გარდაცვლილთანაც უსაუბრია, თვალებახვეულსაც აუღია ინტერვიუ და მასონების ჩასაწერად უცნობ ადამიანებსაც გაჰყოლია უცნობ ადგილას – მოკლედ, პროფესია აქვს ისეთი, რომ ყველაზე დიდი უცნაურობაც კი შეიძლება, მისი სამუშაოს ნაწილი გახდეს.
გოდერძი შარაშია: ამ პროფესიაში ბევრი საინტერესო ისტორია შეიძლება გადაგხდეს. ერთ-ერთ ასეთზე მერე კი ვიცინოდი, მაგრამ თავის დროზე საერთოდ არ იყო სასაცილო, პირიქით, ძალიან განვიცადე. ქართლში ვიყავი გადაღებაზე და ერთმა ქალბატონმა განსაკუთრებული ისტორია მომიყვა. საქმე ის იყო, რომ 90-იან წლებში აჭარიდან გავიდა ადამიანებით და ტვირთით დატვირთული გემი და დაიკარგა. აღმოჩნდა, რომ ამ ქალბატონის მამაც ამ გემით გაემგზავრა და გაუჩინარდა. ამ ამბიდან 25 წელი იყო გასული. ამ ქალბატონს ვუთხარი, თუ სხვა ოჯახებთანაც დამაკავშირებდა, მის დახმარებას შევეცდებოდი და დავიწყე მუშაობა. ამ ადამიანების ოჯახების პოვნა და მათთან ინტერვიუების ჩაწერა ძალიან ხანგრძლივი პროცესი აღმოჩნდა. თუ არ ვცდები, იმ გემზე 25 კაცი იყო. ამ ადამიანთაგან მხოლოდ ერთი მგზავრის ოჯახთან ვერ გავედი კონტაქტზე. დანარჩენებმა მითხრეს, რომ იმ ადამიანს ასაკოვანი დედა ჰყავდა, რთული ჯანმრთელობის მდგომარეობით. ბოლო 5-6 წლის წინ მოვახერხეთ მასთან დაკავშირება და მას შემდეგ, არ გვპასუხობსო. ამიტომ ჩათვალეს, რომ ეს ქალბატონი გარდაიცვალა. საბოლოო ჯამში, ეს თემა მოვამზადე და ეს ქალბატონი გარდაცვლილად გამოვაცხადე. ტექსტის დასასრულს მაყურებელს მივმართავდი, რომ ოჯახებს დახმარება სჭირდებოდათ და თუ კი ვინმეს რამე ინფორმაცია ჰქონდა, გამოხმაურებას ვთხოვდი. ვამბობდი, 25 წელია, მოლოდინის რეჟიმში არიან და არაფერი იციან. მათგან ერთ-ერთი, დიდხანს ელოდა ერთადერთ შვილს, რომლის შესახებაც არაფერი იცოდა, წლები იარა სანაპიროზე და გარდაიცვალა-მეთქი. დანარჩენები მიყვებოდნენ, რომ ეს ქალბატონი აჭარაში რომ ჩადიოდა, სულ ზღვას გაჰყურებდა. ჩემმა ოპერატორმა ერთი კადრი გადაიღო – დილაა ზღვის სანაპიროზე და სილუეტი მიუყვება ნაპირს. მოკლედ, ეს კადრი გავუშვი და გამოვაცხადე, რომ ამ ლოდინში ეს ქალი გარდაიცვალა. გავიდა გადაცემა ეთერში და მესამე დღეს ტელეფონი რეკავს. ვპასუხობ და ქალბატონი მეუბნება: გამარჯობა, გოდერძი, მე საიქიოდან გირეკავთო. მგონია, რომ ვიღაც მეხუმრება და ვეკითხები, – ვინ ბრძანდებით-მეთქი. დაკარგული შვილის დედა ვარ, გარდაცვლილად რომ გამომაცხადეთ. თქვენი ვერსია უფრო მომწონს, მირჩევნია, გარდაცვლილი ვიყო, მაგრამ სამწუხაროდ, ცოცხალი ვარო. ისე იუმორით შეხვდა ამ ამბავს, მეც გავბედე, რომ ეს ისტორია იუმორით მომეყოლა. მერე ამ ქალბატონმა ძალიან ბევრი დოკუმენტი გადმოგვცა და ამ ისტორიის გაგრძელებაც გავაკეთე. ექსპერტი ჩავწერეთ, რომელმაც სამწუხაროდ, გვითხრა, რომ სავარაუდოდ, ისინი აფხაზეთის ტერიტორიაზე დააკავეს და შეიძლება, დახვრიტესო.
– ხდება მუშაობის პროცესში მსგავსი უხერხულობები?
– მედიის შეცდომები უკვირთ, რადგან მის შესახებ უფრო იგებენ, თორემ რამდენ პროფესიას შეიძლება, ახლდეს ასეთი ისტორია?! მაგრამ ადამიანმა რომ მითხრა, გარდაცვლილად რომ გამომაცხადე, მე ის ვარო, ყველაფერი დამენგრა თავზე. რაც უფრო სერიოზულია თემა, მით ნაკლებად გინდა, შეცდომა დაუშვა. მე 27 წელია, ეკრანზე ვარ და ფაქტობრივი შეცდომა არასდროს დამიშვია, ეს უპატიებელია. ფაქტები გაშუქებამდე აუცილებლად უნდა გადაამოწმო. ამ შემთხვევაში, ესეც უნდა გადამემოწმებინა და გულწრფელად გეტყვით, რომ ვეცადე კიდეც, მაგრამ ამ ქალბატონის მხოლოდ ორი საკონტაქტო არსებობდა და არცერთზე პასუხი არ იყო. მეტი სად გადავამოწმებდი 25 წლის წინანდელ ამბავს, რომლის არქივი ფიზიკურად არ არსებობს. ორი თვე, რასაც ჰქვია, „მივაკვდი“ თემას, ყველაფერი ვცადე, მაგრამ ბოლოს მაინც მკვდრად გამოვაცხადე ცოცხალი ადამიანი (იცინის). სიმართლე რომ გავიგე, ცუდად გავხდი. აღარ ვიცოდი, ბოდიში როგორ მომეხადა. თვითონაც მიხვდა, როგორ ვინერვიულე და აქეთ მამშვიდებდა. სასურველია ასეთი რამეები არ მოხდეს, მაგრამ სამწუხაროდ, ხდება. რამდენადაც შესაძლებელი იყო გადავამოწმე, მაგრამ ჩემი შეცდომა ის იყო, რომ მისი გარდაცვლილად გამოცხადების პასუხისმგებლობა ჩემს თავზე არ უნდა ამეღო. შეიძლებოდა, ისე მეთქვა, რომ ასე ცალსახა არ ყოფილიყო… მოკლედ, შეცდომა დავუშვი, თუმცა მერე მე და „მიცვალებულმა“ ამაზე ბევრი ვიცინეთ (იცინის).
– ისეთი შემთხვევა არ ყოფილა, როცა ადრესატი აგრესიულად შეხვედრია თქვენ მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას?
– სხვათა შორის, არა, მიუხედავად იმისა, რომ უმძიმეს თემებზე მაქვს ნამუშევარი. ერთადერთხელ, როცა „პირველ არხზე“ ვმუშაობდი, ჯარისკაცების შესახებ რაღაც არასასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა და პრობლემა შეექმნათ. საჯარისო ნაწილში მივედი და ჯარისკაცებმა იმ ადამიანების სახელები და გვარები ჩამოთვალეს, ვისაც ეს პრობლემა ეხებოდა. ამ ისტორიას რომ გიყვებით, ახლაც ძალიან მერიდება. აბსოლუტურად უსაფუძვლოდ აღმოვჩნდი შუაში. ამ სიუჟეტში მე არ მიხსენებია იმ ადამიანების სახელები და გვარები, ვისაც ეს პრობლემა ეხებოდათ, მაგრამ ვისთანაც ინტერვიუ ჩავწერე, ისინი ამბობდნენ. მერე ერთ-ერთი ოჯახი მიჩიოდა, თქვენ რომ სახელები და გვარები გააჟღერეთ რეპორტაჟში, ვიღაც ცუდად გახდაო. მესმის, ახლობლებისთვის რთულია ეკრანიდან არასასიამოვნო ინფორმაციის მოსმენა. ერთ-ერთი ოჯახი ძალიან დიდი აგრესიით მირეკავდა, სასამართლოში აპირებდნენ დავას, მაგრამ შემდეგ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. წლების შემდეგ, ალბათ, ათი წელი იქნებოდა გასული, გოგონამ მომწერა, ერთ-ერთის შვილი ყოფილა და ახსოვდა, როგორ განიცადეს მის ოჯახში ჩემი რეპორტაჟი. შევამჩნიე, რომ მათი ოჯახის მტრად აღმიქვამდა. რომ ავუხსენი, როგორ იყო ყველაფერი, მგონია, რომ დამოკიდებულება შეეცვალა, სოციალურ ქსელშიც დამიმატა, ერთი-ორჯერ დღესასწაულიც მომილოცა. თუმცა რეალურად, აქ ჩემი ბრალი არაფერი იყო, ახლა მე რომ თქვენ რაღაც გითხრათ და ჩემი სიტყვების გამო, ვინმემ თქვენ გიჩივლოთ, ხომ არ იქნება სწორი?!
– „გრიფით საიდუმლო“ გამორჩეული გადაცემა იყო და ალბათ, მასზე მუშაობასაც ბევრი განსაკუთრებული ისტორია ახლდა.
– „გრიფით საიდუმლო“ ურთულესი სამუშაო იყო. დღემდე იხსენებენ და ამ გადაცემის გამო მადლობაც არაერთხელ მომისმენია, ინტერესს ახლაც გამოთქვამენ და ბევრ კითხვასაც მისვამენ, მაგრამ ერთია რასაც მაყურებელი ეკრანზე ხედავდა და მეორე – ამ თემებზე მუშაობის პროცესი, რაც ძალიან რთული იყო. წარმოიდგინეთ, ერთ-ერთ რეგიონში ოჯახში ვიყავი მისული და ვწერდი ინტერვიუს შვილთან, რომლის მამაც თავის დროზე გადაასახლეს და ის სახლში აღარ დაბრუნებულა. ვსხედვართ, მისი ოჯახის ურთულეს ისტორიას ვაყოლებ და ამ დროს, მე ვიცი, ვისი ბრალიც იყო მამამისის გადასახლება და ისიც ვიცი, რომ მისი ოჯახი ორი სახლის მოშორებით ცხოვრობს, მაგრამ ამ ოჯახმა ეს არ იცის. ეს ძალიან დიდი ტვირთი იყო. ადამიანი მამის ტრაგიკულ ისტორიას გიყვება, ტირის, მოთქვამს და ამ დროს შენ იცი, რომ ამის მიზეზი ვინც იყო, მისი შთამომავლები მეზობლად ცხოვრობენ და შეიძლება, არაჩვეულებრივი ურთიერთობაც აკავშირებთ, შვილებმა და შვილიშვილებმა რა დააშავეს?! მოკლედ, არაერთხელ მომიხდა ურთულესი საიდუმლოს შენახვა.
– გადაცემაში ძალიან მისტიკური და ბურუსით მოცული მასონების თემის გაშლის საშუალებაც გქონდათ, მაგრამ სანაცვლოდ მათ განსაკუთრებული პირობები მოუთხოვიათ…
– სხვათა შორის, ამ გადაცემაში ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი მოვყევი და მისი ეთერში გასვლის შემდეგ, ყველა ერთსა და იმას მეკითხებოდა: მართლა თვალები აგიხვიეს, მართლა არავინ გინახავსო? (იცინის) ვერ გეტყვით, რომ მე არ მქონდა მათი ნახვის ინტერესი. სხვათა შორის, ჩაწერა რომ დავასრულეთ, მკითხეს, როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ ჩვენზეო. რესპონდენტები ნაჭრის ფარდის მიღმა ჩავწერე, ადამიანების სახეები არ მინახავს და პირდაპირ ვუთხარი, აქ რომ მოგყავდით, მეგონა, კატებს დავკლავდით და შევჭამდით, ამას თქვენც ხელს უწყობთ თქვენი ბურუსით მოცული გარემოთი-მეთქი.
– მართლა როგორი იყო შთაბეჭდილება?
– სასწაული. სამი-ოთხი ადამიანი ჩავწერე და მე მსგავსი ინტელექტის ადამიანები იშვიათად შემხვედრიან. მარტო ერთ სფეროში კი არ აქვთ განათლება, ძალიან ბევრ სფეროს იცნობენ ღრმად, უამრავი ქველმოქმედება აქვთ გაკეთებული. ასეთი გადაღება არასდროს მქონია. სხვათა შორის, გადაცემის დაგეგემის დროს, ბევრი მეუბნებოდა, შორიდან მაინც გადაიღე ან უკან მანქანა გაიყოლე და ჩუმად გადაიღეო. ერთი წუთით არ მიფიქრია მსგავს რამეზე, რადგან მე მათ პირობა მივეცი, რომ არ მეცოდინებოდა, სად ვიყავი და ვის ვესაუბრებოდი. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ინტერესი დიდი მქონდა, სხვანაირად ვერ მოვიქცეოდი. გამაფრთხილეს, სად უნდა დავხვედროდი. მანქანა სიბნელეში მოვიდა, ჩავსხედით, წინ მჯდომმა მამაკაცმა ნაჭერი მოგვაწოდა და ჩვენ თვალები პატიოსნად ავიხვიეთ. ერთადერთი, რაც გავაკეთე, გზას ვაკვირდებოდი, მაგრამ მერე ქვაფენილებზე გადავიდნენ და კვალი დამეკარგა. შემაღლებულ ადგილას მიმიყვანეს, სავარაუდოდ, საბურთალოს ტერიტორიაზე და სარდაფში ჩამიყვანეს. იქ იყო მოწყობილი სარიტუალო დარბაზი. ეს ადამიანები „ფეისბუქ“ პროფილიდან თავის ინიციატივით დამიკავშირდნენ. ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული გადაცემა გამოვიდა და თვითონაც მომწერეს მადლობა, რამდენიმე დღეში ეს გვერდი წაშალეს ან მე ამომშალეს მეგობრებიდან, თუმცა, ეს გვერდი კონკრეტულ პიროვნებას არც ეკუთვნოდა, ყველაფრისგან თავისუფალი გვერდი იყო, არც ფოტო და არც სხვა სახის ინფორმაცია არ ჰქონდათ გამოქვეყნებული. თუმცა, ძალიან საინტერესო და ერთ-ერთი გამორჩეული ინტერვიუ იყო, ამიტომ ნამდვილად ღირდა.