რომის სამრევლოს წინამძღვარი იოანე ხელაია, რომელიც საქართველოში 4 წლის განმავლობაში არ ყოფილა, სამშობლოში ახლა დაბრუნდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ხელაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“4 წელზე მეტია არ ვყოფილვარ თბილისში, ყოველ ჩამოსვლაზე ჩემი მეგობარი პატიკოს მოკრძალებული პატარა კომპაქტური ავტომობილით ვმოძრაობ, ვცდილობ არ გავაღიზიანო და აგრესია არ გამოვიწვიო, მამაოებზე აცრილ საზოგადოებაში, ამდენი წლის მერე მონატრებულმა პატიკოს მანქანით გადავწყვიტე ჩემს საყვარელ ქალაქში გასეირნება.
პირველივე დღეს ფალიაშვილის ქუჩაზე მივსეირნობ და ვგრძნობ დიდ აგრესიას, ხელების ქნევას და ლანძღვა თავის სიგნალებით, გულში ვფიქრობ მაგარ ჯიპზე მე არ ვზივარ, ასე რამ შეაძულათ სასულიერო პირებითქო, უცებ ერთი ახალგაზრდა გამოენთო, თავისი მანქანის კარები გააღო, გადამიდგა წინ და მლანძღავს.
თავი გავყავი მოკრძალებულად, ჩემო მეგობარო რა დაგიშავე ასეთი, რამ შეგაძულათ ასე საეკლესიო პირებითქო. მიხვდა რომ მამაო ვიყავი. არა მამაო, სულაც არ მძულს სასულიერო პირებიო, უბრალოდ მთელი გზაა საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობთ, ძალიან მშვიდი სახითო. მოვუბოდიშე და ავუხსენი, რომ 4 წელზე მეტია არ ვყოფილვარ საქართველოში. მოკლედ პატიკოს მოუვიდა 7 ჯარიმა, პატრულმა გამაჩერა 3 ჯერ. გადავწყვიტე ავტომობილის გარდა მემოძრავა სხვა და სხვა ტრანსპორტით.
p.s ისე იტალიაში 11 წლის მანძილზე სულ ვარ სამჯერ ან ოთხჯერ დაჯარიმებული,”-წერს იოანე ხელაია.