“ჩვენ ვერ ვიზრუნეთ ლევანზე, ვერ მივხვდით, რომ ვჭირდებოდით…”

ახალგაზრდა მასწავლებელი, ია ძირკვაძე სოციალურ ქსელში მისი გარდაცვილი 13 წლის მოსწავლის შესახებ ემოციულ პოსტს აქვეყნებს.

“მასწავლებლად ყოფნის სევდა სამშაბათს ზმნისწინებზე ვისაუბრეთ…მოვიდა, შემოვიდა, წავიდა…

 ოთხშაბათს “პაპა დიმო” წავიკითხეთ და ერთმანეთის ზრუნვაზე ვისაუბრეთ…
ხუთშაბათს საუბარი ისევ ზრუნვაზე გავაგრძელეთ…
პარასკევს თემის ნიშნებს ვეწვალეთ, სვავს თუ სვამს, დაუხატავს თუ დაუხატია…
პარასკევს, გაკვეთილის ბოლოს, ლევანმა შემომხედა და გამიღიმა. იმ წამს გავიფიქრე, რომ მას ძალიან, ძალიან ღრმა, ზღვისფერი თვალები ჰქონდა…ფიქრები წამიერად გაქრა, სხვა გაკვეთილი იწყებოდა…

პარასკევს ლევანი ყველა გაკვეთილს დაესწრო, გაკვეთილების დასრულებიდან ნახევარ სააათში შინ დაბრუნდა და დაგვტოვა ან მიგვატოვა…რაღა მნიშვნელობა აქვს ზმინისწინებს…ან რა მნიშვნელობა აქვს “სვავს” ვიტყვით, თუ “სვამს”, როცა 13 წლის ბიჭი ასე უბრალოდ გარდაიცვალა?!
ზრუნვაზე საუბარსაც რა მნიშვნელობა აქვს…ჩვენ ვერ ვიზრუნეთ ლევანზე, ვერ მივხვდით, რომ ვჭირდებოდით…

ლევანის ყველა ნაწერი წავიკითხე, ყველა ამბავი თუ სიტყვა გავიხსენე, ყველა ფოტო და ვიდეო ვნახე…
უსაშველოდ რთულია ხვალ სკოლაში წასვლა და ისევ გაკვეთილის ჩატარება…“, – წერს ია ძირკვაძე.