ირმა ოსაძემ 55 წლის ასაკში პირველად განიცადა დედობის ბედნიერება. მას და მის მეუღლეს, რომელიც 59 წლის არის, ულამაზესი ანასტასია შეეძინათ. ყველაზე საოცარი ამ ამბავში ის არის, რომ ანასტასია მათი ბიოლოგიური შვილია. როგორც წესი, 55 წლის ასაკში ქალის საკვერცხეები ვეღარ ფუნქციონირებს და ხშირად, შვილის ყოლის ბედნიერება რომ განიცადონ, ადამიანები დონორ კვერცხუჯრედს იყენებენ. ამ იშვიათ მოვლენაზე ირმა ოსაძე ,,სარკეს” მოუყვა:
– 5 წლის წინ, 49 წლის ვიყავი, რომ გავთხოვდი. ,,ქალიშვილი გოგო” ვიყავი. ქუთაისში, ხონელიძის კლინიკაში ჩამოსული იყო რეპროდუქტოლოგი თეონა ანთია. მივედი და გავესაუბრე. დამიბარა თბილისში და დავიწყე მკურნალობა. ინვიტრო განაყოფიერების პირველივე ცდაზე დავფეხმძიმდი.
– თქვენი ბიოლოგიური შვილია თუ დონორის მასალა გამოიყენეთ?
– ჩემი და ჩემი ქმრის არის. მოწესრიგებული მქონდა ორგანიზმში ყველაფერი.
– მეუღლე რა ასაკის არის, მასაც არ ჰყოლია აქამდე შვილი?
– 59 წლის არის.ის უცოლო იყო და მე – გასათხოვარი. ორივეს ძალიან გვინდოდა შვილი. მე თვითონ დედისერთა ვარ. ჩემს მეუღლეს კი ერთი და ჰყავს. გაგვიმართლა. ჩემი ქმარი ამბობდა,მოვსინჯოთო. მე მიჭირდა გადაწყვეტა, რადგან ეს პროცედურა დიდ თანხასთან არის დაკავშირებული. ჩემმა ქმარმა თქვა, თუ დაგვეკარგება, დაგვეკარგოსო.
ჩემთვის რისკი იყო, მაგრამ ორგანიზმი მიწყობდა ხელს და… საშვილოსნოც არაჩვეულებრივი მაქვს. ძალიან ჯანმრთელი ვარ და კიდევ ვაპირებ ბავშვის გაჩენას. შეიძლება სუროგატი დედა ავიყვანოთ. ვნახოთ, როგორ ვიქნები. ამ ასაკში ქალთა უმრავლესობას კვერცხუჯრედები აღარ აქვს, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ღმერთს ასე უნდოდა.
– ქუთაისში ცხოვრობთ?
– დიახ. ჩემი მეუღლე ცაგერიდანაა. სამი სახლი გვაქვს – ქუთაისში და ორი – სოფლად… ყველა ქალს ვუსურვებ, ისეთი გახარებული ყოფილიყოს, როგორიც მე ვარ.
– ქმარი განებივრებდათ ორსულობისას?
– ძალიან. ამბობდა, სიზმარში მგონია თავიო.