ახალგაზრდა, წითელთმიანი, ცეცხლოვანი მოცეკვავე ანი ჯავახი თბილისში, თავის სტუდიაში, 500 გოგონას ასწავლის ჰიპ-ჰოპს. თვითონ კი ცეკვა 4 წლის ასაკიდან დაიწყო. საქართველოში ერთ-ერთი პირველი იყო გოგონებში, ვინც პროფესიულ დონეზე აიყვანა ეს ცეკვა. ყველა სატელევიზიო პროექტში აქვს მონაწილეობა მიღებული, ამავე დროს ხშირად მიემგზავრებოდა საზღვარგარეთ, პროფესიულად რომ გაზრდილიყო. რაღაც პერიოდი ამერიკელი პოპვარსკვალავის, ბიონსეს, ქორეოგრაფის თანაშემწეც იყო.
წლევანდელ ,,ნიჭიერში” მისი მოსწავლე, ქართველი ფერადკანიანი ანასტასია ჟოუ მონაწილეობდა, რომელმაც ჟიური აღაფრთოვანა და ნახევარფინალში მოხვდა. იქ კი ჟოუსთან ერთად ანი ჯავახის ყველაზე ნიჭიერმა გოგონებმაც იცეკვეს. ფერადი, ცეცხლოვანი შოუ ძალიან შთამბეჭდავი გახლდათ. ანი ჯავახი ,,სარკესთან” საუბრობს:
-ჰიპ-ჰოპი არ არის დადგენილი მოძრაობებისგან დადგმული ცეკვა, არ არსებობს აუცილებლობა, რომ ფეხი მაინცდამაინც თავზე შემოიდო ან ხელის მოძრაობა იყოს ერთი და იგივე. ჰიპ-ჰოპი გაძლევს დიდ თავისუფლებას შენი ემოციის გამოსახატავად.
– გაქვთ თქვენი ინსტაგრამგვერდი, ხართ ძალიან აქტიური, როგორ იყენებთ პოპულარობას?
– ჩემს გვერდს 300 ათასი გამომწერი ჰყავს, ეს საკმაოდ სერიოზული რიცხვია. ასე რომ, საქმიანი და კომერციული შემოთავაზებები ხშირად მაქვს. ვცდილობ, ქართველებთან ნაკლებად ვითანამშრომლო, არა იმიტომ, რომ არ მინდა ქართული ბიზნესის რეკლამირება, არა, უბრალოდ, ქართველი შემკვეთები ხშირად არღვევენ პირობებს, დათქმულ ვადებს, შეთანხმებულ თანხას არ გიხდიან ბოლომდე და ძნელია მათთან მუშაობა.
– დიდი ხანი არ არის, რაც გათხოვდით, მომიყევით თქვენი სიყვარულის ამბავი.
– რატი ჩემს უახლოეს მეგობართან გავიცანი, პანდემია ახალი დაწყებული იყო. სამი თვე გაგრძელდა ჩვენი შეხვედრები, ზუსტად სამი თვე მქონდა თავისუფალი, როცა არაფერს ვაკეთებდი და ეს სიცარიელე ჩვენმა სიყვარულმა ამოავსო და გააფერადა.
– ოჯახური ცხოვრება როგორი გამოდგა?
– უკეთესი. მარტო ვცხოვრობთ, ერთნაირი გემოვნება გვაქვს, ერთნაირი ინტერესები. ძალიან ბევრი მცენარე გვაქვს სახლში, მათი მოვლა რატის უკეთესად გამოსდის. ორივეს გვიყვარს ცხოველები, მყავს კატები, თევზები. დიასახლისობა მიყვარს – საჭმელების კეთება, სახლის დალაგება. მეუღლეც ძალიან მეხმარება. რატი მეგრელია, მე – ქართლელი, მაგრამ მგონი, მეგრელებზე სწრაფი ვარ. სწრაფად შემიძლია საქმის კეთება და საჭმლის მომზადება.
– მომავლის გეგმებზე რას იტყვით?
– რაც თავი მახსოვს, სულ ვცეკვავ, ვსწავლობ და ვშრომობ. მე არ მქონია ბევრი დრო გასართობად, არ მივლია სტუდენტურ ზეიმებზე, მოგზაურობებში, მაგრამ გული არ მწყდება, რადგან უზომოდ რაც მიყვარს, იმ საქმით ვარ დაკავებული.
ფუფუნებაში არ გავზრდილვარ, ვიცი შრომის ფასი. მინდა, ჩემი შრომით ჩემს მეუღლესთან ერთად ბედნიერი და უზრუნველი ცხოვრება შევქმნა.