16 წლის წინ ჯემალ ბაღაშვილმა საკონცერტო პროგრამა “იუმორინას” მიმდინარეობის დროს საზოგადოებას წარუდგინა მხიარული, ენამოსწრებული და, რაც მთავარია, ვირტუოზი გიტარისტი ხვიჩა მაღლაკელიძე, რომელიც შემდგომში ,,იუმორინას” მუდმივი წევრი გახდა თავის მეგობარ “ქუჩის მუსიკოსებთან” ერთად.
ხვიჩა მაღლაკელიძე ბათუმში დაიბადა. გიტარა მისი განუყრელი მეგობარი იყო. მასავით მუსიკაზე უზომოდ შეყვარებულ ბიჭებთან ერთად ჯგუფი შექმნა, რომელიც საკმაოდ პოპულარული იყო, კონცერტებსაც მართავდნენ, არც ქორწილსა და დაბადების დღეებზე დაკვრას უკადრისობდნენ. ნიჭიერი მუსიკოსი შეუმჩნეველი არ დარჩა ტალანტების აღმოჩენაში დახელოვნებულ რობერტ ბარძიმაშვილს და თავის ანსამბლ ,,ლახტში” აიყვანა გიტარის პედაგოგად.
სიყვარული როცა ეწვია, გულისსწორის მოხიბვლაშიც განუყრელი გიტარა დაეხმარა. მას შემდეგ 23 წელი გავიდა, დღემდე ერთგულად ეწევიან ოჯახის უღელს და ორი ბიჭიც გაზარდეს.
მუსიკოსი ხვიჩა მაღლაკელიძე ,,სარკის” მკითხველებს თავისი ცხოვრების ამბავს იუმორით და ჩვეული ხალისით უყვება:
– ვუთხარი, ნიჭი გაქვს, გიტარაზე დაკვრა აუცილებლად უნდა ისწავლო-მეთქი. უარს როგორ იტყოდა?! მერე ვუმღეროდი, მივაცილებდი, მოვაცილებდი. უბედნიერესი დრო იყო, სიყვარულიც სხვანაირი იყო, ძალიან ხალასი, გამჭვირვალე. მეგობრები, მეზობლები რომ გაიგებდნენ, გოგო გიყვარდა, გადაუჩურჩულებდნენ ერთმანეთს შენს დანახვაზე. შენ გაწითლდებოდი, გულში გიხაროდა, გეამაყებოდა, რომ შეყვარებული იყავი, რომ საუკეთესო გოგო ამოარჩიე. ხელის მოკიდებას როგორ გავუბედავდი, თვალებს თუ ავუჟუჟუნებდი და ეს იყო. აბა, ახლა გაიცნობენ გოგოს, დაპატიჟებენ სახინკლეში და მერე ხახვიანი და ხინკლიანი ტუჩებით კოცნიან ერთმანეთს.
– 23 წლის ოჯახი გაქვთ. როგორ მოხვედით დღემდე?
– ერთმანეთის ნდობით და სიყვარულით. მას, პირველ რიგში, მე ვუყვარვარ, მაგრამ დიდ პატივს სცემს ჩემს პროფესიას. სიყვარული საძირკველია, მთავარი კი ნდობა იყო. მე ხშირად მივდივარ სახლიდან ერთი კვირით, ერთი თვით, მას უხდება ოჯახის გაძღოლა, შვილების მოვლა. რომ არ გენდობოდეს, გაუჭირდება, დაიტანჯება. შენც უნდა უერთგულო, მოეფერო, გვერდით დაუდგე.
ამდენ წელს ისე როგორ გაივლი, ცოტა არ იჩხუბო, არ გაიბუტო, მაგრამ მაშინ ვიხსენებთ, როგორი საყვარლები ვიყავით, როცა ურთიერთობა დავიწყეთ და წყენა გადის. ასე ვიარეთ 23 წელი სიყვარულით და პატივისცემით.