“მშობიარობის მეორე დღეს რომ გავიღვიძე, მეც ყველაფერი მტკიოდა”

ჟურნალისტი ვარლამ წიკლაური მამა გახდა. ნიკოლა წიკლაური 27 იანვარს ბელგიაში დაიბადა. ის ვარლამისა და ხატია კობერიძისთვის პირველი შვილია და მის დაბადებას მშობლებთან ერთად ორივეს ოჯახი და უამრავი გულშემატკივარი სიხარულით ელოდა.

ვარლამ წიკლაურიდაიბადა პატარა ნიკოლა წიკლაური. ხატიას ფეხმძიმობის მეცხრე თვეში გადავწყვიტეთ, ბელგიაში წამოვსულიყავით და პატარა იქ დაბადებულიყო, რადგან ხატია მოქალაქეა და გვინდოდა ბავშვიც ევროპის მოქალაქე ყოფილიყო. წამოვედით მე, ხატია და დედა. ხატია უკვე 36 კვირის იყო და გვეშინოდა, მშობიარობა თვითმფრინავში არ დასწყებოდა. წამოსვლამდე ექიმთან გავიარეთ კონსულტაცია, მაგრამ ფრენისას მე და დედაჩემი მაინც ხუთი თვალით ვაკვირდებოდით ხატიას ხან მუცელზე, ხან თვალებზე, რამე არ გამოგვეპაროსო (იცინის). საბედნიეროდ, მშვიდობით ჩამოვედით, მაგრამ ეს ჩვენი ნიკოლა ძალიან აგვიანებდა დაბადებას. 15 იანვრიდან ველოდებით, გახდა 16, 17… 20… მივალთ ექიმთან და გვეუბნება, კიდევ ერთი კვირა მოიცადეთო და აღარ დამთავრდა ეს მოლოდინი. იანვრის ბოლოში გავედით. მე გადაწყვეტილი მქონდა, მშობიარობას დავსწრებოდი, ყველაფერში ხომ თავიდანვე ვიყავი ჩართული და მინდოდა, ბოლომდე მიმეყვანა საქმე (იცინის). ერთი სული გვქონდა, როდის დაიბადებოდა. მოვიდა ეს დღეც და ხატია მაღვიძებს, მუცელი მტკივაო. საქმე ისაა, რომ აქ საკმაოდ უცნაური წესებია. ექიმმა გაგვაფრთხილა, სანამ მუცელი ისე არ ასტკივდება, რომ სიცილის თავი არ ექნება, მანამდე არ მოხვიდეთო. ხატიას კიდევ სულ ჰქონდა სიცილის თავი და დავიბენით, აღარ ვიცოდით, რა გვექნა. სხვათა შორის, ასე რომ გაიწელა მოლოდინი, უკვე ბოლო დღეებში ხატიას ვეუბნებოდი, მოდი ატეხე კივილი, ვითომ ძალიან გტკივა და წავიდეთ სამშობიაროში, იქნებ გააჩინო-მეთქი – ასეთი გეგმაც გვქონდა. მე სამ თებერვალს მეწურებოდა შვებულება და უნდა დავბრუნებულიყავი საქართველოში, ბავშვი ერთი თვით აქ უნდა დამეტოვებინა. ჰოდა, ვფიქრობდით, თუ მანამდე არ დააპირებდა დაბადებას, რაღაც უნდა მოგვეფიქრებინა. იყვირე, რომ ძალიან გტკივა და უკან ხომ აღარ გამოგიშვებენ-მეთქი, მაგრამ ისეთი აპარატურა აქვთ, ვერც მოატყუებ (იცინის). ამ სიტუაციიდან გამომდინარე, ხან რა სახელი შევურჩიეთ, ხან რა: მოლოდინა, გელით, არმელით და ასე შემდეგ (იცინის). რომ აგვიანებდა, ვხუმრობდით: შვილო, ალბათ, ომიკრონს ემალები, მაგრამ, მთლად პანდემიის დასრულებას ნუ დაელოდები. ვეხვეწებოდი, გამოდი, ნუღარ გვაწვალებ-მეთქი.

მოკლედ, 27-ის გამთენიისას დაეწყო ტკივილები და წავედით სამშობიაროდ ქალაქ ბრუგეში, რომელიც ხატიას ქალაქთან ახლოს მდებარეობს. პირველად ბელგიაში რომ ჩამოვედი, მე და ხატიამ ეს ქალაქი ვნახეთ და ძალიან მომეწონა. ნამდვილი სიყვარულისა და წყვილების ქალაქია და გვინდოდა, რომ ჩვენი შვილი იქ დაბადებულიყო.

რომ ვთქვი, მშობიარობა დაეწყო-მეთქი, „იმედი“, ჩემი ახალციხე, თბილისი, ყველა ხაზზე იყო და ყოველ წუთს კითხულობდნენ ამბავს. მე, როგორც ნამდვილი ჟურნალისტი, ვპასუხობდი: შემოვიყვანეთ ამ დროს, ახლა ეს ხდება, მერე ეს იქნება და ასე შემდეგ, მაგრამ რამდენ ხანში დაიბადებაო – ამ კითხვაზე პასუხი არ მქონდა. რომ დააწვინეს, გვეუბნებიან, ჯერ უნდა დავაკვირდეთ, ნამდვილად დაიწყო თუ არა მშობიარობაო, არადა მე უკვე მილიონი კაცისთვის მაქვს ნათქვამი, რომ დაიწყო და ხატიას ვეუბნები, იცოდე, თუ თქვეს, რომ არ დაწყებულა, ახლა მართლა დაიწყე კივილი, რომ ძალიან გტკივა-მეთქი და ისიც თავს მიქნევდა, თანახმა იყო (იცინის). როცა გვითხრეს, ყველაფერი კარგადაა და ნამდვილად დღეს დაიბადებაო, ამოვისუნთქეთ (იცინის).

როგორც ექიმი და ექთანი, მეც ისე ვედექი თავზე ხატიას, მაგრამ მშობიარობა რომ დაიწყო, გული ისე ამიჩქარდა, შემეშინდა, ცუდად არ გავმხდარიყავი. თუმცა, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. კამერა რომ გადასაღებად დავდე, ექიმები ხუმრობდნენ, რადგან ჩემი პროფესიის შესახებ იცოდნენ. ისინი კი მხიარულობდნენ, მაგრამ იმ წუთას ჩემთვის სახელი რომ გეკითხათ, ვერ გიპასუხებდით. ისეთ ადგილას დამაყენეს, მივხვდი, რომ მეც უნდა დავხმარებოდი. თურმე, აქ ასეთი წესი ყოფილა, კაცი უბრალოდ კი არ ესწრება, ისიც იღებს მეუღლის მშობიარობაში მონაწილეობას და ახლა სიმართლე რომ ვთქვა, მეც ყველა ძვალი მტკივა (იცინის).

ხატია თავიდანვე ამბობდა, ვარლამს რომ შეეძლოს თავის მუცელში გადაისვამდა ბავშვსო და აი

– სერიოზულად ვამბობ, მშობიარობის მეორე დღეს რომ გავიღვიძე, ყველაფერი მტკიოდა და არ ვიცი, ალბათ, მეც ვიჭინთებოდი (იცინის). მართლა ორივემ ერთად გავაჩინეთ ჩვენი ნიკოლა (იცინის). მშობიარობის დასაწყისში ხომ ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ მერე მეც როლში შევედი და ვყვიროდი, მიდი ხატია, მიდი, ერთიც… ორი, სამი. ექიმები თავიანთ ენაზე ეუბნებოდნენ, მე – ქართულად: ცოტა დაგრჩა, ხატია, აბა, შენ იცი…

ზოგი მეუბნებოდა, არ შეხვიდე მშობიარობაზე, მერე მეუღლის მიმართ ცუდი განცდები აქვთ ხოლმე მამებსო და პირიქით, ეს ყველაფერი მართლა გმირობის ტოლფასია ქალის მხრიდან. იმის შემდეგ, რასაც ვუყურე, ხატია ორმაგად შემიყვარდა.

მართლა ყველაფერი გადაიღე?

– კი, ყველაფერი გადავიღე და ნიკოლა რომ გაიზრდება, აუცილებლად ვაჩვენებთ.

ახლა რა ხდება შენს თავს?

– ჯერ „მამას“ ვერ ვეძახი, ვერც ხატიამ თქვა „დედა“, ალბათ, დრო გვჭირდება ამისთვის, მაგრამ ჩემი ფიქრები სულ მას დასტრიალებს. სულ მინდა, მას ვუყურო, ყველა ამოსუნთქვას ვაკვირდები, მინდა, ყველა დეტალი შევისწავლო. ადამიანი ასეთ დროს ხვდები, რომ საერთოდ სხვანაირი სიცოცხლე იწყება. მუცელში რომ არის, ათას რამეზე ფიქრობ, მაგრამ სანამ არ დაინახავ, ჯერ კიდევ ვერ გრძნობ ბევრ რამეს. ახლა უამრავ რამეს ვგეგმავთ, გვინდა, მთლიანად ჩვენ გავზარდოთ, სულ თან გვყავდეს. პატარებმა ხელის მოკიდება იციანო და მართლა, თავისი პატარა ხელი რომ ჩამკიდა თითზე, მინდა მთელი ცხოვრება ასე გვერდიგვერდ ვიყოთ.

ნიკოლას სქესის შესახებ ერთი დიდი კურიოზი იყო

– გოგოს ველოდებით და ძალიან მიხაროდა. ვამბობდი, სულ მინდოდა, გოგო მყოლოდა-მეთქი. მართლა ასე იყო, ჩემს წარმოდგენაში სულ გოგოზე ვფიქრობდი. რომ გავიგე შვილი გვეყოლებოდა, მაშინვე გოგო წარმოვიდგინე. ექოზეც გვითხრეს, რომ გოგო იყო. მერე ხატიამ „ფაიზერის“ პირველი დოზა გაიკეთა და სამ კვირაში ექიმი გვეუბნება, ბიჭიაო. რას ამბობთ-მეთქი, შოკში ვიყავით (იცინის). „ფეისბუკზე“ დავწერეთ ამის შესახებ და ჩვენმა მეგობრებმა ბევრი იცინეს – „ფაიზერმა“ იცისო (იცინის). ასე, რომ გვეგონა გოგოს ველოდით, მაგრამ ბიჭი აღმოჩნდა.