2007 წლის 20 მაისს თბილისში მოკლული მეცნიერის გურამ შარაძის შვილი, რუსუდან შარაძე მეგის ქარდავას ექსტრადიციის საკითხს ეხმაურება და სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს.
„რამდენიმე წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა, მამაშენის ერთ-ერთ მკვლელს, სადისტ მეგის ქარდავას თბილისში ჩამოათრევენ და რეაქცია არ გექნებაო, – პროვოკატორი ხარ, ვიღაცა ხარ-მეთქი, ვეტყოდი.
ვინ არ მირეკავს და მწერს, უხარიათ და მადლობის მეტი რა მეთქმის. უბრალოდ, იმდენჯერ გამიხარდა და აღმოჩნდა, რომ სულ ტყუილად, ჩემდა უნებურად, სრულიად ინდიფერენტული ვარ. ჩასაფრებული სხვა დროს არ ვყოფილვარ და ახლა მით უმეტეს. ყველაზე მეტად მე გამიხარდება, თუ რამე სასიკეთო მოხდება. როგორც ათასჯერ მითქვამს, სწორედ, მეგის ქარდავას ეპიზოდზე განახლდა მამაჩემის მკვლელობის საქმე 2014 წელს.
დღეს, პროკურორს რომ ვუსმინე, კინაღამ ჭკუიდან გადავედი, ისე შემზარა ამ კაცის მსგავსის სისასტიკემ. არადა, ყველა საქმე ვიცოდი და კიდევ რამდენი ვიცი, ისევე როგორც თქვენ იცით და რაზედაც გამოძიებაც არაა დაწყებული.
ნეტა თავად თუ ხვდება ეს ერთუჯრედიანი ცხოველი, რომ ერთადერთი, თუ რამე უშველის, აღიარება და გულწრფელი მონანიებაა. თუ ჰქვია შველა, თორემ სულ რომ სამუდამო მიუსაჯონ, ან ხვალვე გამოუშვან, ამდენ ცოდვას სად გაექცევა“,- წერს შარაძე.