“მე და მადონა ჩემს ცხოვრებაში მომხდარი დიდი ტრაგედიის შემდეგ შევხვდით ერთმანეთს”

ქართული ხალხური ცეკვების უბადლო შემსრულებელს, გასმების ჯადოქარს, საქართველოს სახალხო არტისტს, ფრიდონ სულაბერიძეს, ოქტომბრში 80 წელი შეუსრულდა. თავის ცხოვრების გზაზე მან ,,სარკეს” უამბო:

-პირველი მოძრაობები დედამ მასწავლა. მეგრელი ქალი იყო, ნადია ჟვანია. სოფელში ჯარიანობის დროს პირველი მოცეკვავე ყოფილა, მას უნდოდა ძალიან, მოცეკვავე გამოვსულიყავი. ნაძალადევში ვცხოვრობდით, ჩემ გვერდით ცხოვრობდა ,,სუხიშვილების” სოლისტი,მიშა მაისურაძე. რომ გაიგო, ცეკევა მინდოდა, მეჩხუბა, ჯობია, ისწავლო და ცეკვაზე ფიქრს თავი დაანებოო. შემდეგ, როცა ,,სუხიშვილების” ანსამბლში მოვხვდი და ჩემი ცეკვა ნახა, ბატონი ილიკოსთვის უთქვამს, ეს რა დანაშაულს ჩავდიოდი, ცეკვას რომ ვუკრძალავდიო.

უბანში სხვაც ბევრი იყო ,,სუხიშვილების” მოცეკვავე. ჩემს დანახვაზე იცინოდნენ, ამან როგორ უნდა იცეკვოსო. უფრო მოვინდომე, სულ ვშრომობდი…

ერთხელ ბატონი ილიკო შემხვდა, მკითხა, რას აკეთებო. ჩეხოსლოვაკიაში მივდივარ-მეთქი. რა გინდა, შვილო, ჩეხოსლოვაკიაში, ჩვენთან მოდი ანსამბლშიო. რომ მივედი, ქალბატონი ნინო რეპეტიციას ატარებდა. გვაჩვენე, ერთი, რა იციო. ,,ქართული” დავიწყე და როგორც კი ერთი წრე შემოვუარე, ბატონმა ილიკომ შემაჩერა, მიღებული ხარო… ყველა გასტროლზე ძირითად შემადგენლობაში ვიყავი. ბატონი ილიკო იტყოდა: ,,ურემს ბორბალი რომ მოაძრო, წავა? ასე ვერ წავალთ ფრიდონის გარეშე”.

რა გრძნობაა, როცა სცენაზე დგას ფრიდონ სულაბერიძე უმცროსითქვენი ვაჟი?

– ცეკვა დიდად არ იტაცებდა, მე დავაძალე.ცხონებულ დათუნიკა სხირტლაძეს ჩავაბარე. იმანაც არაფერი დაიშურა, გამოაწრთო. მომწონს ჩემი შვილი სცენაზე, უხდება ცეკვა. სახასიათო ტიპაჟია, ვაჟკაცური, მხრებგაშლილი. თავისი, გამორჩეული სტილი აქვს…

ჩემ გვერდით ყოველთვის იდგა ოჯახი. მადლობა ჩემს მეუღლეს მადონა სავიდს, რომელიც ქართულ-ბერძნული საზოგადოების ხელმძღვანელია. ბედმა ერთმანეთს გვიან დაგვაკავშირა, ჩემს ცხოვრებაში მომხდარი დიდი ტრაგედიიდან გარკვეული დროის შემდეგ (ბატონ ფრიდონს ვაჟი ჰყავს გარდაცვლილი. რედ.). პატივს ვცემთ და ვზრუნავთ ერთმანეთზე. მამაკაცისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, გვერდით გყავდეს ისეთი მეორე ნახევარი, ვისაც უსიტყვოდ ესმის შენი, სითბოს და სიმყუდროვეს გიქმნის.