ჟურნალისტი ქეთი ქარდავა, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა, საზოგადოებას საკუთარ გამოცდილებას უზიარებს და სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს. ქეთი წერს, რომ ის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი იყო.
“როგორი იყო კოვიდით ინფიცირება დელტა შტამით ფაიზერი/ასტრაზენეკას ვაქცინით სრულად ვაქცინაციის პირობებში – ბევრს გაინტერესებთ და ამიტომ ყველას ერთად გიპასუხებთ. გაგიზიარებთ თუ როგორ იმუშავა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ ჩვენს შემთხვევაში. მე გავიკეთე ფაიზერის ვაქცინა.
კორონა-პოზიტივთან კონტაქტის მომენტისთვის აცრილი ვიყავი 2 დოზით და მეორე დოზის შემდეგ გასული იყო 14 დღე. კონტაქტი, როგორც უკვე გითხარით, იყო ჩემი შვილი და მასთან ყოფნის დროს სახლში არ მეკეთა პირბადე. ლიზას კორონავირუსი დაიწყო ძლიერი კვებითი ინტოქსიკაციის სიმპტომებით, რაც ყველას გვქონია და კარგად ვიცით.
პირველ დღეს ჰქონდა სიცხე და თან პირდაპირ 39-ით დაიწყო ტემპერატურა. მოგზაურობამდე 2 დღით ადრე საქართველოში პისიარმა ნეგატივი აჩვენა. ტესტი მგზავრობისთვის სჭირდებოდა. აქ ჩამოსვლისთანავე ნეგატივი აჩვენა სწრაფმა ტესტმაც, რომლის მიმართაც ნდობაც დამეკარგა. ლაბორატორიულად კორონას დადასტურებამდე ექიმმა გამოუწერა ელექტროლიტები და სიცხის დამწევი. ტემპერატურამ არ დაიკლო და გაგრძელდა დიარეა, გულისრევა, ძლიერი თავის ტკივილი.
(ლიზას აცრა 31 ივლისს ჰქონდა დაგეგმილი ანუ სრულად ვაქცინაცია კორონავირუსამდე ვერ მოვასწარით თბილისში მოგზაურობის გამო) კორონავირუსიის დადასტურებას და არასასურველ გზავნილს მობილურზე მოჰყვა 10-მდე მესიჯი კორონავირუსის ცენტრიდან და დღეში 10 სატელეფონო ზარი. პირველ რიგში გვირჩევდნენ მშვიდად ყოფნას, გვიხსნიდნენ წითელი ზონისთვის დამახასიათებელ სირთულეებს, სითხის მიღებას, დღეში 10000 ნაბიჯის გავლას, მუცელზე წოლას და ზურგზე წოლისგან თავის შეკავებას, ც ვიტამინის მიღებას, ძირითადად თევზეულის შეტანას დღიურ რაციონში და კონტაქტების დასახელებას. ლიზასთან კონტაქტის გამო მივიღე სპეციალური კოდი ტესტის 2-ჯერ ჩასატარებლად.
პირველ ტესტზე პასუხი იყო ნეგატიური-კორონა FREE. ჰო, დამავიწყდა მეთქვა, ლიზიკოს პასუხის მიღებისთანავე ოჯახში ყველამ 2 პირბადე გავიკეთეთ და ლიზი ცალკე ოთახში გამოვკეტეთ. ბელგიაში კოვიდ სასტუმროების სისტემა არ არის და პანდემიის დაწყებიდან დღემდე საავადყოფოში მხოლოდ ის პაციენტები გადაჰყავთ, ვისაც მკვეთრად გამოხატული სუნთქვითი პრობლემები, თანდართული დაავადებები და ა. შ აქვთ. კორონაზე ნეგატიური იყო ჩემი მეუღლის პასუხიც. მიშკა აცრილია ასტრაზენეკას 2 დოზით. მეორე დოზიდან 2 კვირა იმ მომენტისთვის გასული არ იყო.
ნეგატიურმა პასუხმა გვაფიქრებინა, რომ კოვიდი თავიდან ავიცილეთ. გავაგრძელეთ რეცხვა, ხეხვა, დეზინფექცია და იზოლაცია. მე კორონავირუსი დამიდასტურდა განმეორებით ტესტზე 7 დღის შემდეგ და მიშკას პირველი კონტაქტიდან მე-17 დღეს. ჩვენი კორონავირუსობა თითქმის ერთნაირად წარიმართა. გვქონდა გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომები: სურდო, ცემინება 100/ 200 ჯერ განსაკუთრებით დილის საათებში. ყველაზე მეტად შემაწუხა თვალების ტკივილმა, წვამ, ქავილმა და შეშუპებამ, რომელიც ბოლო დღემდე გაგრძელდა. ერთი დღეც კი არ მქონია სიცხე, სისუსტე, სუნთქვითი პრობლემები, ხველა, ყელის ტკივილი, გულმკერდის არეში სიმძიმე ან თავის ტკივილი. ანალოგიურად იყო ოჯახის ასტრაზენეკით აცრილი პაციენტი. ლიზიკოზე ვნერვიულობდით და კარანტინზე, რომელმაც თავისუფლება შეგვიზღუდა.
კორონავირუსის ყველაზე ცუდი მხარე შიშია. კოვიდი მესიჯის მიღებისთანავე გრთგუნავს. ეს ხომ ჩვეულებრივი ვირუსი არაა, ამიტომ შეიძლება დღეს კარგად იყო და ხვალ ან რამდენიმე საათში დამძიმდე. საკუთარ თავს აკვირდები და ეს მონიტორინგი ჭკუიდან გშლის. მოქმედებს რაც კოვიდზე ნანახი, წაკითხული, მოსმენილი, გაგონილი გაქვს. უამრავი პაციენტის ტრაგიკული ისტორია მოსვენებას არ გაძლევს და თავში 24 საათის განმავლობაში გიტრიალებს .ვაქცინის გარეშე წარმოდგენა არ მაქვს რა იქნებოდა და არც კი მინდა ვიფიქრო. ვაქცინამ დაგვიცვა ყველანაირი გართულებისგან და ფაიზერი/ასტრაზენეკას გამო ასე გადავიტანეთ 21-ე საუკუნის სახადი.
მილიონჯერ შევაქე საკუთარი თავი ვაქცინაზე დროულად დარეგისტრირებისთვის და ბელგიის სახელმწიფო ამ შესაძლებლობისთვის. კორონავირუსს დავხვდით ძლიერი ფარით და ეს ფარი ვაქცინაა. ვაქცინა გვიცავს ჩვენ, გიცავთ თქვენ და ვაქცინამ პანდემია უნდა დაასრულოს. მივიღე უამრავი წერილი და ბევრი იმასაც მწერდა, რომ აი, მე – ორჯერ აცრილს მაინც შემხვდა კორონა და რისთვის ვიკლავდი თავს ვაქცინაზე. ჩემო ძვირფასო მეგობრებო, აცრა გვიცავს 94% – ით. წესების ზედმიწევნით დაცვის და ვაქცინის გამო ივლისამდე კორონა ვერ მომეკარა.
ნუ, როდესაც უკვე სახლში მეწვია, მაშინ გარდაუვალი აღმოჩნდა დაინფიცირება. სამაგიეროდ, ვაქცინის გამო არ მოვხვდი საავადყოფოში და ვარ ცოცხალი. აიცერით დროულად ყველა, ვისაც გიყვართ სიცოცხლე და ერთად დავასრულოთ ეს ომი. ამ ომში გამარჯვებული კორონა არ უნდა იყოს… გისურვებთ ჯანმრთელობას და პანდემიის დროს სწორ მხარეს ყოფნას…. სწორ არჩევანს და თქვენთვის სასიკეთო გადაწყვეტილებების მიღებას. მსოფლიოში ადმინისტრირებულია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 4.58 მილიარდი დოზა. დღესდღეობით დღეში 36.2 მილიონი დოზის გამოყენა ხდება.
ირწმუნე მეცნიერების და ანდე მკლავი პროფესიონალებს, რომლებიც სიცოცხლეს გჩუქნიან. გახსოვდეთ, აუცრელი ადამიანი მკვლელია!!!!” – წერს ქეთი ქარდავა.