რატომ გადაიფიქრა აკა სამხარაძემ თამო ვაშალომიძისთვის ხელის თხოვნა

მოდელმა თამო ვაშალომიძემ არაერთხელ დააანონსა, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა აქვს და აუცილებლად სჭირდება ქირურგიული ჩარევა. მისივე თქმით, ოპერაციის გაკეთებას გერმანიაში აპირებდა, თუმცა, ხანგრძლივი რეაბილიტაციის პერიოდი სჭირდება და ამის გამო, გადაიფიქრა. როგორია თამოს ჯანმრთელობის მდგომარეობა, თავად გიამბობთ.

თამო ვაშალომიძეფეხის ტერფზე მაქვს პრობლემა – პოდაგრა და აუცილებლად მჭირდება ოპერაცია. იქიდან გამომდინარე, რომ შემდეგ რეაბილიტაციის პერიოდი რთულია და გამიჭირდება ფეხსაცმლის ჩაცმა, დროებით გადავდე და თებერვალში ვაპირებ გაკეთებას. როგორც ვიცი, ოპერაცია, დაახლოებით, 4 საათი გაგრძელდება, რადგან საკმაოდ რთული შემთხვევაა, ორი თითის გარდა, ყველა აღსადგენია. მოსალოდნელი საფრთხის შესახებაც გამაფრთხილეს – ოპერაციის დროს შესაძლოა, 2 თითის მყესი დაზიანდეს და თითების მოხრა ვეღარ შევძლო. თუმცა, ქირურგიული ჩარევა გარდაუვალია, თავიდან ვგეგმავდი გერმანიაში გაკეთებას, მაგრამ იმის გამო, რომ რეაბილიტაციას დიდი დრო სჭირდება, გადავიფიქრე.

ამ ეტაპზე რამდენად გაწუხებს?

– ახლა შედარებით კარგად ვარ, მაგრამ მიჭირს ფეხსაცმლის ჩაცმა, მოჭერილს ვერაფერს ვიცვამ – ტკივილები მაქვს. როგორც მითხრეს, ამ დაავადებამ შეიძლება, ხერხემლის პრობლემაც გამოიწვიოს, ან ფეხის დეფორმაცია და სამომავლოდ უფრო გამირთულდეს. აქამდეც მინდოდა ოპერაციის გაკეთება, უბრალოდ ვერ მოვახერხე – ხან ორსულად ვიყავი, ხან დრო არ მქონდა. მარტივი მეგონა, მაგრამ საკმაოდ რთული ყოფილა.

ორი შვილის დედა ძალიან კარგად გამოიყურები, ისევ ვარჯიშობ?

– აღარ ვვარჯიშობ, რადგან მეგონა, ოპერაციას გავიკეთებდი და ჩაგდება არ მინდოდა. ვარჯიშის დროს „ჩავარდნა“ არ არის კარგი და ამიტომ, დროებით დავანებე თავი. ვარჯიში ფორმებს გვინარჩუნებს, კვება – წონას. ვცდილობ, წონა კვებით შევინარჩუნო, რადგან მასზე ბევრი რამაა დამოკიდებული. ვაკონტროლებ და 60 კილოგრამზე ზემოთ არ ვუშვებ, ერთ კილოგრამსაც თუ მოვიმატებ, ვცდილობ, დავიკლო. ეს წონა კვებით შევინარჩუნე, ოღონდ არ ვარ ძლიერ დიეტებზე. ადრე მახსოვს, ვშიმშილობდი ხოლმე, უმარილო, უცხიმო საკვებს ვჭამდი და ამის გამო სულ სტრესი მქონდა, ყოველთვის მშიოდა. ახლა ვჭამ ყველაფერს, უბრალოდ, შევამცირე ბურგერები, ტკილეული და არაჯანსაღი პროდუქტები.

მეორე ბავშვის გაჩენის შემდეგ, თითქოს იმდენად აღარ ჩანხარ. დროის ამბავია თუ, უბრალოდ, ასეთი პერიოდი გაქვს?

– სატელევიზიო გადაცემების ხშირი სტუმარი ვარ და ამ მხრივ, ჩავარდნა არ მქონია, უბრალოდ, ზოგ ტელევიზიაში თავად არ მივდივარ საკუთარი პრინციპებიდან გამომდინარე. რაც შეეხება თეთრეულის თემას, ეს საკითხი ჩემთან დაიბლოკა და თემატურად შევცვალე მიმართულება.

რატომ?

– როცა ქართული ოჯახის წევრი ხარ და ქართველი მამაკაცის ცოლი, ფიზიკურად ვეღარ დაილაგებ ხინკლებს სხეულზე. თუმცა, შეგიძლია დეკოლტე ჩაიცვა და სხვა მიმართულებით იყო მოთხოვნადი. სხვათა შორის, ფინანსური კუთხით, ახლა ბევრად მეტი შემოსვალი მაქვს „ინსტაგრამზე“, ვიდრე მაშინ თეთრეულებით რომ ვიღებდი და ბევრად თამამი ვიყავი.

გამომწერების რიცხვმა მოიკლო თუ მოიმატა?

– არასოდეს ვუყრებდი გამომწერების რაოდენობას და იმას, თუ რომელ საათზე დამედო ფოტო, რათა უფრო მეტი ნახვა ჰქონოდა. მყავს ახლობლები, რომელთაც ზუსტად აქვთ გაწერილი დროები, მე ეს არ მაინტერესებს, რადგან უფრო ტელევიზიიდან ვარ ცნობილი და არა „ინსტაგრამიდან“. ტელევიზიის გოგო ვარ და ეს პოლიტიკური თემები რომ გადაივლის, რაღაც გეგმები მაქვს… სოციალურ ქსელში მქონდა საკუთარი გადაცემა, რომელიც დავხურე. მაშინ ორსულად ვიყავი მაქსიმეზე, კოვიდი იყო, ვერაფერს ვაკეთებდი და ვიფიქრე, გავერთობოდი. მივხვდი, რომ მსგავსი ტიპის გადაცემები ჩემი არ არის. თუ გინდა, გადაცემა კარგი გამოვიდეს, აუცილებლად უნდა ჰკითხო რაღაც, რაც სკანდალს ააგორებს. მე კიდევ არ შემიძლია ასეთი რამ საჯაროდ ვკითხო ადამიანს. ეს დრამა ჩემი არაა – უფრო ხალისი და გართობა მიყვარს, ამიტომ დავხურე.

თანაცხოვრებამ როგორ შეცვალა შენი და აკას ურთიერთობა?

– უფრო უკეთ გავიცანით ერთმანეთი. თანაცხოვრება ბევრ რამეს ცვლის, ეს ყველა წყვილის შემთხვევაში ასეა. ამ პერიოდის განმავლობაში ბევრი რამ ვასწავლეთ ერთმანეთს. რაც შეეხება ცხოვრებას, ბავშვებთან უფრო ვარ, რადგან ყველა ბავშვი იმსახურებს, დედა გვერდით ჰყავდეს. აკას გვერდით სულ სხვანაირი გავხდი. ხანდახან მგონია, ჩემს ცხოვრებაში ბევრი თამო დაიბადა. ცხოვრების ყოველ ეტაპზე ახალი ადამიანი ვხდები და „ძველ თამოებს“ ვეკითხები: რა განერვიულებდა? რაზე განიცდიდი? ამ 2 წელში უფრო გავიზარდე და დღევანდელი გადმოსახედიდან სულ სხვა თვალით შევხედე ყველაფერს. ჩვენ ჯერ არ დავქორწინებულვართ, აკას ხელიც კი არ უთხოვია, მაგრამ ყველაფერი წინ გვაქვს.

რას ელოდებით?

– ხელის თხოვნას (იცინის) და მერე იქნება ქორწილი. გვინდა, ძალიან კარგი ქორწილი გვქონდეს. ვფიქრობ, ყველა ქალი იმსახურებს სასურველ ქორწილს და მეც მინდა, ლამაზი და გრანდიოზული გამოვიდეს, თუმცა კოვიდის გამო ეს ახლა შეუძლებელია. რაც შეეხება ხელის თხოვნას, უკვე ორი წელია, ველოდები (იცინის). ერთხელ ისე მოხდა, რომ ჩემდა სამწუხაროდ, გამოვიცანი ხელის თხოვნის დღე და აკამაც გადაიფიქრა. ნათქვამი აქვს, შენ არ უნდა იცოდე ამის შესახებო და მოკლედ, ჩავუშალე გეგმები.