უნიჭიერესი და ულამაზესი მომღერლის – რუსუდან მუმლაძის ცხოვრება, მას შემდეგ, რაც მან საკუთარ სიყვარულზე ხმამაღლა საუბარი გადაწყვიტა, განსჯის საგანი გახდა. მოგეხსენებათ, მას უკვე ათი წელია, ოჯახი აქვს მუსიკოს ზურა ლალიაშვილთან, რომელიც მარინა ბერიძის ყოფილი მეუღლეა. ქალბატონმა რუსუდანმა ჩვენთან ჩვეული გულწრფელობით ისაუბრა ამ ურთიერთობის შესახებ, თუმცა არა მხოლოდ – მას საინტერესო შემოქმედებითი გზა აქვს გავლილი, რომელსაც ჩვენს მკითხველს უზიარებს.
ჩემი მშობლების წყალობით, ბავშვობიდან ვტრიალებდი გამოჩენილი და წარმატებული ადამიანების გარემოცვაში, რომლებიც ჩვენს ოჯახში იკრიბებოდნენ. მამა, გივი მუმლაძე ცნობილი ფეხბურთელი იყო. ჩემი ცხოვრებისეული და შემოქმედებითი გზა უკავშირდებოდა კომპოზიტორ ეთერ ჭელიძეს, მუსიკათმცოდნე ევგენი მაჭავარიანს, კომპოზიტორ ბიძინა კვერნაძეს, სულხან ნასიძეს და სხვა არა ერთ გამოჩენილი ხელოვანს.
– რა წვლილი მიუძღვის პატრიარქს ამ პროცესში? როგორ შეხვდით მას და როგორი იყო მისი შეფასებები?
– 5 წლის ასაკიდან ჩემთვის ყველაზე მადლიანი წლები დაიწყო. სრულიად შემთხვევით მეუფე თადეოზმა პატრიარქს შემახვედრა. მან მკითხა: ხომ არ წავუკითხავდი ლექსს, მე კი ვუმღერე. პატრიარქმა დედაჩემს სთხოვა, ჩემთვის საგალობლები ესწავლებინა და კვირაობით ტაძარში მეგალობა. იმ დღიდან, მისი ლოცვა-კურთხევით, ქადაგების შემდეგ, ტაძრის ამბიონზე ვგალობდი. შობის დღესასწაულზე პატრიარქმა სახალხოდ თქვა: „რუსიკო ბეთლემიდან მოფრენილი ანგელოზია“. ჩემთვის დღემდე დაუვიწყარია ის შეგრძნება. უწმიდესთან დღემდე ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს. მას ხშირად ვსტუმრობთ. მისი სითბო და მადლი მთელი ცხოვრება გამყვება.
– ოჯახის შექმნასა და დედობასთან ერთადაც ახერხებდით შემოქმედებითად აქტიურობას?
– გარკვეული პერიოდი არც თუ ისე ხშირად ვჩანდი, რაც არაერთმა ფაქტორმა გამოიწვია. 90-იანი წლები იდგა. დავოჯახდი და შვილი მყავდა გასაზრდელი. თან, კონსერვატორიაში ვსწავლობდი. მოგვიანებით, სიტუაცია შეიცვალა. მოხდა ისე, რომ საკუთარ თავზე ბევრი პასუხისმგებლობის აღება მომიწია. განებივრებული ბავშვობის შემდეგ ეს ნამდვილად არ იყო ჩემთვის ადვილი. უსამართლობის შეგრძნება ხშირად მქონია, მაგრამ შევძელი, სირთულეები გადამელახა. რაც მთავარია, ღვთის წყალობას ყოველთვის ვგრძნობდი.
– ოჯახის დანგრევა რთულია ადამიანისთვის, ეს პერიოდი როგორ გამოიარეთ და შვილამდე ეს ამბავი როგორ მიიტანეთ?
– რასაკვირველია, რთულია. მით უმეტეს, 25 წლის ასაკში. ქმარს რომ გავცილდი, ჩემი შვილი, კაკი, 7 წლის იყო, შემდეგ მამა გარდამეცვალა და ოჯახური პასუხისმგებლობის აღება მომიწია – დედის და შვილის პატრონი ვიყავი. მოგეხსენებათ, როგორი რთულია ბიჭის გაზრდა. ამაში ჩემი მებრძოლი ხასიათი დამეხმარა, სულ ვაკონტროლებდი, არც ერთი დეტალი არ გამომრჩენოდა. ძალიან ვამაყობ, რომ, ღვთის წყალობით, ჩემი შვილი ჭკვიან და საღად მოაზროვნე ახალგაზრდად ჩამოყალიბდა.
– როდის გამოჩნდა თქვენს ცხოვრებაში ადამიანი, ვისთანაც ახლა ოჯახი გაქვთ, როგორია თქვენი სიყვარულის რომანტიკული ამბავი?
– გამოჩნდა მაშინ, როდესაც ღმერთის ნება იყო! არ მომბეზრდება იმის გამეორება, რომ ზურა ლალიაშვილი უნიჭიერესი მუსიკოსი, შემოქმედი და დამსახურებული ადამიანია. მისი მოღვაწეობა ლეგენდარულ ანსამბლ „ივერიას“ უკავშირდება. ასევე, ხმის ჩამწერ სტუდიაში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. ბრწყინვალე სიმღერების არანჟირებების ავტორია. ეს იცის მთელმა ქვეყანამ. ამასთანავე, დახვეწილი ინტელიგენტია. კეთილშობილი,
– როცა თქვენს სიყვარულზე ხმამაღლა ისაუბრეთ, თქვენი მისამართით უარყოფითი ტალღა წამოვიდა, როგორ გაუმკლავდით? როგორ ფიქრობთ, რამდენად სამართლიანი იყო ეს ყველაფერი?
– არის ასეთი გამოთქმა: „ენას ძვალი არა აქვს“, ამიტომ მითქმა-მოთქმას ჩვენ ყურადღებას არ ვაქცევთ და არც გვაღელვებს. ასე რომ, ავი თვალი ვერას დაგვაკლებს! პირად თემებზე ათი წლის შემდეგ პირველად ვისაუბრე საჯაროდ. ამას წინაპირობა ჰქონდა. ამ წლების განმავლობაში, კულუარებში მოტრიალე ჭორ-მართალმა, ასევე, ინტერვიუებიდან და ტელევიზიიდან გვესმოდა (გვარს და სახელს არ დავასახელებ, მიხვდებით ვისგანაც) რომ მე ცუდი ქალი ვარ, უნიჭო მომღერალი და მუსიკოსი ხომ ვარ და ვარ და ასე შემდეგ. ამაზე მაშინ ღმერთსაც კი გაეცინა და მგონი, მთქმელსაც. ნუ, მერე კი „გავხდი“ ახალგაზრდა და ლამაზი, მაგრამ… მგონია, რომ ეს სხვისი იდეით იყო ნათქვამი (იცინის). არ შეიძლება, სულ ერთმა მხარემ ისაუბროს. ამიტომ, როცა მკითხეს, მეც ღიად და გულწრფელად ვთქვი სათქმელი, თუმცა საკმაოდ მოზომილად და კორექტულად. რა ვქნა, თუ მავანთ სიმართლე გულზე მოხვდათ?! მე ჩემი მრწამსი მაქვს: ურთიერთობას გაფრთხილება, შენარჩუნება და მუდამ საზრდოობა სჭირდება. მხოლოდ წლები არ არის მთავარი, ხარისხია მნიშვნელოვანი. შეიძლება, 10 წელი იცხოვრო და უბედნიერესად და სავსედ გრძნობდე თავს და იცხოვრო 50 წელი და ნახევრად ბედნიერი იყო. ეს ფრაზა, ახლახან ერთ-ერთ გადაცემაშიც ვთქვი და ისევ ისინი აყაყანდნენ, ვისაც სიმართლე გულზე მოხვდათ. რა ვქნა, ასეთი ვარ. სათქმელს ყოველთვის ღიად და გულწრფელად ვამბობ. რადგან სიტყვამ მოიტანა, ვიტყვი: ზურა ლალიაშვილი ის ადამიანია, რომელსაც ძალიან დიდი მოთმინების უნარი აქვს. არც პატარა ბიჭია, რომ ვინმემ რამეზე მიუთითოს, მით უმეტეს, იმაზე, რაც მის პირად ცხოვრებას ეხება. მიუხედავად მისი ხასიათის დადებითი შტრიხებისა, მის ღირსებას არ უნდა შეეხო, რადგან ამ დროს უკომპრომისო ხდება და უკან აღარ იხევს. ხელოვანებს პარტნიორის მხრიდან ყურადღება და აღიარება უყვართ. მე კი ვცდილობ, ეს ყველაფერი გავითვალისწინო. გადაწყვეტილებებს რთულად იღებს, მაგრამ თუ რაიმე გადაწყვიტა, ეს დიდი ფიქრისა და განსჯის შედეგი იქნება. თუ გადაწყვიტა, მერე კომპრომისზე აღარ მიდის. ვერც ვერაფერს დააძალებ, ჯიუტი „კუროა“, თუ არ უნდა, არ გააკეთებს. გამორიცხულია, მას ვინმემ რამე დააძალოს, თუნდაც ეს მე ვიყო. ასე რომ, არამკითხე მოამბეებმა, სხვისი პირადი ცხოვრების განსჯას, სჯობს, საკუთარ ცხოვრებას მიხედონ! როგორც იტყვიან, მედალს ორი მხარე აქვს. პარალელურად, ჩვენთვის სრულიად უცხო ადამიანებმა დიდი მხარდაჭერაც გამოგვიცხადეს. პირადად მივიღე უამრავი წერილი და თბილი სიტყვა, როგორც ხელოვანმა და პიროვნებამ. ბევრი ჩემმა პირდაპირობამ, გულწრფელობამ მოხიბლა და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ხალხი გადასარევად არჩევს თეთრსა და შავს, ნიჭიერსა და უნიჭოს, ნაღდსა და ყალბს. ზოგადად, ძლიერი და მიზანდასახული ადამიანი ვარ. ძნელია ჩემი დაღლა. არც ჩემი გულისტკენაა ადვილი. შეურაცხყოფას მაშინვე ვუპასუხებ, თანაც საკმაოდ მწარედ. გულში ჩადება და ტირილი მე არ მჩვევია. შემიძლია, ერთი წინადადებითაც მოვსვა ადგილზე. ცინიკურ ხალხთან, რომელიც სხვას დასცინის, შეუვალი ვარ. ირგვლივ ათასი რამ ხდება, მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ ოდესმე, სხვისი პირადი ცხოვრებით დავინტერესებულვარ და განსჯის საგანი გამიხდია. არც პოსტები მიმიწერია სოციალურ ქსელში პირად გვერდზე, როგორც რამდენიმემ მაშინ მოგვიძღვნა. ვინც ეს იკადრა, ზუსტადაც მათ გარემოცვაში, ვიღაცას ოცი წლით უფროსი ქმარი ან ცოლი ჰყავს, ვიღაცამ შვილი გააჩინა ცოლშვილიანი კაცისგან, ვიღაც უახლოესი მეგობრის ქმარს, რომელსაც სამი შვილი ჰყავს, ცოლად გაჰყვა. ვთვლი, რომ ეს ჩემი განსასჯელი არ არის!
– ახლა თითქოს ყველა გამადიდებელი შუშით გაკვირდებათ. რთულია ასე ცხოვრება?
– ფრთიანი ანგელოზი არც მე ვარ. რასაკვირველია, მე ჩემი მინუსები მაქვს. გამოცდილებამ მაჩვენა, რომ ცხოვრება ბრძოლაა. გულხელდაკრეფილი არ დავრჩები, თავს დავიცავ, მაგრამ უსამართლოდ არავის დავჩაგრავ, ეს გამორიცხულია! ამასთანავე, ვცდილობ, შინ და გარეთ დავამყარო ნაღდი და არა ყალბი, ანგარებით გათვლილი ურთიერთობები. ადამიანების მიმართ ვიყო ლოიალური და არა ცინიკური. სალმიანი და ღიმილიანი, მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, განურჩევლად მათი სოციალური და მატერიალური სტატუსისა. ეს არის ჩემი ძირითადი კრედო. მძულს სნობიზმი და ფარსი! გამომდინარე აქედან, ვისაც უნდა, ის დამაკვირდეს, თუნდაც კოსმოსიდან. მე ასეთი ვარ.
– როგორ გაფასებთ მეუღლე როგორც მუსიკოსს, კრიტიკულია?
– რომ მაფასებს, ამიტომაც ვართ ერთად (იცინის). ვის ვის და ზურა ლალიაშვილს ნამდვილად არ ეშლება ნიჭისა და პროფესიონალიზმის შეფასება. სხვათა შორის, არც მე მეშლება. თუ საჭიროა, არც პროფესიონალურ კრიტიკას ვერიდებით. ხშირად ვხუმრობ ხოლმე: ჩვენს სახლში მუსიკა უფრო ხშირად კეთდება, ვიდრე სადილი-მეთქი.
– როგორია თქვენი პროფესიული გეგმები?
– ძალიან საინტერესო! როგორც ამბობენ, პანდემია სრულდება და მალე შევძლებ გეგმების განხორციელებას. მიყვარს კონცერტები, რადგან როდესაც სცენაზე ვდგავარ და ცოცხლად ვმღერი, თავად ვიღებ უდიდეს სიამოვნებას. ამიტომ, ყოველთვის მირჩევნია ყველანაირი რესურსი კონცერტში ჩავდო, ვიდრე მუსიკალურ ვიდეოკლიპებში. ძალიან საინტერესო დუეტი იგეგმება ერთ-ერთ უნიჭიერეს, მაღალი რანგის მომღერალთან ერთად. ვფიქრობთ, წარმატებული ტანდემი იქნება.