ზაზა ფაჩულიას დედა: „13 წლის ასაკში მამის გარდაცვალებამ ზაზას დაკაცების პროცესი უფრო დააჩქარა…“

„დღის პოსტს“ შვილის წარმატებების შესახებ სასაუბროდ ცნობილი კალათბურთელის, ზაზა ფაჩულიას დედა, მარინა კოდუა ესტუმრა. ზაზა ფაჩულიას 13 წლის ასაკში გარდაეცვალა მამა და მარინა კოდუამ ვაჟი მარტო გაზარდა.

მარინა კოდუა: 

„რთული არ არის, მაგრამ საპასუხისმგებლო არის ნამდვილად. ყველა მცნობს სიმაღლით – რომ აუცილებლად კალათბურთელის დედა ვიქნები. თვითონ ამბობს, მამას ვგავარო, მაგრამ მე მგავს ზაზა ფაჩულია. თავისთავად, არის შეზღუდვები, მაგრამ ეს სასიამოვნოა. ყველაზე რთული იყო, როდესაც მეუღლე დავკარგე. ზაზას 13 წლის ასაკში უკვე ჰქონდა ხელფასი. კაცი ეგონა თავისი თავი, შეიძლება ეს ცუდი ნათქვამია, ზრდასრული ეგონა. მეუღლე არ მყავდა და ქართული პასუხისმგებლობა ჰქონდა. ხომ ყველაფერი იციან ამ ასაკში ბიჭებმა… ბიჭები ამ ასაკში კაცობენ. მამის გარდაცვალებამ კიდევ უფრო დააჩქარა ეს პროცესი. მაშინ ჩვენ უკვე თურქეთში ვცხოვრობდით. როდესაც საქართველოში ხარ, უფრო მარტივია ცხოვრება, დაურეკავ მეზობელს, მეგობარს, ნათესავს. ჩვენ თურქეთში იმიტომ გადავედით, რომ ზაზა წავიდა იქ სათამაშოდ…

როცა ამ გადაცემას ნახავს, ალბათ, გაუკვირდება, რადგან შვილს არ ვაქებ ხოლმე, მაგრამ ძალიან გონიერია და კარგად სწავლობდა. დემირელის სკოლაში ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე იყო. არ მინდოდა კალათბურთისკენ წასულიყო, ვაღიარებ ცოდვას, თავად ვიყავი კალათბურთელი და ვიცოდი, რა შრომას უკავშირდებოდა ეს. ერთი შვილი ძნელია ასეთი შრომისთვის გაიმეტო, მაგრამ თვითონ ბავშვი გკარნახობს, რა უნდა. გავუწიე წინააღმდეგობა, ყველა სპორტზე მივიყვანე კალათბურთის გარდა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ უნდოდა. მეტი გზა არ მქონდა და მივიყვანე კალათბურთზე. საშინელი გულშემატკივარი ვიყავი მისი…“