ალეკ ბოლდუინის ტრაგედიამ რომელიც ფილმის გადაღების დროს მოხდა მსოფლიო დაამწუხრა.
მსახიობმა და რეჟისორმა გადასაღებ მოედანზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, რის
შედეგადაც ოპერატორი ქალი გარდაიცვალა, ფილმის რეჟისორი კი დაიჭრა.
მედიის ინფორმაციით, მსახიობმა გაისროლა პისტოლეტიდან, რომელიც ფუჭი ვაზნებით უნდა
ყოფილიყო დატენილი.
ასევე BBC -ს ინფორმაციით გასროლამდე მას უთხრეს რომ იარაღი უსაფრთხო იყო.
ალეკ ბოლდუინის ტრაგედიას აშშ- ში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი ცისნამი საყვარლიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება და მათ მეგობრობაზე წერს.
“პირველად ალეკი 2017 წელს გავიცანი. ჩვენთან მოვიდა შობის დღეს. ჩემმა მეუღლემ ჩემი თავი გააცნო, მან თქვა თავისი სახელი – ალეკი და გამიღიმა. თვალებში ვუყურებდი და ვფიქრობდი, ვახ, საიდან ვიცნობ ამ კაცს, ღმერთო ჩემო, რა ნაცნობი სახე აქვს, სად მყავს ნანახი? არავის არ უთქვამს ჩემთვის, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავი მოვიდოდა ჩვენთან.
სანამ ალეკი ჩემს ძვირფსს დედამთილს ტკბილად ესაუბრებოდა და ჩემს მიერ მომზადებულ
საშობაო ორცხობილას აგემოვნებდა, ჩემმა მეუღლემ მითხრა ვინც იყო და კინაღამ გადავირიე
სიხარულისგან. ვგიჟდები ფილმზე #WorkingGirl და ალეკი ისეთი სიმპატიურია ამ ფილმში. მისი მონაწილეობით ყველა ფილმი მიყვარს. თუ გახსოვთ, #GogaTV-ის გვერდიდან ჩაგერთეთ ლაივში მაგ დღეს და შობა მოგილოცეთ სრულიად საქართველოს ჰემპტონებიდან.
ასე დაიწყო ჩემი და ალეკის მეგობრობა. ვიყავი მისი #Podcast-ების ჩაწერაზე ნიუ-იორკში, #hamptonfilmfestival-ის ყველა საღამოზე, აქტიურად ვაზიარებდი სიახლეებს მის საქმიანობაზე სოციალურ ქსელში. მას და ჩემს ქმარს 30 წლის მეგობრობა აკავშირებთ.
მე და ალეკს კი 4 წლის. მისი დიდი მადლიერი ვარ. ალეკმა დაწერა ულამაზესი წერილი ჩემზე და საემიგრაციოს გაუგზავნა. მახსოვს “გრინ კარტის” გასაუბრებაზე, როცა საემიგრაციო ოფიცერი ალეკის წერილს კითხულობდა, სახე სიხარულით ევსებოდა. ასე ვთქვათ, მისმა წერილმა დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ მე დღეს “გრინ კარტა” მაქვს.
ამ ფაქტის მერე უფრო მეტად ვაფასებ, ამ ძვირფას ადამიანს. მერე ჯაჯომ ჩაწერა გადაცემისთვის და მახსოვს როგორ გულის ფანცქალით ველოდებოდით ყველანი მის მოსვლას. ვიცნობ მის მეუღლეს, ჰილარიას, მის ულამაზეს შვილებს და მინდა მათ იცოდნენ, რომ ჩვენ მათ გვერდით ვართ და
ყველაფერი კარგად იქნება. კიდევ ბევრის დაწერა შემიძლია ალეკზე. ვინც არ იცნობს, ამბობს რომ ბრაზიანი კაცია, არადა, ძალიან თბილი და კეთილი გული აქვს. ვგიჟდები ჩვენს მოკლე საუბრებზე დილაობით, როცა ”კოფი შოპ ჯეკიში” ვხვდებით. ძალიან მიყვარს და მინდა რომ გამაგრდეს და არ ინერვიულოს. საშინელი ტრაგედია მოხდა და უზომოდ ვწუხვარ. მას ჩვენი მხარდაჭერა და
სიყვარული აქვს. ძვირფასო ალეკ, მინდა რომ კარგად იყო. გვიყვარხარ. სისი და სასი” – წერს საყვარლიშვილი.