ძნელად თუ იცნობთ მას იმ 1980-იანების ბოლოსა და 1990-იანების დასაწყისში გადაღებული ფოტოებიდან, რომელიც სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ერთი შეხედვით ალბათ ვერც იმ ისტორიებს გაიხსენებთ, როგორ ეზიზღებოდათ თბილისელ გოგონებს ის, მხოლოდ იმის გამო რომ ყველაზე სიმპათიურ ბიჭს უყვარდა. დიახ, ის მიკაელა სტრიმბეანუა, მეგობრებისთვის უბრალოდ მიკა. სამშობლოში ერთ-ერთი წამყვანი მსახიობია, საინტერესო კინო და სცენიური როლებით და პრესტიჟული პრემიებით განებივრებული, მაგრამ აქ, მას სულ სხვა ისტორიით იცნობენ. ის ლევან აბაშიძის მთავარი სიყვარულია. ჩამოსვლის ორი თარიღი კი ლევანის დაბადებისა და გარდაცვალების დღეა.
მოლდოვადან თბილისში თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტის ამპლუაში ჩამოვიდა, 1988 წლის ერთ მზიან-ღრუბლიან დღეს კი როცა კინოსტუდია „ქართული ფილმიდან“ გამოვიდა, სადაც ფილმში იღებდნენ და საერთო საცხოვრებლის გზას დაადგა მანქანა მისმა ქართველმა კურსელმა გაუჩერა და საცხოვრებლამდე მიყვანა შესთავაზა, მიკამაც უარი არ თქვა, მანქანაში ჩაჯდა, კურსელმა კი უკანა სავარძელში მჯდომი, გადაღებაზე ღამენათევი, დაღლილი ბიჭო გააცნო, სახელმა და გვარმა – ლევან აბაშიძემ, მიკას არაფერი უთხრა. კურსელმა მცირე ინფორმაციას ისიც დაამატა – ეს ჩვენი კინოვარსკვლავიაო. მიკამ გაიღიმა და როგორც შემდეგ იხსენებდა, ვერ დაიჯერა, რომ ეს თმააჩეჩილი ბიჭი ქართული კინოს ვარსკვლავი იქნებოდა და მით უფრო რომ ის მთელს თბილისს ეყვარებოდა.
უკვე მეორე შეხვედრაზე, რომელიც ლევანის ინიციატივით მოხდა, მიკა პირდაპირი მნიშვნელობით პირღია დარჩა, მის წინ ნამდვილი პრინცი იდგა, რომელიც სანდომიანად უღიმოდა.
დღეს, როცა ამდენი წელი გავიდა და ამბები ლევან აბაშიძის შესახებ კალეიდოსკოპში მყოფ მინის ფერად-ფერად ნამსხვრევებს დაემსგავსა, მას ყველაფერი აბსოლუტური სიზუსტით ახსოვს, რა ეცვა ლევანს პირველ შეხვედრაზე, რაზე საუბრობდნენ და ისიც რომ მაშინ მიხვდა რომ რაღაც ძალიან დიდი დაიწყო მის ცხოვრებაში.
სულ მალე ლევანის თხოვნით მიკა მასთან გადადის საცხოვრებლად და ყველგან ერთად ჩნდებიან, როგორც ლევან აბაშიძის ახლო მეგობარი, კინორეჟისორი გიო მგელაძე იხსენებს, ლევანზე, რომელზეც მთელი თბილისის გოგონები იყვნენ შეყვარებული გაწბილებულები დარჩნენ, რადგან ჩამოვიდა გოგონა სხვა ქვეყნიდან, რომელმაც ლევანის გული დაისაკუთრა.
თავად მიკა კი თავიდან ვერ ხვდებოდა რატომ მისდევდა უკან ლექციის შემდეგ თეატრალური ინსტიტუტიდან სახლში მიმავალს გოგონების ჯგუფი, რატომ ათვალიერებდნენ მას განსაკუთრებით, პასუხი მარტივი იყო, მათ აინტერესებდათ ქალი, რომელიც ლევანს შეუყვარდა.
იყო ზარები სახლის ტელეფონზე, რომელზე პასუხის გაცემაც ლევანს არ უნდოდა მას მის ფანებს მიკა პასუხობდა. როგორც თავად წლების შემდეგ იხსენებს, ყველაზე საინტერესო ერთი ისტორია იყო, როცა მის ოთახში შესული ინტუიტურად მიხვდა, ლევანი ქალს ესაუბრებოდა, სასწრაფოდ გაიპარა სახლის მეორე ბოლოში არსებულ ოთახში მდგარ მეორე ტელეფონზე ყურმილი აიღო, წინათგრძნობა გამართლდა, ქალი ლევანს დაბრუნებას სთხოვდა, ლევანი კი უხსნიდა, ხომ უკვე ბევრჯერ გითხარი, მე შეყვარებული ვარ, არ ვარ თავისუფალი, ტყუილად მირეკავო. ერთგულების ამ გამოხატულების შემდეგ მიკამ ლევანის გასახარებლად ტრადიციული მოლდოვური ბირშჩი მოამზადა და შეყვარებულს გაუმასპინძლდა, როგორც თავად ყვება, მაშინ ისინი ძალიან ბედნიერები იყვნენ.
სამწელიწადნახევრის შემდეგ მიკას კიდევ ერთხელ მოუწია სამშობლოში დაბრუნება, რადგან როგორც ყოველი სასწავლო წლის ბოლოს თბილისში მომზადებული ნამუშევრები მოლდოვაში უნდა წარმოედგინა, რათა იქ ეღიარებინათ მისი თბილისში გავლილი კურსი, აეროპორტში როგორც წესი ამჯერადაც ლევანმა გააცილა ყვავილებით, დამშვიდობებისას მიკამ რატომღაც ტირილი დაიწყო, რაც მანამდე არასდროს მომხდარა, ლევანი ვერ მიხვდა მიზეზს, უთხრა, მალე ისევ ერთად იქნებოდნენ და როცა მიკა დაბრუნდებოდა, ლევანი კვლავ აეროპორტში დახვდებოდა ყვავილების თაიგულით, მაგრამ მიკას ცუდი წინათგრძნობა გამართლდა, ლევანი ფილმის გადაღებიდან აფხაზეთის ომში გაიპარა და ტრაგიკულად დაიღუპა. თბილისში მიკა უკვე თავად დაბრუნდა ყვავილების თაიგულით, რომელიც ლევანის სამძიმარზე ჩამოიტანა.
ლევანი 29 წლის ასაკში გარდაიცვალა, მიკაელა სტრიმბეანუ კი მისი გარდაცვალებიდან მოყოლებული 29 წლის განმავლობაში ყოველ წელს ჩამოდის ქალაქში, რომელშიც მთავარი ადამიანი აღარ ელოდება. კარგად იცის, რომ ლევანი არამხოლოდ ქართული კინოს რომანტიკული პრინცია, არამედ მთელი თაობის და როდესაც საქართველოში დაუვიწყარ სიყვარულის ისტორიებს იხსენებენ, ერთ-ერთი პირველი მისი და ლევანის ამბავი ახსენდებათ.
ჟურნალი: ნარგიზი