„ცეკვავენ ვარსკვლავების“ შესანიშნავი მონაწილეები, მოცეკვავეთა წყვილი ოთო ფოლადაშვილი და ჯულიანა ბარ-გნარი პროექტს დასაწყისიდანვე მოჰყვებიან, წყვილში კი უკვე წლებია, რაც არიან და უამრავი ჯილდო აქვთ მოგებული. ისევე, როგორც მოიგეს ძალიან მნიშვნელოვანი – მაყურებლის სიყვარული და სითბო.
Fortuna.ge-სთვის ინტერვიუს მკაცრი გრაფიკის მიუხედავად დათანხმდნენ და „აკადემია ლაუნჯის“ მყუდრო გარემოში ძალიან ხალისიანი საუბარიც შედგა, ფოტოსესიასთან ერთად.
„ცეკვავენ ვარსკვლავებს“ მოჰყვებით პირველი სეზონიდან. როგორია მეათე საიუბილეო სეზონში მონაწილეობა, რა მოგიტანათ ამ პროექტმა?
ოთო:
პირველ სეზონზე 17 წლის ვიყავი, შესაბამისად, ამ პროექტთან ერთად გავიზარდე და ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მან მომცა, პირველ რიგში, ხალხის სიყვარული, რომელიც დღემდე მომყვება. არ ვიცი, რითი გადავუხადო და დავუბრუნო საზოგადოებას ეს სიყვარული და სითბო, ამიტომ ამქსიმალურად ვცდილობ, ყოველ ჯერზე ისეთი ცეკვები შევასრულო, რითაც მაყურებელს სიამოვნებას მივანიჭებ. ათი წლის განმავლობაში რუსკა მაყაშვილთან და ანკა ვასაძესთან ერთად მოვიგე ორჯერ „ცეკვავენ ვარსკვლავები“ და მხოლოდ ერთ სეზონში არ ვმონაწილეობდი. პანდემიის ფონსაც თუ გავითვალისწინებთ, ამხელა ჩავარდნა წინა სეზონის შემდეგ პროექტს არ ჰქონია. როგორც ხალხს მოენატრა ეს პროექტი, ასევე – ჩვენც და ძალიან გვსიამოვნებს მეათე სეზონის დაწყება.
ჯულიანა:
მეც ასე ვფიქრობ, რომ ამ სეზონებთან ერთად გავიზარდეთ და ჩამოვყალიბდით პიროვნებებად. უფრო გავიხსენი შინაგანად, თავდაჯერებული გავხდი და დავრწმუნდი ჩემს შესაძლებლობებში, რადგან როცა პატარა გოგო ხარ და პირველად გამოდიხარ დიდი პუბლიკის წინაშე, სულ არის პატარა ეჭვები, არ იცი, როგორ მიგიღებენ. მეორე – რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ვეთანხმები ოთოს – ეს არის ხალხის სიყვარული ჩვენდამი, რაც მაძლევს დიდ სტიმულს, უფრო და უფრო განვვითარდე და ვიყო გამორჩეული შემდეგ სეზონებში. ამ პროექტს აქვს კიდევ ერთი პლუსი – ურთიერთობები ახალ საინტერესო ადამიანებთან, რაც პიროვნულად ასევე გზრდის.
შეიძლება ითქვას, რომ თქვენ ამ პროექტმა ვარსკვლავებად გაქციათ…
ჩვენ ყოველთვის ვფიქრობთ საკუთარი თავის განვითარებაზე და არ ვფიქრობთ ვარსკვლავობაზე. რაც დღეს გვაქვს, დავიმსახურეთ დიდი შრომის შედეგად. ახლაც არ ვაპირებთ გაჩერებას. ვარსკვლავობაზე ჩაციკვლა დიდად აუცილებელი არ არის, უნდა ფიქრობდე შენს პროფესიაზე და განვითარებაზე.
ოთო:
როცა საქმეს ხელს ვკიდებ, ვცდილობ, მაქსიმალური შედეგი მივიღო. მოტივაციამ და ჩემმა შემართებამ, დამოკიდებულებამ მოიტანა ის შედეგი, რაც დღეს გვაქვს.
რა სირთულეებია, როდესაც პროფესიონალ მოცეკვავეს უწევს სცენაზე გამოსვლა ისეთ ადამიანთან, რომელსაც შეიძლება, მანამდე შეხება არ ჰქონია.
ეს არის ძალიან საინტერესო პროცესი და ამას გულწრფელად ვამბობ. ძალიან იღბლიანი ვარ და არაერთხელ მითქვამს, რომ მუდამ გამორჩეული მეწყვილეები მხვდებიან პარტნიორებად.
ხშირად გამიგია, სხვა მოცეკვავეებს შურთ ოთოსი, სულ ძალიან მაგარ გოგონებთან ერთად ცეკვავსო.
(იცინის) ხშირად ამბობენ ამას. მეც თამამად ვიტყვი, რომ ყველა სეზონის გამორჩეული ვარსკვლავი გოგონა ჩემთან ცეკვავდა.
და რაც მთავარია, შენთან ცეკვავს ჯულიანა…
ოთო:
რა თქმა უნდა!..
ჯულიანა:
მე ვარ მისი ყველაზე დიდი იღბალი (იცინიან).
ოთო:
დამოკიდებულება ყველასთან ინდივიდუალურია, თუმცა ყველა შემთხვევაში დიდ შრომას მოითხოვს და შედეგი ყველასთან ერთია. მიზანი – აუცილებელი პირობა არის ის, რომ ყველა ჩემმა მეწყვილემ მაქსიმუმი უნდა წარმოაჩინოს.
ჯულიანა:
მე და ოთო ამდენი წელია, ერთად იმიტომ მოვდივართ, რომ ერთი მიზანი გვაქვს – ორივე ჩვენგანი მაქსიმალისტია. ორივე ჩვენგანი დიდი ხანია, ამ პროექტში ვართ და გამოცდილება თავისას შვრება. ზუსტად ვიცით, რაზე უნდა ვავარჯიშოთ ჩვენი ვარსკვლავი, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ ნომერი იყოს ეფექტური და რას – არა, რადგან აზრი არა აქვს და დროს ტყუილად დავკარგავთ. კარგი შედეგისთვის ეს ყველაფერი აუცილებელია.
ფიზიკური მომზადება და ნიჭი აუცილებელია, მაგრამ ნერვების ომიცაა. მეწყვილემ ხელი უნდა შეუწყოს, რადგან შეიძლება, ვარსკვლავი ყველაფრისთვის მზად არ იყოს, ამიტომაც ჩვენ ფსიქოლოგიურადაც ისე ვამზადებთ, რომ ეს მნიშვნელოვანი ხდება მონაწილეობისთვის, კარგი გამოსვლისთვის და ბოლოს – მოგებისთვისაც. მეც და ჯულიანასაც ორ-ორჯერ გვაქვს მოგებული „ცეკვავენ ვარსკვლავები“.
თქვენ, როგორც წყვილი, ტურნირებში, ალბათ, პანდემიის გამო ვერ მონაწილეობთ.
ჯერჯერობით ასეა. პროფესიონალური კონკურსები ადრინდელი სიხშირით აღარ ტარდება, არადა, მოცეკვავისთვის აუცილებელია და მას ძალიან ზრდის. საზღვარგარეთ ნელ-ნელა დაიწყო ტურნირები, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ვრისკავთ წასვლას – ხან რომელი ქვეყანა აღმოჩნდება ხოლმე წითელი ზონა და ხან – რომელი, თუმცა გეგმები გვაქვს, რასაკვირველია.
ეს დრო მე და ჯულის არ გაგვიცდენია, სულ ფორმაში ვართ და ვვარჯიშობთ. უნდა ვიყოთ მზად, პირობითად, ერთ თვეში კონკურსზე გამოსასვლელად. მოცეკვავემ ერთი და ორი წელი რომ არ იცეკვოს, შანსი არ არის, რომ მერე ფორმაში ჩაჯდეს. ჩვენ კი მთელი პანდემია არ გავჩერებულვართ და უფრო ძლიერად დავიწყეთ ვარჯიში. როგორც კი ეს ვირუსი მოგვშორდება, ვეცდებით, ჩვენი გულშემატკივარი პრიზებით გავახაროთ!..
ჯული, ერთმანეთის კონკურენტები რომ ხართ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“, ეს თქვენს ურთიერთობაზე როგორ მოქმედებს? ფინალშიც შეხვედრიხართ ერთმანეთს.
ძალიან კარგად მოქმედებს!.. მე და ოთომ იმდენად გავითავისეთ, რომ ერთი გუნდი ვართ – როცა მსგავს პროექტებში ვმონაწილეობთ, ამ საქმესაც გუნდურად ვუდგებით. ჩვენ და ჩვენი მეწყვილეები, შეიძლება ითქვას, ერთად ვმუშაობთ. ვცდილობთ, პირიქით, ერთმანეთს ხელი შევუწყოთ და ზუსტად ამაშია ჩვენი სიძლიერე. ერთმანეთს არ ვებრძვით და კონკურენტად არ მივიჩნევთ, ამით კი ხშირად მოგებულები ვრჩებით.
ჯულიანა, „ცეკვავენ ვარსკვლავების“ პირველი სეზონიდან მოყოლებული, სულ ისმის კითხვა, ჯულიანა თუ სალომე ჭაჭუა? შენზე როგორ მოქმედებს ეს შედარება?..
რა თქმა უნდა, გამიგია ეს შედარება, მაგრამ ამ ინფორმაციას ადეკვატურად ვიღებ. ძალიან მიყვარს ძლიერი კონკურენტები და ვარ ადამიანი, რომელსაც შეუძლია აღიარება, როცა არსებობს თავისი საქმის პროფესიონალი. მე და სალომეს არასდროს გვქონია კონფლიქტი და დაძაბულობა, რადგან ორივე ერთნაირად ვუყურებთ ამ საკითხს – ერთმანეთს დიდ პატივს ვცემთ, სალომეც ძალიან შრომისმოყვარე ადამიანი და პროფესიონალია და ჩემს თავზეც იმავეს თქმა შემიძლია. ამასთან ერთად, არასდროს ვარ ძიებაში, აბა, ვინ გამასწრო… ყოველთვის ვფიქრობ საკუთარი თავის განვითარებაზე, ამიტომ ასეთი შედარება არის ბუნებრივი მოვლენა და უნდა იყოს კიდეც. გემოვნებაზე არ დაობენ. ვიღაცას ასეთი მოსწონს, ვიღაცა – ისეთი. ორი განსხვავებული მოცეკვავეა და ორივე კარგია.
თქვენს სტუდიაზეც გვესაუბრეთ…
ოთო:
ჩვენთვის სტუდია ის ადგილია, სადაც დიდ დროს ვატარებთ. დიდ ყურადღებას ვუთმობთ ჩვენს მოსწავლეებს და ძალიან გვიყვარს ისინი. კარგი მოცეკვავეობა ავტომატურად არ ნიშნავს კარგ ქორეოგრაფობას. ვცდილობთ, ჩვენი სპორტული კარიერის აწყობის კვალდაკვალ, ჩვენი მოსწავლეებიც გახდნენ ჩემპიონები. ყოველ ჯერზე, როცა კონკურსები ტარდება და ჩვენი მოსწავლეები იმარჯვებენ, ძალიან გვიხარია და გვაბედნიერებს ეს ფაქტი.
ჯულიანა, აღნიშნე, რომ შენ და ოთო ჰგავხართ ერთმანეთს, რა განგასხვავებთ?
მიზნები გვაქვს ერთი, მაგრამ ხასიათით ძალიან განსხვავებულები ვართ. ვერ ვიტყოდი, რომ ეს არ მომწონს, პირიქით. მე და ოთო 12 წელია, მეწყვილეები ვართ. ამ წლების განმავლობაში ოთოსგან ბევრი სასარგებლო რამ ვისწავლე და ვსწავლობ დღემდე. ზოგადად, ვფიქრობ, რომ ურთიერთობებზე მაგარი არაფერია. რაც უფრო საინტერესო ადამიანთან ურთიერთობ, მით უფრო საინტერესოა ცხოვრება. ძალიან გამიმართლა, რადგან ოთო არამარტო ფიზიკურად არის ძლიერი ადამიანი, არამედ ხასიათითაც. ის შემდგარი მამაკაცია.
ოთო:
ვერ ვიტყვი, რომ მე და ჯულიანა ხშირად ვჩხუბობთ… ჩვენ ერთად გავიზარდეთ. ერთად ბევრი რამ გადავიარეთ, უამრავი სირთულე. 16 წლის ვიყავი, როცა ჯულიანასთან მეწყვილედ დავდექი და იქიდან მოყოლებული კარგად მახსოვს ჯულის შემართება, რადგან პირველივე წელს გავხდით ყველა ტურნირის გამარჯვებული. იმ წლიდან რომ დავიწყეთ მოგებები, თამასა ქვევით არ ჩამოგვიწევია. ისე ჩამოვყალიბდით ერთმანეთის გვერდით, რომ ნამდვილად ბევრი რამ ვისწავლეთ – ერთმანეთის გატანა და გუნდურობა. ძალიან რთულია ცალკე წარმატების მიღწევა, გუნდს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მით უმეტეს, ჩვენს ცეკვებში, როცა წყვილი ფასდება და არა ერთი რომელიმე მოცეკვავე. ძალიან დიდი ენერგია გვაქვს დახარჯული ამაში, ასე რომ, ძალიან გამიმართლა, რომ ჯული ამდენი ხანია, ჩემი მეწყვილეა!..