სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი, შორენა მეუნარგია სოციალურ ქსელში გაგრაში რუსი ოკუპანტების მიერ ჩადენილი კიდევ ერთი სისასტიკის შესახებ წერს:
“ერთ გაგრელ გოგოზე მინდა მოგიყვეთ… მწვანეთვალება გოგოზე. სახელიც ასეთი ჰქონდა – ცისია, ცისიკო, ცისო. ჩვენს ცისიკოზე… ტკივილზე, რომელიც არასდროს განელდება…
ეს დღეები ძალიან ბევრჯერ შემხვდა მისი სახელი გაგრაში დახოცილ სიებში და არ მინდა ის მხოლოდ იმ საზარელი მშრალი წინადადებით დაგამახსოვრდეთ… 26 წლის იყო მაშინ, 30-ის არა… მისი ძალიან ცოტა ფოტო შემოგვრჩა ოჯახს, ეს ჩემი ყველაზე საყვარელი ფოტოა… აქ 16 წლისაა, მე (ის უშნო “პალესტინელი “ბავშვი) 6-ის. უკან ბებიაჩემის ხელით არის თარიღი მიწერილი. ძალიან ლამაზი მეჩვენებოდა მაშინ, ცისიკოზე ლამაზი თუ ვინმე იყო არ მეგონა. სულ ასე დამათრევდა გაგრის ქუჩებში. სიგიჟემდე უყვარდა გაგრა და გაგრელებსაც ძალიან უყვარდათ. სადაც არ უნდა ვყოფილიყავით, მის ირგვლივ სულ ხალხი ჩნდებოდა, მეგობრები, მეზობლები, ნათესავები… შეეძლო საათობით ებოდიალა ძველ გაგრაში და თან სულ რაღაცას ჰყვებოდა. წლების შემდეგ მივხვდი, როცა უკვე აღარც ცისიკო იყო და აღარც გაგრა, რომ მეც სიგიჟემდე შემაყვარა ეს პატარა ქალაქი. ისე, რომ ვერაფრით ვშლი გულიდან და გონებიდან… “გაგრიფშის” კიბეებს, რომ ავრბოდით ხოლმე, ასე ამბობდა: “მე ოლდენბურგის პრინცესა ვარო და ეს ჩემი სასახლეაო“, მე ისედაც პრინცესა მეგონა ყოველთვის. ლექსებს წერდა, 2 დიდი რვეული ჰქონდა, თითქმის ყველა ლექსი გაგრაზე იყო… ის რვეულებიც აღარ დარჩა, არადა ვიცი სადაც ინახავდა ხოლმე. რომ შემიძლოს მხოლოდ იმ რვეულებს გამოვიტანდი იმ საზარელი სახლიდან, სხვას არაფერს…
იმ ღამეს სასწრაფოზე მორიგე იყო თურმე, დაჭრილები გადაჰყავდაო ადლერში… სასწრაფოს მძღოლს უთქვამს, მორჩა, გავდივართ, ვტოვებთ ქალაქსო. მე გაგრას და ჩემს მშობლებს არ დავტოვებო. მანქანიდან ჩამომიხტა და ფეხით გაიქცა სახლისკენო. სახლში კი უკვე “სტუმრები” ელოდნენ… დედამისი, მამამისი და კიდევ 3-4 ადამიანი, მეზობელი და ოჯახის მეგობრები ავტომატის ჯერით იყვნენ დახვრეტილებიო, ცისიკო ცალკე იყოო საძინებელში, 1 ტყვია ჰქონდაო შუბლში მოხვედრილი… დანარჩენი ვერ გაბედა და ვერ გვითხრა იმ ადამიანმა, რომელმაც პირველმა ნახა ეს საშინელება და ჩუმად დამარხა ცხედრები. არც ჩვენ გვინდოდა “დანარჩენის” მოსმენა. მარტო ეს თქვა: “ცისიკოს კივილი დღესაც ისმისო გაგრაში“.... – წერს მეუნარგია.