განსაცდელში მყოფი ახალგაზრდა გოგო გავამხნევოთ და ვილოცოთ მისთვის, ჩვენ ისევ ქვის სროლა დავიწყეთ.

გული მტკივა ჩვენს ასეთ ფსიქოლოგიურ პორტრეტზე. გთხოვთ, ვილოცოთ სალომესათვის.

უფალი შეგეწიოს, სალო! აურაცხელი სიკეთე და აურაცხელი საქმეები გაქვს გაკეთებული (რომელზეც შენ არასოდეს საუბრობ, ჩვენ ხომ ვიცით…) და მამა ზეციერმა ინებოს, რომ მალე წამოდგე ფეხზე და ისევ ისე ომახიანად განაგრძო შენი ძვირფასი საქმის კეთება ! უამრავ ადამიანს უყვარხარ!”, – წერს მამა თეიმურაზი.

შეგახსენებთ, გუშინ ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე ავტომანქანისა და მატარებლის შეჯახების შედეგად, ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატი, 35 წლის სალომე ფაცაცია მძიმედ დაშავდა.