,,8 წელია, რაც მე და მიშა მესხი ერთად ვართ. ჩვენი თანაცხოვრება ძალიან მსუბუქია. ერთმანეთს არ ვტვირთავთ ზედმეტი პრობლემებით”, – ამბობს მომღერალი სოფო ბედია, რომელმაც ,,სარკესთან” თავის პირადზე ისაუბრა:
– ძლიერი ვარ, რადგან ცხოვრებაში ძალიან ბევრი რთული ნაბიჯი გადამიდგამს და ბევრი რთული პერიოდი გამომივლია.არ ვარ მშიშარა ტიპი და არც ქმარზე ჩამოკიდებული.
– ალბათ ქმარს ძალიან მოსწონს ძლიერი ქალი.
– კი, მოსწონს, მაგრამ ჩვენს ოჯახში ყველა საკითხი ურთიერთშეთანხმებით წყდება. არის საკითხები, სადაც აზრთა სხვადასხვაობა გვაქვს. ჩვენს ოჯახში არის ბევრ რამეზე კამათი და არავინ მითხრას, რომ ეს სხვის ოჯახში არ ხდება.
– ვინ არის უფრო დიპლომატი?
– თუ ვთვლი, რომ მართალი ვარ, ბოლომდე ,,ვაწვები”. მიშა შეიძლება აფეთქდეს, მაგრამ მეორე წუთში არაფერი ახსოვს. მე კი დიდხანს ვიცი ხოლმე გაბრაზება.
–თქვენი და მიშას ყოველი ნაბიჯი განსჯის საგანი ხდება, ალბათ ეს ადვილი არ არის.
-ამის გადატანა რთული იყო, მაგრამ ყველაფერს თანადგომითა და იუმორით მივუდექით. დავრწმუნდი. რომ ბედნიერ და წარმატებულ ცნობილ ადამიანებს ვერ იტანს საზოგადოების ნაწილი. შეუმდგარი ადამიანები ცხოვრობენ სხვისი ცხოვრებით და იწყებენ მათ კრიტიკას. ბედნიერ ადამიანს არასოდეს აქვს სურვილი, სხვის ოჯახში ჩაყოს ცხვირი ან რაიმე ნეგატიური კომენტარი დაწეროს.
– სად გადის წითელი ხაზი, რის შემდეგაც მოთმინებას კარგავთ?
– როდესაც ისეთ უსამართლობას დაწერენ ჩემზე, რომელიც ახლოსაც ვერ იქნება რეალობასთან. აი, მაგალითად, პანდემიის პერიოდში გადაღებული კლიპის გარშემო აგორებული ხმაური… ყველაზე მეტად მაშინ გამოვედი მდგომარეობიდან, როდესაც ამ ყველაფერს პოლიტიკური სარჩულიც დაუდეს.
– თუმცა ქმრის გამო პოლიტიკა მაინც არის თქვენს ცხოვრებაში…
– კი, მაგრამ მე ხომ ამით არ გავმხდარვარ ცნობილი. მე ნაცებისთვისაც ვმღერი, ქოცებისთვისაც და ,,ევროპული საქართველოსთვისაც”.ყველა ხელისუფლების დროს ჩემი მთავარი საქმე სიმღერაა.