ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი, ლაშა ბაქრაძე სოციალური ქსელის საშუალებით კულტურის სამინისტროს მიმართავს.
უწყებამ დღეს, 17 იანვარს განაცხადა, რომ ლიტერატურის მუზეუმის მიერ გამოცემულ წიგნში შეცდომაა – ანა კალანდაძის 2 ლექსი ელენე დარიანს არის მიკუთვნებული. კულტურის სამინისტრო აცხადებს, რომ ამაზე პასუხისმგებელი ლაშა ბაქრაძეა, შესაბამისად, მასთან ამ საკითხის “სერიოზულად განხილვას” გეგმავს მას შემდეგ, რაც ის კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდება.
კულტურის სამინისტრო აცხადებს, რომ მათთან ამასთან დაკავშირებით მოქალაქეთა აღშფოთებული წერილები შევიდა.
“დღეს, მოგვიანებით, მოგახსენებთ ჩემ პასუხს სამინისტროს განცხადებაზე.
ჟურნალისტებსაც ვთხოვ, ცოტა ხანი მაცალონ.
მანამდე კი სამინისტროს ვურჩევდი, რადგან „სამართლიანად აღშფოთებულ მოქალაქეთა“ აზრი აინტერესებთ – განცხადების ქვეშ კომენტარებს ნუ შლიან, მოქალაქეები არიან აღშფოთებულნი ასეთი საქციელით.
რადგან სამინისტრომ საჯარო გახადა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მე კი საზოგადოების შეწუხება არ მინდოდა – მოგახსენებთ რომ კოვიდის მიუხედავად თავს კარგად ვგრძნობ და ახლა განმეორებითი პსრ-ტესტი უნდა გავიკეთო”. – დაწერა ლაშა ბაქრაძემ ფეისბუქზე.