,,რუსთავი 2″-ის იუმორისტული გადაცემის წამყვანი, მსახიობი ნიკო ნანიტაშვილი ცნობილი ოჯახის, ბერიკაშვილების, სიძეა. ქართული კინოს და თეატრის ვარსკვლავთან, ბატონ გივისთან, 3 წელი მოასწრო ურთიერთობა და ამით ძალიან ბედნიერია. იმასაც მიეჩვია, რომ მუდმივად დასდევს სიდედრის, მანანა ბერიკაშვილის, სახელი და, როგორც ,,სარკესთან” ამბობს, ეს მისთვის ხელისშემშლელი უფროა, ვიდრე წარმატების მომტანი.
– ნიკო, იუმორისტული შოუს წაყვანა რთულ და სპეციფიკურ საქმედ ითვლება, ალბათ ბევრი რამ გადალახეთ.
– 2 წელი ერთ-ერთ არხზე მიმყავდა დილის გადაცემა. იქაც კასტინგზე მეგობრების დაძალებით წავედი. როდესაც “რუსთავი 2”-ისგან მივიღე შემოთავაზება, მეგონა, ვიღაც მეღადავებოდა.მოვლენები სწრაფად განვითარდა და გამოწვევა მივიღე.
-ჯერ კიდევ პრომოს მოჰყვა დიდი გამოხმაურება, დაიწყო თქვენი ბულინგი. ამას როგორ გაუძელით?
-ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი პოლიტიკურ ჭრილში აღიქმება. ამას ბულინგსაც ვერ დავარქმევ.ვერ გავბრაზდები იმაზე, რომ ჩემს ულვაშს საბჭოთა კავშირს უკავშირებენ. ეს სასაცილოა. როდესაც წამყვანზე ამბობ, ულვაშები აქვს და საბჭოთა კავშირში გვაბრუნებსო, ვფიქრობ, ამის მთქმელი არც გამოსულა საბჭოთა კავშირიდან. როცა ვითომ დაკნინების გამო მადარებენ რამაზ ჩხიკვაძეს და ჰამლეტ გონაშვილს, ეს საამაყოა.რაც ულვაში წამომივიდა, მას შემდეგ ვატარებ. ეს ჩემი იმიჯია.
– პირველივე გადაცემის მერე წამოვიდა კრიტიკის ახალი ტალღა – შოუში სიდედრი ჰყავდა სტუმრად მიწვეულიო.
– მანანა ბერიკაშვილის სიძეობა არ მაკომპლექსებს..რასაც ცხოვრებაში მივაღწიე, მხოლოდ საკუთარი ძალებით, არასოდეს არაფერი გამიკეთებია ვიღაცის ჩარევით ან ვიღაცის დარეკვით. ჩემმა სიდედრმაც აღნიშნა, რომ ძალბევრ საქმეში ხელი შემიშალა მანანა ბერიკაშვილის სიძეობამ.ბევრ პროექტში დავიბლოკე. 16 წელი ვცეკვავდი და ძალიან მინდოდა, პროექტში “ცეკვავენ ვარსკვლავები” მიმეღო მონაწილეობა. მაშინ უთხრეს მანანას, თქვენი სიძე რომ არის, რას იფიქრებს ხალხიო. მიუხედავად ამისა, ერთი წამითაც არ ვნანობ, ამ ოჯახში რომ ვარ.