მომღერალი ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში ქეთი ლოლაძის მოგონებას აქვეყნებს, რომელიც პატრიარქის ტახტის მოსაყდრეს მეუფე შიოს ეხება.
“მეუფე შიო მახსოვს პირველად რომ ვნახე კონსერვატორიაში, მზესავით იყო, ნათელი, თბილი, ფუმფულა და საყვარელი. სულ ღიმილით, მაშინაც წვერიანი დადიოდა ეს პატარა 17 წლის ბიჭი და ირგვლივ სიკეთეს და სითბოს აფრქვევდა.
🖍️ არ ვიცი მეჩვენებოდა თუ არა რომ ყველასგან განსხვავებული იყო გარეგნობით თუ ხასიათით. მერე მახსოვს პირველად მოვისმინე როგორ უკრავდა, უკრავდა ჩელოზე, მაშინ კი დავრწმუნდი, რომ ნამდვილად ყველასგან განსხვავებული იყო. ეს არ იყო ჩვეულებრივი მუსიკალური ნიჭით დაჯილდოვებული პატარა ბიჭი, სცენაზე ზრდასრული, ჩამოყალიბებული მუსიკოსი იჯდა.
🌿 ისიც მახსოვს თუ როგორ ”აფეთქდა” მისი სახელი პირველივე კონცერტიდან, როგორ ეხვეოდნენ თავს პროფესორები და ლექტორები, კომპლიმენტებს არ იშურებდა არავინ, წარმატებულ მომავალს ხედავდნენ მასში. ასე გახდა ყველასათვის საყვარელი ელიზბარი, მუსიკოსი რომლის პირველივე ბგერიდან ბურთი გებჯინებოდა ყელში და ცრემლი გერეოდა ისე უკრავდა…
❓რა მომენტში დავმეგობრდით არ მახსოვს, მახსოვს ჩვენს შორის ორი საერთო ინტერესი და სიყვარული გამოიკვეთა: ჯაზი და მურაბა.
💫 მერე იყო ჩემთან სამზარეულოში ღამეების თენება, გაუთავებელი საუბარი ყველაფერზე და არაფერზე(მურაბის და ჯაზის თანხლებით რა თქმა უნდა).
🖍️ერთხელაც უცებ საიდუმლო გამიმხილა, თუ როგორ აპირებდა ჩელოსთან განშორებას და სხვა გზის არჩევას. თავიდან მეგონა ხუმრობდა, მახსოვს დავცინე კიდეც (პირველი რეაქცია იყო ასეთი) და მე რომ იმ ღამეს ხუმრობა მეგონა, ჩემს მაესტროს (იმ დროს კონსერვატორიის რექტორს) ბატონ ნოდარ გაბუნიას სულაც არ ეხუმრებოდა.
👉 რა არ მოუყვანა მაგალითად, ვისი ბიოგრაფია არ გაახსენა და წაუკითხა, როგორ არ ეცადა გადაეთქვა ელიზბარს თავისი გადაწყვეტილება,როგორ ემოციურად უხსნიდა მთელი თავისი არსებით რომ მუსიკაა სწორედ ის გზა, ღვთის გზა, რომელიც უფალთან მიიყვანდა, რომ მუსიკაც ბუნების ძალაა ღმერთისგან შექმნილი…ყველაფერი ამაო იყო.
🍁 ელიზბარი ჯიუტად თავისას ითხოვდა. ვიჯექი როიალთან ხმა გაკმენდილი და ვუსმენდი მათ დიალოგს( უფრო კამათს).ვიჯექი და მთელი გულით მამა ნოდარის მხარეს ვიყავი იმ წუთას.
🍁გვენანებოდა ელიზბარი, გვენანებოდა მისი მონაცემები, ნიჭი, უზადო შესაძლებლობები, მომავალი, კარიერა და ვინ მოთვლის კიდევ რა…
🖍️ ის კი ჯიუტად ითხოვდა ხელმოწერას კონსერვატორიიდან გარიცხვის შესახებ. ასეც მოხდა, დაიყოლია, აიღო ფურცელი, თვალი ჩამიკრა და გაუჩინარდა.დაგვტოვა დამუნჯებული.
იმ დღეს გაკვეთილი ვეღარ გავაგრძელეთ, განწყობა გაქრა, შევყურებდით ერთმანეთს მაესტრო და მე გაკვირვებული, ჩუმად, უხმოდ.
〽️ მას მერე წლები გავიდა არაფერი მსმენია მასზე. ნოდარ გაბუნიას პანაშვიდზე ყველა მამაოს ელოდა წესის ასაგებად, და შემოვიდა მამაო, ისევ ისეთი ნათელი სახით, ისევ მზესავით თბილი, მშვიდი და ისევ ყველასგან განსხვავებული.როგორი გულწრფელი იყო, როგორი პასუხისმგებლობით აღასრულა რიტუალი..
👉 ისევ სამზარეულოში აღმოვჩნდით, ამჯერად გაბუნიებთან სახლში, ვისხედით პირისპირ, ვუყურებდით ერთმანეთს და ხმას არ ვიღებდით. რაღაც ერთი საერთო ტკივილი გვქონდა, დიდ მაესტროს ვემშვიდობებოდით, ბოლოს გაიღიმა, წამიერად ერთი და იგივე აზრი დაგვიტრიალდა თავში, დუმილი კი მან დაარღვია და მითხრა:”ქეთი,წლების წინ, მაშინ, ნოდართან კაბინეტში,ჩვენ სამნი რომ ვისხედით, რომელიმე ვიფიქრებდით რომ ბატონ ნოდარს ამ ცხოვრების უკანასკნელ გზაზე მე გავაცილებდი?”.
ნამდვილად ვერ ვიფიქრებდით ვერც იმას და ვერც ამას თუ რა ხდება დღეს მის თავს.
✨ ისე ცხოვრების მანძილზე დრო და დრო სულ შემთხვევით ვეკვეთებოდით ერთმანეთს(ამით აღარ შეგაწყენთ თავს) ბოლოს ორი წლის წინ ვნახე, სენაკში, სადაც ვალერიან შიუკაშვილის ფესტივალი იმართება ყოველწლიურად. დარბაზში იჯდა, მომეჩვენა რომ იმ ნათელ გამომეტყველებას დარდი ქონდა შეპარული, ცოტაც მობერებული, თმა-წვერ თეთრიანი, სევდიანი იყო.
👉 სცენაზე პატარა ჩელისტი ბიჭი ავიდა, როგორც კი დაკვრა დაიწყო, სახე გაუნათდა ისევ, თვალებში სითბო ჩაეღვარა და გაეღიმა.
👉 ჰო და კიდევ კვერთხი ეჭირა, რომელსაც თვალი რომ გავაპარე თითებს ამოძრავებდა აღმა-დაღმა, უკრავდა ალბათ გულში.
ჯანმრთელობას, მხნეობას და გამძლეობას ვუსურვებ ამ ნათელ და კეთილშობილ ადამიანს.”