გიორგი სუხიტაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც თავისი პაპის შესახებ საუბრობს და ასევე იმ ადამიანების გასაგონად, ვინც მას კიცხავს იმის გამო, რომ პაპასთან ერთად არ ცხოვრობს.
გიორგი სუხიტაშვილი:
„პოსტი მათთვის, ვინც ვერ გაიგო…
მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, ატყობთ, რომ ძალიან ცოტა ვიდეოს ვდებ, სადაც პაპა ჩანს, რადგან რაც არ უნდა დავდო, ადამიანები (ხშირად უადგილოდ და უტაქტოდ) მწერენ, თუ რატომ არ ვარ პაპასთან, რატომ ვცხოვრობ თბილისში, რატომ გავდივარ ქვეყნიდან, რატომ ვსუნთქავ და ა.შ.
ეს ჩემი პირადი გვერდია და არ ვცდილობ მოხუცის ხარჯზე პოპულარობას. არც სატელევიზიო შოუებს ვსტუმრობთ ერთად და არც ძვირფას საჩუქრებს არ ვიღებთ იმიტომ, რომ მერე რეკლამები ვაკეთოთ.
ვარ ერთი უბრალო ადამიანი, ბრალიანი ნიჭით და ასე მოხდა, რომ მყავს ჩემო მოხუცი #მარტოპაპა, რომელიც ასე შემოვიდა ჩემს ყოველდღიურობაში.
მას შემდეგ, რაც ბებო გარდაიცვალა, მე ავიღე თავზე მისი მოვლა და პატრონობა. ვიდეოებს იმიტომ კი არ ვდებ, რომ გაგეპრანჭოთ, არამედ იმიტომ, რომ მე ჩემი ცხოვრების დიდ ნაწილს გიზიარებთ, ხან საიდან ხან საიდან და მათ შორის სოფლიდანაც.
თუ ვინმე მეტყვით, რომ შენ სულ ფეხებზე მკიდიხარ და პაპის გამო გიხურებო, ვერ გეტყვით მადლობას. არადა, ასეთი ქვეტექსტის შეტყობინებებიც მიმიღია.
თურქეთიდან ლაივის დროს ხალხი მკიცხავდა, რატომ დავტოვე პაპა. ან თან რატომ არ წავიყვანე.
ასევე, როგორც კი დავაანონსე 5 იანვარს ჩემი საღამო, შტუტგარტში ისევ შემომიტიეს, რა ნამუსით ვტოვებ პაპას აქ მარტო.
1. პაპაჩემი მაჯის საათი არაა, სულ ჩემთან იყოს.
2. მე ვცდილობ, ყველას და ყველაფერს გადავუნაწილო დრო.
3. ეს გვერდი ჩემი, როგორც მუსიკოსისაა და ვცდილობ, გაგიზიაროთ, როგორ ვცხოვრობ.
4. მე არავის ვბაძავ და არც ვაკრიტიკებ. ზოგის წარმატების წყარო მისი მოხუცია და ღმერთმა ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს.
5. პატივი ვცეთ ერთმანეთს და ზრდილობასა და ზღვარს ნუ გადავალთ.
ბევრს შესაძლოა, არ ესიამოვნოს, რაც წაიკითხა, შეუძლია გააუქმოს ამ გვერდის გამოწერა, მაგრამ ვინც დარჩება აქ, ის მაინც მეცოდინება, რომ იცის, ვინ ვარ და რა ცხოვრების წესი მაქვს“.