“კომპლექსდებიან, როცა აუზზე საცურაო კოსტიუმში მხედავენ”

“რუსთავი 2″-ის დილის გადაცემის ერთ-ერთი სახე, ანი გიუნტერი, კეტოდიეტით შესანიშნავ ფორმაშია და აუზებზეც ზედმეტი კომპლექსების გარეშე ირუჯება.,,მე ყოველთვის კმაყოფილი ვარ საკუთარი თავით, მაგრამ ყოველთვის შეიძლება ვიყო უკეთესი. საკუთარ თავს ზედმეტ პრობლემებს არ ვუქმნი, ვიღებ ისეთს, როგორიც ვარ”, – ამბობს ,,სარკესთან” ანი გიუნტერი.

– რომელი დიეტა აღმოჩნდა ყველაზე ეფექტური, რომელმა მოგაქციათ სასურველ ფორმაში?

– კეტოგენური დიეტა. ახლა ხაჭაპურები და შოთის პურიც ვჭამე, მაგრამ წონას მაინც ვინარჩუნებ. ჩემთვის არ არსებობს დიეტა, რომელსაც არ დავარღვევ, მაგრამ შემდეგ ისევ ვუბრუნდები. სხეული ამ გადაცდომებს მპატიობს ხოლმე.

– ანუ ზოგადად თქვენი პრინციპია, რომ დიდად შეზღუდვებით არ იცხოვოთ, ეს იქნება კვება თუ სხვა რამ.

– კი, ცხოვრება საინტერესოა შეზღუდვების გარეშე.

– თქვენი ცნობადობა ხელს არ გიშლით, საქართველოს კურორტებზე ისე დაისვენოთ, როგორც გინდათ? ალბათ განსაკუთრებით აუზზე გაკვირდებიან ცნობისმოყვარეები.

– მე რამ უნდა დამაკომპლექსოს?! სხვები კომპლექსდებიან, როდესაც აუზზე საცურაო კოსტიუმში მხედავენ. თუ სადმე ჩემს გამოჩენაზე ჭორაობენ, არ მაინტერესებს. მთავარია, რომ მე არ მიყვარს ჭორაობა და არც არავის ვჭორავ.

-რთული პერიოდი გამოიარეთ, დედა გყავდათ ავად. ეს კოვიდთან იყო დაკავშირებული?

– არა, კოვიდი არ ყოფილა, სხვა პრობლემით მოხვდა კლინიკაში და ძალიან ვინერვიულე. ამას დაემატა კლინიკის პერსონალის მიერ დაშვებული შეცდომები, რაზეც ახლა არ მინდა საუბარი. ერთს კი აღვნიშნავ, როდესაც პაციენტთან მონახულება შეზღუდული გაქვს, კარგი იქნება, თუ ონლაინ კამერით მაინც მიეცემა ადამიანს საშუალება, თავის ოჯახის წევრს დააკვირდეს.

მოკლედ, დედაჩემის ჯანმრთელობას იმაზე მეტი საფრთხე შეექმნა, ვიდრე კლინიკაში მიყვანისას ჰქონდა. მე გაგებით მოვეკიდე ამ ლაფსუსებს და იმედია, აღარ განმეორდება. აქ წამყვანი არ იყო ექიმების შეცდომა, მე ვგულისხმობ დამხმარე პერსონალს, რომელთა ქცევამაც ზედმეტი პრობლემა გამოიწვია.