“ამის მერე არაფერი მახსოვს, სანამ ჟანგბადის აპარატი არ დამიყენეს…“

ტელეწამყვანის ოთარ ტატიშვილის ვაჟი, შოთიკო სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ მას კორონავირუსი საკმაოდ მძიმე ფორმით შეხვდა.

მის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

„დიდად პოსტების წერით არ გამოვირჩევი, თუმცა ამ საკითხს გვერდს ვერ ავუვლიდი !

ზოგმა იცით, ზოგმა არა, ვიყავი კოვიდინფიცირებული (აჭარის კლასტერი.) თავიდან სახლში დავიწყე მკურნალობა, თუმცა მე-3 დღეს ცუდად გავხდი და სუნთქვა გამიჭირდა და გადმომიყვანეს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, მკურნალობას ვაგრძელებდი პალატაში 3 დღის განმავლობაში. სამწუხაროდ, მდგომარეობა დამიმძიმდა და ფილტვების დაზიანება დაახლოებით 20 ქულამდე ავიდა და გავხდი ძალიან ცუდად, გონება დამებინდა, სატურაცია დამივარდა დაბალზე და სასწრაფო წესით გამაქანეს რეანიმაციაში, რომლის გზის გავლა მახსოვს ფრაგმენტულად და მძიმედ, რეანიმაციაში შესვლისას კი დამხვდა საშინელი სურათი განურჩევლად ასაკისა, პროფესიისა თუ ასე შემდეგ, უამრავი ინტუბირებული ადამიანი, ამან ჩემი მდგომარეობა უფრო დაამძიმა და ამის მერე აღარ მახსოვს არაფერი, სანამ ჟანგბადის აპარატი არ დამიყენეს.

რეანიმაციაში დაახლოებით 4 დღე დავყავი, როგორც ექიმები მეუბნებიან, გამომაძვრინეს იმ ქვეყნიდან, თუმცა თქმა რად მინდა, მე თვითონაც ვგრძნობდი, ახლა საბედნიეროდ, პალატაში ვარ და ვაგრძელებ რეაბილიტაციას, ღმერთისა და ექიმების წყალობით ყველაფერი კარგად მიდის და მალე უკვე სახლს დავუბრუნდები.

რაც შეეხება ექიმებს, ეს ხალხი არის არაადამიანური რესურსის მქონე, ჩემი თვალით რომ არ მენახა, ვერც კი დავიჯერებდი ამ არაადამიანურ შრომას და რესურსს!

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საოცარ პროფესიონალს, დისციპლინის ეტალონს, სიმშვიდის და სულიერების საოცარ მაგალითს ბატონ ლევან რატიანს. რომელიც თითოეული პაციენტზე ისე ზრუნავს, ღელავს და განიცდის როგორც საკუთარ შვილზე!! მადლობა ყველა უმცროს და უფროს ექიმს, მადლობა ყველა ექთანს, რომლებიც ყველას პატარა ბავშვებივით გვივლიან, მადლობა სანიტრებს, ყველა პერსონალს, ვინც აქ დააბიჯებს, თავისი ინფიცირების რისკად. რომ შენ კარგად იყო !!!

PS: სამწუხაროდ, არ ვარ ვაქცინირებული და ეს ჩემს დიდი შეცდომას მიმაჩნია, თუმცა როგორც კი შანსი მექნება, აუცილებლად ავიცრები! არავის მოვუწოდებ, უბრალოდ, სუბიექტური რჩევაა, რომ აიცრათ და ის გზა არ გაიაროთ, რაც მე გავიარე! დაიცავით საკუთარი თავი და სხვები! რეანიმაციაში და ინტენსიურში არც ერთი აცრილი პაციენტი არ ყოფილა, ყველა აუცრელი იყო! #აიცერი“.