“მამაჩემი იყო “კანონიერი ქურდი“, ის ემსხვერპლა გარჩევებს, მასთან ერთად მანქანაში ჩაცხრილეს 16 წლის ბიჭი… მის ადგილას მე უნდა ვყოფილიყავი”

სოციალური ქსელის მომხმარებელი ელისო ფაჩუაშვილი საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს. ამბობს, რომ მამამისი ქურდულ გარჩევებსა და შურისძიებებს შეეწირა.

მამაჩემი იყო ეგრეთ წოდებული „კანონიერი ქურდი”- ეს ბევრმა იცით. იგი ემსხვერპლა ქურდულ გარჩევებს თუ შურისძიებას, როგორც ძირითადად ხდება ხოლმე. მასთან ერთად მანქანაში ჩაცხრილეს 16 წლის ბიჭი, რომელიც მას ღვინის საყიდლად გაჰყვა სახლიდან, ახალი წელი იყო.

ამ ბიჭის ადგილას მე უნდა ვყოფილიყავი, (მამაჩემი გვერდიდან არ მიშორებდა, როცა მასთან ვიყავი) უბრალოდ დედაჩემის სიჯიუტემ გადამარჩინა, რომელმაც იმ ახალ წელს არ გამიშვა მასთან და ეს დიდ ალიაქოთად დაუჯდა.
ფაქტობრივად მეორედ მაჩუქა სიცოცხლე დედაჩემმა.

იმდენჯერ მიფიქრია ამ ამბავზე, როგორ შეეწირა სხვების მახინჯ ცხოვრების წესს ეს უდანაშაულო 16 წლის ულამაზესი ბიჭი, რომლის ადგილასაც მე შეიძლება აღმოვჩენილიყავი ყველა დაშვებით რომ არა დედაჩემის სიჯიუტე.

მარტო იმიტომ ვუხდი მადლობას წინა ხელისუფლებას მთელი ამ ხნის მანძილზე, რომ შეძლეს და კრიმინალური სამყარო, რომელიც ცხოვრებას უმახინჯებდა უამრავ ადამიანს და მათ შორის მათი ოჯახის წევრებს, წელში გადატეხეს. დიახ ზუსტად ასე! ცდილობდნენ ბოლომდე ამოეძირკვათ ეს მანკიერი საბჭოთა კაგებეს მიერ შექმნილი მონსტრი.

სამაგიეროდ დღევანდელი ხელისუფლება დგას მათ ზურგზე, თავს ანგარიშვალდებულად მიიჩნევს მათ წინაშე, რადგან არჩევნებში ყოველი მათი გამარჯვება დიდწილად მათი დამსახურებაა. ხომ და ასე ჩახუტებულები გვამხობენ თავზე ქვეყანას.

ამ ახალგაზრდა ბიჭის მკვლელობამ შემძრა და მკვლელობის სავარაუდო ვერსიამ ჭრილობები განმიახლა…პ.ს.მამაჩემი კარგი მამა იყო. სრულად დემორალიზებული ვარ“, – წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.