უკრაინელი ფოტოგრაფი მარინა კარპი უკვე 10 წელია საქართველოში ცხოვრობს. ის ჯგუფ „მგზავრების“ სოლისტის, გიგი დედალამაზიშვილის მეუღლეა. წყვილს ორი შვილი ჰყავს.
მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო, მარინა კარპი აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა ჰუმანიტარულ პროექტში. რამდენიმე დღის წინ მისი ინიციატივით მოეწყო სივრცე, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია ჩაერთოს კამპანიაში, გადაიღოს შავ-თეთრი ფოტო და სიმბოლური თანხით დაეხმაროს ომის დროს დაზარალებულ ადამიანებს უკრაინაში. ამის შესახებ მარინა კარპიმ „ახალი დღის“ ეთერში ისაუბრა:
„არასდროს ასე არ ვყოფილვარ. ამ ინფორმაციას ვეღარ ვკითხულობ. არ შემიძლია,
გული ისე მტკივა და ისე ცუდად ვარ… მხოლოდ ოჯახის წევრებთან ვლაპარაკობ. ყველა უკრაინელმა იცის, რომ ქართველი ხალხი მათ გვერდითაა. უკრაინის ამდენი დროშა არასდროს მინახავს. ჩემი ორი ქვეყანა, უკრაინა და საქართველო, ერთად არის. საქართველომ ყველაზე კარგად იცის ეს ტკივილი, რასაც ახლა გრძნობს უკრაინელი ხალხი. ამიტომ მოვიფიქრეთ, რომ დავანახოთ უკრაინელ ხალხს ქართული თვალები. თვალები უფრო მეტს გვეუბნება, ვიდრე ბევრი სიტყვა. მინდოდა, შავ-თეთრი ფოტოები ყოფილიყო. ახლა ჩემთვის ფერები არ არსებობს – მხოლოდ თეთრია და შავი…“- თქვა მარინა კარპიმ.